„შეთანხმება პერსონალს არ ეხება, ამიტომ ამ კანონს ცესკოს თავმჯდომარესთან კავშირი არ აქვს“

„შეთანხმება პერსონალს არ ეხება, ამიტომ ამ კანონს ცესკოს თავმჯდომარესთან კავშირი არ აქვს“

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეთანხმება შედგა. რომ გვითხრათ, კონკრეტულად რა შეთანხმებაზეა საუბარი?

- ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ყველა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. პარასკევსა და შაბათს საკომიტეტო მოსმენებია დაგეგმილი. ერთიანი კანონპროექტი საბოლოო დასკვნისათვის, ასევე ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი და უკვე ეს ყველაფერი საკანონმდებლო პროცესშია გადასული.

რომ დავაზუსტოთ, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი არსებობდა - ერთი ხელისუფლების, ერთიც ოპოზიციის და ეს ორივე რეფორმა შეჯერდა?

- შეჯერება ერთი კანონპროექტის ირგვლივ მოხდა. ეს ის კანონპროექტია, რომელიც ინიცირებული ჩვენი მხრიდან იყო და შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების შემდეგ, კიდევ ის პრინციპები დაემატა, რომელიც ამ შეთანხმებაში იყო ჩადებული. აქედან გამომდინარე, ეს არის საერთო დოკუმენტი. რაც მთავარია, ეს ახალი საარჩევნო რეფორმა თვითმმართველობის არჩევნების დროს ამოქმედდება.

ვენეციის დასკვნა ცნობილი როდისთვის გახდება?

- სავარაუდოდ, დიდხანს არ გაიწელება და ახლო მომავალში ცნობილი გახდება.

შეთანხმების მიუხედავად, ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას საკითხს მაინც აქტიურად განიხილავს. ამ მხრივ მმართველი გუნდის პოზიცია რა არის?

- შეთანხმება პერსონალს არ ეხება, ამიტომ ამ კანონს ცესკოს თავმჯდომარესთან კავშირი არ აქვს. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმაც განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტშიც არ არის საუბარი ცესკოს თავმჯდომარეზე, თამარ ჟვანიაზეო. თამარ ჟვანია ახალი კანონის მიღებასთან რა კავშირშია?! ახალი კანონი თავის წესით განსაზღვრავს კომისიის დაკომპლექტებას და ა.შ. გამომდინარე აქედან, ეს სპეკულაციები თითიდან გამოწოვილია.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეები აირჩევიან თუ დაინიშნებიან?

- ახალი კანონით ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება. ერთი ოპოზიციის მხრიდან იქნება წარდგენილი, ერთიც პროფესიული ნიშნით იქნება დანიშნული. საუბნო კომისიებშიც ანალოგიურად მოხდება, როგორც ცენტრალურ კომისიაში იქნება.