„ოპოზიცია საგამოძიებო კომისიაში არ იღებს მონაწილეობას, რადგან იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“

„ოპოზიცია საგამოძიებო კომისიაში არ იღებს მონაწილეობას, რადგან იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“

საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა 13 მაისს გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აირჩიეს. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი კი „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი გახდა. კომისია პარლამენტის დადგენილებით 1-ელ აპრილს შეიქმნა. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების 3-თვიანი ვადა 17 მაისს ეწურებოდა, თუმცა მას ვადა პარლამენტმა ერთი თვით გაუხანგრძლივა.

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის წევრები საგამოძიებო კომისიაში აქტიურად მუშაობენ, ოპოზიციის წევრები კომისიაში მუშაობაზე უარს აცხადებენ.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიაში არ იღებს მონაწილეობას, რადგან იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

„არჩევნები რომ გაყალბებულიყო, მაშინ, რა თქმა უნდა, ოპოზიცია კომისიაში მუშაობაში მონაწილეობას მიიღებდა, მაგრამ თავადაც იციან, არჩევნები არ გაყალბებულა. ამ შემთხვევაში, მონაწილეობა რომ მიიღონ, უნდა თქვან: რასაც აქამდე ვიძახდით - არჩევნები გაყალბდაო - არ არის სწორი.

კომისია თუ მარტო ხელისუფლების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, ამ შემთხვევაში ოპოზიცია დაიცდის და კომისია რომ დადებს შედეგს, იტყვიან - არჩევნები გააყალბეს და ახლა შედეგებს აყალბებენო“, - განუცხადა რამაზ საყვარელიძემ for.ge-ს.

მისივე თქმით, ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების პირდაპირ ეთერში ხმების დათვლასაც გააპროტესტებს.

„რადიკალური ოპოზიციის ფანტაზიას თვალს ვერ მივადევნებ, მაგრამ შეუძლიათ თქვან, რომ კამერა იდგა იქ და არა აქ. შარს საიდანაც მოინდომებ, ადამიანს იქიდან მოსდებ. ოპოზიციას არ უნდა იმის გაკეთება, რაც ლოგიკიდან გამოდის. მათ უნდათ იმის გაკეთება, რომელიც ხელს შეუწყობს აჯანყებას.

ოპოზიციის ზოგიერთი წევრის განცხადებით, მანდატი არ ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო დეპუტატი ქუჩაში არ გამოვა და საპროტესტო აქციებს არ შეუერთდება. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პარლამენტში არიან, რევოლუციური სცენარი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა“, - გვითხრა ექსპერტმა.

საპარლამენტო ოპოზიციონერის, „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის არსს აზრი აღარ აქვს. როგორც მან for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, კომისია უახლოეს მომავალში დაიხურება.

„ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგა და საგამოძიებო კომისიას არსებობის აზრი აღარ გააჩნია. შეთანხმების შინაარსი თავისი არსით გამორიცხავს საგამოძიებო კომისიის არსებობას. თუ შევთანხმდით რაღაცაზე, ეს შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ თავიდან არ უნდა ვქექოთ ის, რაზეც შევთანხმდით. 31 ოქტომბერის არჩევნებს თავი უნდა დავანებოთ. ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი არ აიღოს. ამიტომ, კომისიის მუშაობას აზრი აღარ აქვს და უნდა დაიხუროს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საგამოძიებო კომისიის დახურვას გამორიცხავს, კომისიისა და მმართველი გუნდის წევრი ალუდა ღუდუშაური.

„რატომ უნდა დაიხუროს? საგამომძიებო კომისიის შექმნა იმაზე არ ყოფილა დამოკიდებული, ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდოდა თუ გავიდოდა. საგამოძიებო კომისია შეიქმნა 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. ამ კომისიას ხომ არ ჰქვია დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში შემოსვლის თაობაზე, ის არჩევნების შედეგების გამო შეიქმნა. ახლა გეგმა დავამტკიცეთ და ამ გეგმის მიხედვით ვმუშაობთ. შესაბამისად, ახლა დამოკიდებულები ვართ მიღებულ ინფორმაციაზე, რომელიც გაგზავნილი გვაქვს და შესაბამისი პასუხებს ველოდებით“, - განუცხადა ღუდუშაურმა for.ge-ს.