„რადგან შსს-მ ნიკა მელია საზღვარზე გაატარა, მას ქვეყნის დატოვების უფლება ჰქონდა“

„რადგან შსს-მ ნიკა მელია საზღვარზე გაატარა, მას ქვეყნის დატოვების უფლება ჰქონდა“

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელსაც ევროკავშირმა გირაო გადაუხადა და საპატიმრო დატოვა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკრაინაში წავიდა. მელიას მიერ ქვეყნის დატოვებამ გააჩინა მოსაზრება, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა და შესაბამის უწყებას ოპოზიციონერი ლიდერისთვის, საქართველოს დატოვების უფლება არ უნდა მიეცა.

„მელიას, რომელსაც, თითქოსდა, დესტაბილიზაციის განმუხტვის მიზნით ევროკავშირმა გადაუხადა გირაო, მალევე გაიქცა სააკაშვილთან ახალი დესტრუქციული გეგმების შესათანხმებლად. საინტერესოა, რატომ მისცა პროკურატურამ გირაოს ქვეშ მყოფ პირს ქვეყნის დატოვების უფლება და მეორე კრიმინალთან მიახლების საშუალება?!“ - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ვატო შაქარიშვილის განცხადებაში.

იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან ამბობს, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა განვიხილოთ ორი ვარიანტი - ნიკა მელიას ქვეყნის დატოვების უფლება ჰქონდა, ან მას საქართველოდან გასვლის უფლება პროკურატურამ მისცა.

„ფაქტიდან გამომდინარე შემიძლია ვიმსჯელო, ნიკა მელიას შეზღუდვა რომ ჰქონოდა, მას საზღვარი არ გაატარებდა. პროკურატურა დათანხმდა მხოლოდ გირაოს გადახდას და არა სხვა დამატებით შეზღუდვებს. არ ვიცი, ამ შუამდგლომლობაში რა ჰქონდა პროკურატურას ან სასამართლომ სხვა რა გადაწყვეტილება მიიღო გარდა გირაოსი, მაგრამ ალბათობის მაღალი ხარისხით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რადგან საქართველოს სასაზღვრო უწყებამ ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატარა, მას მსგავსი შეზღუდვა არ ჰქონდა დაწესებული, ან თანხმობა მისცა პროკურატურამ, რომ წასულიყო“, - თქვა ალაფიშვილმა.

იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ ნიკა მელიას ქვეყნის დატოვების უფლება ჰქონდა.

„გირაო ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ეს დაეკარგება თუ არ გამოცხადდება სასამართლოში, სხვა შეზღუდვა არ არის. გირაო არის მხოლოდ იმისთვის, რომ თუკი გამოძახებაზე, საგამოძიებო უწყებაში ან სასამართლოში არ გამოცხადდება, თანხას დაკარგავს და მერე გამოცხადდება ძებნა და დააკავებენ. არანაირი შეზღუდვა მას არ აქვს ქვეყნის დატოვებასა და დაბრუნებაზე. თუ დაუძახებენ, მივა“, - აღნიშნა მუხაშავრიამ.

ვატო შაქარიშვილი ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ საქმეებში უცხოელი პარტნიორების ჩარევას სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევს.

„ევროკავშირმა უნდა იცოდეს, რომ მათ მხარდაჭერას ცნობილი კრიმინალები ისევ ქვეყნის არევისთვის და სახელმწიფოზე შეტევისთვის იყენებენ. ეს ყველაფერი არის ხელისუფლების უსუსურობის, გაუაზრებელი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი. „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა უცხოელი პარტნიორების სიღრმისეული ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და ვერც ხვდება, რომ სუვერენიტეტი ილახება და ყოველდღიურად დევალვირდება.

არ შეიძლება ქართული საზოგადოების ნების წინააღმდეგ წასვლა და კანონის ფეხქვეშ გათელვა, ვინც არ უნდა მოგიწოდოს ამისკენ! ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტი - კაპიტოლიუმზე შეტევა არის ამბოხი და დამნაშავეები მკაცრად ისჯებიან, ხოლო საქართველოს პარლამენტზე თავდამსხმელი და სხვა არაერთ დანაშაულში მხილებული ადამიანი პოლიტპატიმრად იწოდება.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც „ეროვნულ გამარჯვებად“ ცხადდებოდა, მხოლოდ ხელისუფლების გადაბარების ინსტრუმენტია და მას ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებთან არანაირი საერთო არ აქვს!

კრიმინალების პოლიტიკაში შენარჩუნებით შეფერხდა ქვეყნის განვითარება და ეს მომავალშიც კარგს არაფერს მოგვიტანს“, - აცხადებს შაქარიშვილი.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება 10 მაისს დატოვა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე დააკმაყოფილა.

პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს 9 მაისს მიმართა. 8 მაისს ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ თანხა გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იგი ხელისუფლება გადასცა.

ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება.

ლაზი ეს შაქარიშვილი, თავისი ინტელექტით და აზროვნების ლოგიკით, აშკარად იკვეთება თავისი თაობის (კოჟორიძე-ნაცვლიშვილი- ბუაძე და სხვ.) ფონზე. თუ პოლიტიკურ პარტნიორებს სწორად შეარჩევს (რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს), სერიოზულ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდება.
2 თვის უკან