„თუკი გახარია გახდება „ქართული ოცნების“ კონკურენტი, ასეთ შემთხვევაში, აღარ გვექნება აპოკალიპტური მოლოდინი“

„თუკი გახარია გახდება „ქართული ოცნების“ კონკურენტი, ასეთ შემთხვევაში, აღარ გვექნება აპოკალიპტური მოლოდინი“

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიამ ბევრად ადრე დააანონსა პოლიტიკაში დაბრუნება, მასზე ადრე ლევან ვასაძემ გაარღვია ერთფეროვანი პოლიტიკური გარემო და „ერთობა, რაობა, იმედი“ დააფუძნა პოლიტიკურ პარტიად გადაქცევის დაპირებით.

ლევან ვასაძემ იდეოლოგიური წიაღსვლებიც მიმოიხილა და ჩვენი ერის ეროვნული რაობისა და იდენტობისგან განდგომა დაასახელა პირველ შეცდომად, ამიტომ შემოგვთავაზა ლოზუნგი „საქართველო უპირველეს ყოვლისა“.

ბიზნესმენს არც რუსეთი დავიწყებია, რომელთან იძულებით დიალოგზეც ალაპარაკდა, რადგან ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის 20% უპყრია. ასევე, ვასაძემ დაგვიანონსა, რომ მის შესახებ ამ თვეებში უამრავ აბსურდს მოვისმენთ, რუსეთის აგენტის იარლიყის ჩათვლით, მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია და სიმართლეში ადვილად გაერკვევა.

რაც შეეხება პრეზიდენტს, ბიზნესმენმა სალომე ზურაბიშვილს თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით მოუწოდა იმ მოტივით, რომ მან ქართველი ერის ღირსება და ჩვენი სახელმწიფო არაერთხელ შეარცხვინა.

ლევან ვასაძის შემდეგ ახლა გიორგი გახარიას პოლიტიკური მესიჯების ჯერი დგება. რას შეცვლის ეს ორი ადამიანი ქართულ პოლიტიკაში, თუკი ისინი მართლაც დამოუკიდებელი ძალები არიან და არა ვიღაცის დუბლიკატები და შეიძლება თუ არა, რომ ქართულ პოლიტიკაში მათი შემოსვლის გამო არა მარტო „ნაცმოძრაობა“, არამედ „ქართული ოცნებაც“ მილევად რეჟიმში გადავიდეს?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომქართული ოცნება“ ჯერჯერობით ერთადერთი ძალაა, რომელიც თავიდან ბოლომდე რაციონალური პოლიტიკური ქმედების მაგალითს იძლევა. კერძოდ, „ქართული ოცნება“ ცდილობს, კლიენტელიდან გაიზარდოს და გახდეს რეალური პოლიტიკური პარტია, ე.ი. იყოს არა პირადი ურთიერთობებით განსაზღვრული პოლიტიკური ჯგუფი, არამედ გარკვეულ იდეებზე, პროგრამებზე, შედეგზე ორიენტირებული.

დავით ზარდიაშვილის აზრით, ეს გასაკვირი არც არის, რადგან მმართველ გუნდს მეტი პასუხისმგებლობა აქვს, რასაც მას ავალებს მმართველი პარტიის სტატუსი.

„ოცნებას“ მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე ოპოზიციას. თანაც, „ქართულ ოცნებას“ ამ ბოლო დროს ისეთი ლიდერები ჰყავს, რომ იქ გამორიცხულია ირაციონალურობა და აფექტებით მოქმედება. ეს ერთადერთი პარტიაა, რომელსაც შეიძლება ხელისუფლების შენარჩუნების პრეტენზიები კიდევ ჰქონდეს. ეს კარგია, თუ ცუდია, არ ვიცი. ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ „ოცნებას“ ჯერჯერობით კონკურენტი არ ჰყავს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ გახარია გახდეს კონკურენტი და ეს კარგი იქნება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენც აღარ გვექნება აპოკალიპტური მოლოდინი და გინდა, „პირველ ოცნებას“ მოუგია, გინდა, „მეორე ოცნებას“ მოუგია, გახარიას სახით. უფრო რაციონალური იქნება გახარია, საქმეზე ორიენტირებული და არავითარი ტრაგედია არ იქნება, თუკი „ოცნება“ იქნება ოპოზიციაში და გახარია ხელისუფლებაში, ან პირიქით. არსებობს მესამე ალტერნატივაც - ლევან ვასაძის სახით. ეს ვარიანტი საფრთხეა, რადგან ეს არის რუსული იდეების დაფუძნება ქართული კონსერვატიზმის ფორმით. ვასაძის მთელი იდეოლოგია არის დუგინის ნააზრევი. მისი მთავარი იდეაა, რომ რუსეთი არის მესია კაცობრიობისთვის და მან მთელი კაცობრიობა უნდა გადაარჩინოს ლიბერალიზმის მონობისგან, ამისთვის უნდა შეიქმნას მეოთხე პოლიტიკური იდეოლოგია - ევრაზიონიზმი, სინამდვილეში, ეს არის პანმონღოლური იდეა, ეს იმთავითვე ანტიქართულია“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, ფაქტობრივად, ვასაძე ამბობს, რომ ევრაზია სჯობს დასავლურ ორიენტაციას, ოღონდ საქართველო უნდა იყოს აქ სულიერი ლიდერი, წინამძღოლი. ვასაძის აზრით, მოსკოვი არის მესამე რომი, მაგრამ თბილისი-მცხეთა, მცხეთა-თბილისი არის მეორე იერუსალიმი. სხვათა შორის, ამას დუგინიც დაეთანხმა ამ ეტაპზე, რაც სერიოზული საფრთხეა ჩვენთვის, რადგან ჩვენ ისტორიული გამოცდილება გვაქვს, ერთმორწმუნეობამ სადამდეც მიგვიყვანა.

დავით ზარდიაშვილს აინტერესებს, როგორ შეიძლება, რუსეთს ენდო, რადგან რუსეთმა არა მარტო სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, ეკლესიის ავტოკეფალიაც გააუქმა, ეკლესიები თეთრად გადაღება და ისიც კი იკადრა, რომ რუსმა ეგზარქოსმა საქართველო დაწყევლა. ამის შემდეგ კიდევ ვენდოთ, ეს აღარ გამოვა.

ანალიტიკოსის აზრით, ჩვენი ეკლესია ამას არ დაუჭერს მხარს, რადგან ევრაზიული კავშირი და მათი სულიერი ლიდერი, ეს რაღაც სტალინიზმს ჰგავს. სტალინიც იყო ევრაზიული იმპერიის წინამძღოლი, სულიერი ლიდერი, ესეც სტალინიზმის ახალი ვერსიაა, რასაც დუგინი და ლევან ვასაძე გვთავაზობენ. ეკლესია შეიძლება იყოს ლევან ვასაძის მოკავშირე მხოლოდ, ცუდი გაგებით, ლიბერალიზმთან ბრძოლაში.

„ზღვარგადასული ლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ლევან ვასაძის მოკავშირე ბევრი ადამიანი იქნება, რადგან ზღვარგადასული ლიბერალიზმი ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის დროს, როცა, ვისაც ძალა ჰქონდა, სამართალიც მის მხარეს იყო. ეს აბსოლუტურად ანტიქართული, ანტიქრისტიანული და ანტიადამიანურია, ესაა ლიბერალიზმის რადიკალური სახე, ეს არის მგლური კანონების გამოცხადება. შეუძლებელია, საქართველოში ამ იდეამ გაიმარჯვოს. პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში შესანიშნავადაა ნათქვამი, თუ რა არის ჩვენი ღირებულებები. რაც „ვეფხისტყაოსანში“ გვიწერია - მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთგატანა, მოყვასის ძიება და არა მტრობის ძიება. ეს არის ქართული ხასიათი, ქართველი არის ასეთი- გაიხარე, გამახარე“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი გახარია და ლევან ვასაძე სხვადასხვა ოპერებია, რადგან გახარია სულ სხვა მიზეზის გამოა პოლიტიკური ფიგურა და ვასაძე სულ სხვა მიზეზის გამო.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ვასაძე პოლიტიკაში მოდის, რადგან რუსეთს ჭადრაკის ისეთი ფიგურები სჭირდება, ვინც რუსეთის ინტერესებს დაიცავს და ნაციონალისტურ ფლანგზე იმუშავებს, ხოლო გახარიას პირდაპირი ბმა ნაციონალიზმთან არ აქვს, გახარია არც ნატოზე არ ილაპარაკებს ცუდს, არც ევროკავშირზე, გახარიას ამოცანაა, რომ მას ენანება ის წარმატებები, რასაც მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“, დაუტოვოს კობახიძის გუნდს. მას მიაჩნია, რომ კობახიძე არ არის გამგრძელებელი და არც მორალური და პოლიტიკური მემკვიდრე იმ წარმატებისა, რასაც მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან მოყოლებული.

„გახარია პატრიოტია „ქართული ოცნების“, ხოლო ვასაძე პატრიოტია რუსეთის. გახარიას გარშემო პოლიციელები არიან, უსაფრთხოების ხალხია შემოკრებილი, სულაც არ მომწონს ეს, ის არ გვთავაზობს ჩვენ დემოკრატიულ პარტიას, ის გვთავაზობს ძალოვანებისგან შექმნილ პარტიას, მაგრამ, თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანას ვერ მოვაცილებთ ძალოვანებს და უსაფრთხოებას, მაშინ მათში იქნება სიმპათიები გახარიას მიმართ. მით უმეტეს, ყოფილი გუბერნატორები ჰყავს მას წაყვანილი. გუბერნატორებს კი გავლენები აქვთ რეგიონებში“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.