„ტრანსსასაზღვრო ტელევიზიების შესახებ ევროპის კონვენციის" მე-6 მუხლში განსაზღვრულია მაუწყებელთა გამჭვირვალობის ვალდებულება და მისი მინიმალური სტანდარტი. კერძოდ, იურისტების განმარტებით, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია ტელევიზიების სახელწოდების, მათი ადგილმდებარეობის, იურიდიული კონსულტანტის, ქონების, კაპიტალისა და დაფინანსების წყაროების შესახებ.
საქართველოში, სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მტკიცებით ევროპული ღირებულებებია აღიარებული, უგულებელყოფილია როგორც ამ კონვენციის არსი, ისე 1994 წლის 22 ნოემბერს მიღებული #94/13 ევროსაბჭოს რეკომენდაცია, რომელსაც "მედიის გამჭვირვალობის მიზნით გასატარებელი ზომების შესახებ" რეკომენდაცია ჰქვია.
ამ რეკომენდაციის თანახმადაც, აუცილებელია მედიასაშუალებების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა. ევროსაბჭოს რეკომენდაციაში ნათქვამი არაფერია ოფშორულ ზონებში ტელეკომპანიების ან სხვა მედიასაშუალებების დარეგისტრირების ნებადართულობაზე ან აკრძალვაზე. ამას, ალბათ, ლოგიკური ახსნა აქვს: ევროპაში, სადაც დიდი ხანია განმტკიცებულია დემოკრატიული ღირებულებები, აზრად არავის მოსდის გასაიდუმლოებულად ფლობდეს მედიასაშუალებას.
ევროპელი კოლეგების თქმით, თუ მედიამფლობელი დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას მალავს! თუმცა, როგორც ჩანს, ეს უხერხულობას სულაც არ უქმნის ზოგიერთი მედიაკომპანიის მფლობელს საქართველოში. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 70% სწორედ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანია "დექსონ ლიმიტედს" ეკუთვნის, 30%-ს კი "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" განაგებს.
შესაბამისად, ამ კომპანიებზე სრული ინფორმაციის მოპოვება კი არა, მისამართის დადგენაც კი შეუძლებელია. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ახლა აღმოაჩინა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ, თუმცა მან სულ რამდენიმე დღის წინ გააპროტესტა მედიამფლობელების გასაიდუმლოება და განაცხადა, რომ მალე ყველაფერი გამჭვირვალე გახდება.
ვითომ? თუმცა, გამორიცხული არაფერია, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილის მეთაურობით გამუდმებით ცდილობს რეიტინგის ამაღლებას საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში, როგორც მედიისთვის ხელშემწყობისა და დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებაზე დაუღალავად მებრძოლის. ამავე დროს კი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების მიხედვით, საქართველო მედიის თავისუფლების ხარისხით 101-ე ადგილზეა.
ექსპერტთა, პოლიტიკოსთა და საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, მედიის თავისუფლების ხარისხის გასაზრდელად და ევროპული დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად მხოლოდ მედიამფლობელთა ვინაობის გამოაშკარავება არ კმარა. უპირველესად კატეგორიულად უნდა აიკრძალოს ტელეკომპანიების ოფშორულ ზონებში დარეგისტრირება.
თუ ხელისუფლების სურვილი რეალურია, კანონპროექტის შესაქმნელად დროის ხარჯვაც არ დასჭირდება, რადგან უკვე რამდენიმე თვეა ანალოგიურ თემაზე კანონპროექტების პაკეტის პრეზენტაციას მართავს საინიციატივო ჯგუფი ლაშა ტუღუშის, გიორგი ჩხეიძის, ნინო დანელიას, ვახტანგ ხმალაძისა და ელისო ჩაფიძის მონაწილეობით. კანონპროექტების შემუშავებაში ასევე მონაწილეობენ ჟურნალისტი ზვიად ქორიძე და სხვები.
მანამდე "პრესის ასოციაციამ" შეიმუშავა ხუთი კანონპროექტი, რომლებიც ბეჭდვითი მედიის უფლებების დაცვას ითვალისწინებს. მათი განხილვა რამდენიმეთვიანი ფეხათრევის შემდეგ ახლახან დაიწყეს პარლამენტში. საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პირველ ნოემბერს საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებს" წარუდგენს საკანონმდებლო ინიციატივას, მზად არის უმრავლესობასთან შესახვედრად და კანონპროექტების პაკეტის ისევე გამჭვირვალედ განსახილველად, როგორც დღემდე აკეთებდა.
საინიციატივო ჯგუფის კანონპროექტების მიხედვით, უნდა გამჟღავნდეს მედიამფლობელთა ვინაობა, გამჭვირვალე იყოს მედიასაშუალებების ფინანსები, საჯარო ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი, იაფი და ოპერატიულად შეიძლებოდეს მისი მიღება.
"გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესია მედია-გარემოს გასაჯანსაღებლად. ეს იმას გულისხმობს, რომ კონკურენტული გარემო შეიქმნას. უნდა ვიცოდეთ, ვინ არის რეალური მოთამაშე მედიაბაზარზე, მედიაკომპანიების რეალური მესაკუთრეები. ამიტომაც პრობლემის მოგვარება უნდა დავიწყოთ ოფშორული ზონის თემიდან. უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ის პირები, რომლებიც ოფშორული ზონიდან მართავენ დიდ ტელეკომპანიებს საქართველოში.
თუ ჩვენ გვინდა საბოლოოდ უარი ვთქვათ არსებულ სისტემაზე, მაშინ უარი უნდა ვთქვათ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებაზეც", - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის კოორდინატორი ლაშა ტუღუში.
კანონპროექტების პაკეტი ცნობილია საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვისაც, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ცნობილია, რომ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებშიც კარგა ხანია მსჯელობენ საქართველოში მედიასივრცის შეზღუდულობაზე.
ლაშა ტუღუშის აზრით, რადგან საზოგადოების მოთხოვნაა მედიასივრცის თავისუფლება, იგივე ინტერესი უნდა ამოძრავებდეს ხელისუფლებასაც, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება. "ჩვენ მზად ვართ, ყველასთან მივიტანოთ პროექტები, იდეები, ვილაპარაკოთ ყველასთან: ოპოზიციასთან, ხელისუფლებასთან, საზოგადოებასთან. ეს არის ძალიან საჭირბოროტო თემა.
თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს, მაშინ მედია უნდა იყოს თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე, მედიის საქმეში ჩარევა დაუშვებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას ვერ დავემსგავსებით.
თუ დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ, არჩევანი მარტივია, - მედიას უნდა მივხედოთ, მედიაგარემო უნდა გავაუმჯობესოთ. ვფიქრობ, საინტერესოდ ვითარდება პროცესები. ჩვენ წარვუდგინეთ კანონპროექტების პაკეტი არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, შევხვდით რვა ოპოზიციურ პარტიასა და სახალხო დამცველს, რომელმაც მოიწონა ჩვენი ინიციატივები.
პოლიტიკურმა პარტიებმა კი აღნიშნეს, რომ ეს საკითხი უნდა გახდეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რადგან არჩევნები არ არის ორი დღის საქმე, მასში მედიის მონაწილეობა განსაზღვრავს უამრავ ფაქტორს, რომელთა მიხედვით ამომრჩევლები გადაწყვეტილებებს იღებენ არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მანამდე დიდი ხნის განმავლობაში. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიუხედავად ამისა, ვათვითცნობიერებ, რომ კანონპროექტების განხილვა-მიღების პროცესი ერთ თვეში არ დასრულდება.
ის, რომ დავით ბაქრაძემაც ინტერესი გამოხატა, არ ვიცი, სახელდობრ რისი მანიშნებელია, მაგრამ, ვფიქრობ, მომწიფდა დრო საიმისოდ, რომ დაიწყოს სერიოზული პროცესები მედიაში. გადაწყვეტილებების მიღებას კი იმდენი დრო დასჭირდება, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება დისკუსიები და მსჯელობა. ჩვენ მზად ვართ ამისთვის და უკვე მომზადებულ გეგმას ვთავაზობთ ყველას. ახლა მთავარია განხილვებს აქტიური სახე მიეცეს."
P.S. ე.წ. იტალიურ ეზოში მეზობლები მყავს - სომეხი რუბიკა და მისი კბილა ოსი გურამა. დავით ბაქრაძის განცხადების შემდეგ, რომ მედიამფლობელების ვინაობა გამჭვირვალე უნდა გახდეს, დაასკვნეს, რომ საქართველოში ფანტომასების "ბლატაობა" დასასრულს უახლოვდება. ვითომ? არადა, უნდა დამთავრდეს!