“დილას თუ გადადგება, ორ საათში  შეუძლია ქვეყნის პრემიერად მოგვევლინოს“

“დილას თუ გადადგება, ორ საათში შეუძლია ქვეყნის პრემიერად მოგვევლინოს“

[ნინო მიქიაშვილი]
საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარდგენილ ცვლილებებზე (რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს), წინასწარი დასკვნა დღეს უნდა გამოაქვეყნოს, რის შესახებაც პრესა.გე ესაუბრა საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის ერთ–ერთ წევრს, პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს პოლიტპატიმარი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე: იმ დასკვნაში, რომელსაც დღეს გამოვაქვეყნებთ, ჩამოთვლილია პუნქტები და არის ზოგადი შეფასება; მასში ნათქვამია, რომ ეს ცვლილებები არ წაადგება ქვეყნის ინტერესებს და რომ ეს არ არის კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ფართო კონსესუსის საფუძველზე შემუშავდა. ჩვენს წინასწარ დასკვნაში, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორს მოვუწოდებთ გამოიყენოს თავისი უფლება და პროექტი პარლამენტიდან უკან გამოიტანოს. ჩვენი კომისია უახლოეს პერიოდში წარმოადგენს დეტალურ და დასაბუთებულ დასკვნას.

რა არის ყველაზე მიუღებელი, წარმოდგენილ პროექტში, რომელსაც ხმაური მოჰყვა?
– ხმაური იმას მოჰყვა, რომ თითქოს წარმოდგენილი პროექტი არის ნაბიჯი დემოკრატიისკენ. აი, ასე უნდა ხელისუფლებას, შემოგვთავაზოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პროექტი.

თქვენი აზრით, რისკენ გადადგმული ნაბიჯია, წარმოდგენილი პროექტი?
– დღეს მოქმედ კონსტიტუციას თუ შევადარებთ, ეს არის ნაბიჯი უფრო ლიბერალური და გაწონასწორებული სისტემის შესაქმნელად, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად, რადგან პრაქტიკულად, სახელმწიფო კომისიის მიერ წარმოდგენილი მოდელი, არ არის რეალური დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი. მოდით დავიწყოთ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან – პრეზიდენტისგან ძალაუფლების ნაწილი წამოიღეს და პრემიერ–მინისტრს მისცეს.

პრემიერ–მინისტრი პრეზიდენტზე უფრო ძლიერი იქნება?
– გარკვეულ შემთხვევებში ასე იქნება. ამ კუთხით შეუსაბამობებიც არის. ახლა დეტალებს, რომ გავყვეთ, მაშინ იურიდიული ენით უნდა ვისაუბროთ და ამიტომ, ზოგად პასუხს გაგცემთ – პროექტის მიხედვით, პრეზიდენტი ისევ ითვლება სახელმწიფოს მეთაურად; მას უფლებები აქვს საგარეო პოლიტიკაში, შეუძლია მოლაპარაკებები აწარმოოს... სხვა შემთხვევებში, იგივე უფლებები ეძლევა მთავრობას, რაც იმას ნიშნავს, რომ თეორიულად არსებობს იმის საშიშროება, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მოხდეს განხეთქილება, საგარეო ურთიერთობების კუთხით.

ამ პროექტის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლება ისეთივე ძლიერი რჩება, როგორიც დღეს არის. პარლამენტს თავისი რეალური ფუნქციის შესრულების საშუალება, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის მექანიზმი არ ექნება; რაღაც ნაწილებში, პარლამენტს არ ექნება მთავრობის გადაყენების უფლება, ხოლო პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა მარტივდება.

მთლიანობაში ამ პროექტით პარლამენტის უფლებამოსილება სუსტდება. მთავრობის ფორმირების დროს, რომელიც 2 თვე შეიძლება გაგრძელდეს, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე ვერ შეჯერდება, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის ძალიან ფართო უფლება აქვს. თან, თუ პარლამენტი ერთხელ აირჩევს მთავრობას, მერე ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება მთავრობის დათხოვნა, იმდენად რთულადაა გაწერილი პროექტში ეს პროცედურა; ამის გაკეთება მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი, რადგან ამისთვის 150 დეპუტატიდან 90–ის თანხმობაა საჭირო.

თვითმართველობა ძლიერდება, თუ პირიქით – სუსტდება, ამ პროექტის მიხედვით?
– თვითმართველობაზე, რომელიც დღეს ჩვენთან ფაქტიურად არ არსებობს, წარმოდგენილ პროექტში მთელი თავია დამატებული; დღევანდელთან შედარებით შეიძლება ოდნავ პროგრესულია, მაგრამ ეს ვერ იქნება რეალური თვითმართველობა; “გუბერნატორების“ დამტკიცების ერთპიროვნული შესაძლებლობა პრეზიდენტის ნაცვლად პრემირ–მინისტრს ექნება და “ გუბერნატორის“ უფლებამოსილება განისაზღვრება ცალკე კანონით, რომლის მიღება 50 დეპუტატს შეეძლება. ანუ როგორც მოესურვებათ, ისე შეუძლიათ თვითმართველობის კანონში ცვლილებების შეტანა.

ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ წარმოდგენილი პროექტი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებაზეა გათვლილი?
– მაგაზეც არის გათვლილი და კიდევ ერთ მიმართულებაზე – ამჟამად არსებული კონსტიტუცია იმდენად საშინელია, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ამაზე ყველა ლაპარაკობდა და ამიტომ ხელისუფლებაზე ხდებოდა ზეწოლა, მის შესაცვლელად და იცვლება კიდეც. ამ ცვლილებით დასავლეთთან ექნებათ სალაპარაკო, რომ ეს არის ნაბიჯი დემოკრატიისკენ.

ეს ერთი და მეორე – სააკაშვილი უკვე ორჯერ იყო არჩეული პრეზიდენტად, უფლებამოსილების ვადა ეწურება; პროექტში მითითებულია, რომ მასში წარმოდგენილი ცვლილებების ნაწილი ამოქმედდება 2011 წლიდან, მაგრამ ძირითადი ცვლილებები, რაც შეეხება ხელსუფლების გადანაწილებას, ძალაში შევა 2013 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როცა სააკაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილება ამოიწურება. ეს პროექტი მას პრემიერ–მინისტრის თანამდებობის დაკავების საშუალებას აძლევს; თანაც, ისე, უფლებამოსილება დღეს საღამოს, რომ დაუმთავრდება, დილით უკვე პრემიერ–მინისტრის სავარძელში შეუძლია ჩაჯდომა, ხოლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ მშვენიერ დილას თუ გადადგება, ორ საათში შეუძლია ქვეყნის პრემიერად მოგვევლინოს.

რა შედეგს მოუტანს სახელმწიფო კომისიის მიერ წარდგენილი ცვლილებები, ჩვენს ქვეყანას?
– ეს ცვლილებები ქვეყნისთვის და ერისთვის არაფრის მომტანია, მაგრამ ხელისუფლებისთვის არის ძალაუფლების შენარჩუნების მომტანი. პასუხები, რომელსაც თქვენს კითხვებზე ვცემ, არის ძალიან ზოგადი და ვიმეორებ, რომ დეტალურ, არგუმენტირებულ დასკვნას უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ.

რა ძალა ექნება თქვენს დასკვნას?
– მინიმუმ ის ძალა ექნება, რომ ქართულ საზოგადოებას ეცოდონება რა ელის. ჩვენს დასკვნას საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადავუგზავნით.

რა აზრი აქვს? ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დასავლელმა ექსპერტებმა პროექტი მოიწონეს.
– დასაზუსტებელია დასავლელმა ექსპერტებმა რა მოიწონეს და რა არ მოიწონეს; ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ჯერ არავის უნახავს. ის, რასაც ტელეეკრანიდან ვისმენთ, არის ცალკეული უცხოელი ექსპერტების მოსაზრება და არა საბოლოო დასკვნა.