„ნიკა მელიას ფინანსური მდგომარეობა არ ვიცი, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის სააკაშვილის ახირებას  უსასყიდლოდ არ ასრულებს“

„ნიკა მელიას ფინანსური მდგომარეობა არ ვიცი, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის სააკაშვილის ახირებას  უსასყიდლოდ არ ასრულებს“

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, თუმცა მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა დაიწყო და გუნდი ორად გაიყო. ნაწილს პარლამენტში შესვლა სურს, ნაწილი კი კვლავ ქუჩას ანიჭებს უპირატესობას.

ყველაფერს კი, უკრაინაში მყოფი პარტიის ბელადი მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს. მოსალაპარაკებლად მასთან პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ჩავიდა.

შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში და დანარჩენ ოპოზიციას შეუერთდება თუ როგორ იბრძოლებს უკვე პოლიტიკურ ასპარეზზე, for.ge-ს ამ კითხვებს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პასუხობს.

ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და პარლამენტში შესვლა სურს, ნაწილი უარზეა. თქვენ ამ ფაქტს როგორ შეაფასებდით?

- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იგრძნო, რომ 6-თვიანი მათ მიერ წამოწყებული უაზრო მოქმედება შეიძლება განვითარდეს, როგორც ქართულ ანდაზაშია - „თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო“. მთელი 6-თვიანი კრიზისის არსი იყო ის, რომ მიეღწიათ ვადამდელ არჩევნებამდე, სადაც მათი აზრით, 60 მანდატზე მეტს მოიპოვებდნენ. ამასობაში, ვიდრე მელია საკანში იჯდა და საკნის გარეთ პოლიტიკური კრიზისი ვითარდებოდა, საქართველოში ძალიან საინტერესო პოლიტიკური მოვლენები განხორციელდა და ხორციელდება.

დავიწყოთ იმით, მართალია, გახარიამ დააანონსა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა, მაგრამ, როგორც ჩანს, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აკვირდება. ამიტომ, არ ჩქარობს, რომ ახალი პარტიის დასახელება გვამცნოს. გარდა ამისა, ლევან ვასაძემ თავის პოლიტიკურ მოძრაობას პრეზენტაცია გაუკეთა, საკმაოდ ამბიციური გეგმები დასახა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მთელს ძალებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს მოახმარებს.

ამ მოცემულობაში ის შედეგი, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც იყო მელიას საკანში ყოფნა, შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს. ასეთი უაზრო პოლიტიკური თამაშები რომ არ წამოეწყოთ, გარანტირებული ჰქონდათ, 60-მანდატიან ოპოზიციურ სპექტრში ძირითადი ზეგავლენის შენარჩუნება. ახლა, „ქართულმა ოცნებამ“ 43% რომ ვერც მიიღოს, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით არის დაფიქსირებული, შესაძლოა, კოალიციური მთავრობა, ახალ 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა ჩამოყალიბდეს და გახარიას, ვასაძის ბაზაზე შეიქმნას. ამასობაში, ნაციონალების რეიტინგმა მიაღწიოს უმნიშვნელო ნიშნულს. ანუ, პოლიტიკური ასპარეზიდან კი არ გაქრება, არამედ, იმ მომენტისთვის მათი რეიტინგი ნაკლები იქნება, ვიდრე ეს იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნაწილს ვისაც პარლამენტში შესვლა სურს, გახარია-ვასაძის ძალების შეეშინდათ?

- რა თქმა უნდა, ისინი მიხვდნენ, რომ დღეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრი ქუჩიდან პარლამენტში ინაცვლებს. გამოვრიცხავ, რომ ლევან ვასაძის არასაპარლამენტო პარტია წინასაარჩევნო სამზადისს ქუჩური აქციების ფორმატში აირჩევს. ის დააკვირდება მიმდინარე მოვლენებს, ის გააკრიტიკებს მმართველ გუნდსაც და ოპოზიციასაც და ამ კრიტიკით მოაგროვებს წინასაარჩევნო ქულებს, რათა ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობა მოიზიდოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ის ნაწილი, ვისაც პარლამენტში შესვლა არ სურს, გამოსავალს ისევ ქუჩაში ხედავს?

- ისინი ვითარებას ქუჩიდან დააკვირდებიან. ასევე, ისინი მუდმივ მოლოდინში არიან, რომ პანდემიური სიტუაცია ქვეყანაში აირევა, ეკონომიკური კოლაფსი შეიქმნება, ლარი კოსმოსური უსასრულობის ნიშნულს მიაღწევს, რომ მოსახლეობის ფიალა გადაივსება და რევოლუციურ მოთხოვნებს წამოაყენებენ - ამ სიტუაციისთვის მუდმივ მზადყოფნაში არიან. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი პარლამენტში შევა და იქიდან შეეცდება, რომ პარლამენტარიზმის ცნებას მაქსიმალური ზიანი მიაყენოს. ნაწილი კი გარეთ დარჩება, რადგან მასის უკმაყოფილობა არ გამოეპაროთ.

სწორედ, საბოლოო კონსულტაციების მისაღებად, ვინ შევა პარლამენტში და ვინ გარეთ დარჩება, ეს დელეგაცია ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობით, კიევში ბელადთან შესახვედრად გაფრინდა.

როგორც თქვენ უწოდებთ  ბელადი მიხელ სააკაშვილის როლი გაყოფილ გუნდში როგორი იქნება?

- ექს-პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება უკვე გააჟღერა. მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერთა რიგს შეუერთდეს. თუმცა, მაშინ დასძინა, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი ნიკა მელიას საკნიდან გამოუშვებდნენ. მელია გამოუშვეს და ახლა არ მგონია, მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წავიდეს. ახლა, უკრაინაში წვრილმანი განხილვები იქნება. კონკრეტულად - ვინ შედის პარლამენტში და რა მიზნით შედიან, ასევე ოპოზიციასთან თუ მმართველ გუნდთან მოქმედების რა ტაქტიკას აირჩევენ და რაც მთავარია, გარეთ ვინ დარჩება.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ შევა და ვინ დარჩება პარლამეტის მიღმა?

- ამის განსაზღვრა ძალიან რთულია. არც აქამდე ვიცოდი მათი პროპორციული სიის პირველი 40 ადამიანის ვინაობა, ვინც მანდატები მოიპოვა. ასევე, არ მგონია ბუბა კიკაბიძეს მისი ასაკიდან გამომდინარე, პარლამენტში შესვლის სურვილი ჰქონდეს. მაგრამ ბუბა კიკაბიძე არც იმ ადამიანების რიგს მიეკუთვნება, რომელიც ქუჩაში დადგება იმისთვის, რომ რევოლუციური სიტუაცია გააკონტროლოს.

ხშირად უთქვამთ, რომ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო. ახლა, როდესაც მელიამ ექს-პრეზიდენტს უკრაინაში ჩააკითხა, როგორ ფიქრობთ ,მათ შორის იქნება დაძაბული სიტუაცია, თუნდაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით?

- ნიკანორ მელიაზე უფრო გამოცდილი პოლიტიკოსები ისეთები, როგორებიც არიან - დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, გიგი წერეთელი და რომლებიც ღვაწლმოსილი ნაციონალები იყვნენ, 2016 წელს აირჩიეს განსხვავებული ტაქტიკა. მათ მიხეილ სააკაშვილს ზურგი აქციეს და საკუთარი პოლიტიკური თამაში დაიწყეს. თუმცა, ბოლო არჩევნებში მათი რეიტინგი საკმაოდ დაბალი იყო და „ევროპული საქართველო“ ფაქტობრივად დაიშალა. პარტია, იმ ლიდერებმა დატოვეს, რომლებიც სწორედ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოვიდნენ. ამიტომ, ეს ყველაფერი ნიკა მელიამ ძალიან კარგად იცის. „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი ძალა და პოტენციალი მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს და იმ ფინანსური პირამიდის გარშემო, რომელიც იმავე სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში შექმნა. სწორედ, ამ ყველაფრის გამო ზურგი აქციოს და საკუთარი თამაში განახორციელოს, ეს ნიკა მელიასთვის პოლიტიკური სიკვდილი იქნება. ამიტომ, უნდა დავივიწყოთ, მელიას პირადი ამბიციები, ის ბოლომდე გააკეთებს ყველაფერს, რასაც მიხეილ სააკაშვილი უბრძანებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საკუთარი პარტიის მიერ პოლიტიკურ სანაგვეში აღმოჩნდება.

ანუ, ნიკა მელიას არ ეყოფა გამბედაობა, როგორც ეყო სალომე სამადაშვილს და ვერ დატოვებს პარტიას?

- ვერ გაბედავს, რადგან სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილება განაპირობებდა, პირადად მისი პოლიტიკური მომავლის ბედს. ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარეა. ერთი თავმჯდომარე უკვე გაექცათ და ახლა მეორე თავმჯდომარის ახირებას სააკაშვილი არ დაუშვებს.

მაშინ მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას რითი „იჭერს“?

- ნიკა მელიას ფინანსური მდგომარეობა არ ვიცი, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის უსასყიდლოდ სააკაშვილის ახირებას არ ასრულებს.