აფხაზეთი სახიფათო დაპირისპირების ზღვარზე

აფხაზეთი სახიფათო დაპირისპირების ზღვარზე

როგორც ჩანს, ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების მიერ რეკომენდებული და საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ლამის ცენტრალურ პრობლემად ქცეული კოჰაბიტაცია ფორმალურად ჩვენს, ფაქტობრივად კი - მეზობელ აფხაზეთშიც, ფრიად აქტუალურია. აფხაზური და რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ უკანასკნელ პერიოდში იქ ურთიერთობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იმდენად დაიძაბა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკა მხარეთა რადიკალური დაპირისპირების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ალბათ, ამან განაპირობა ის, რომ აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატა პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი მეთოდებით გადაჭრის აუცილებლობაზე ალაპარაკდა და ოპონენტებს ცივილიზებული დიალოგის დასაწყებად საკუთარი მოედანი შესთავაზა.

რა გახდა წინააღმდეგობათა რადიკალურად გამწვავების მიზეზი? რამ განაპირობა ის გარემოება, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა ულტიმატუმის ენით დაიწყო საუბარი ალექსანდრე ანქვაბთან, ქვეყნის მეთაურთან, რომელმაც  შთამბეჭდავი უპირატესობით დაამარცხა თავისი ოპონენტი სერგეი შამბა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში?

ულტიმატუმი სიტყვის მასალად არ გვიხსენებია. დიახ, არც მეტი, არც ნაკლები, 28 თებერვალს სოხუმის დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანზე გამართული საკმაოდ ხალხმრავალი მიტინგის მონაწილეებმა ულტიმატუმი წაუყენეს პრეზიდენტს და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით გადაყენება მოითხოვეს.

აფხაზეთში  ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგები იშვიათი ხილი როდია. პრეზიდენტობაზე ჯერჯერობით ამაოდ მეოცნებე რაულ ხაჯიმბა, ჩანს, ვერა და ვერ ეგუება „მარადმწვანე მეორეს“ როლში ყოფნას და რაკი წმინდა პოლიტიკურ ფრონტზე ვერაფერს გახდა, სოციალური პოზიციებიდან ცდილობს ხელისუფლების დასუსტებას. 28 თებერვლის მიტინგის პირველ ვიოლინოდაც სწორედ ის მოგვევლინა, თუმცა, ჩანს, ნავიცეპრეზიდენტალი მოკავშირეთა ნაკლებობასაც არ უჩივის. მის მხარდამხარ ოპოზიციურ ტრიბუნაზე აფხაზეთის არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანებისა და პარტიის, ასევე, სოხუმის საქალაქო თვითმართველობის წარმომადგენლებიც იდგნენ. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ აფხაზეთის ერთიანობის ფორუმი, სახალხო პარტია, ვეტერანთა ორგანიზაცია „აბააში“. ჩანს, ხაჯიმბას მხარდამჭერები ომის ვეტერანთა გაერთიანება „ამცახარაშიც“ მოეძებნება. მედიაში გავრცელებული ცნობით, აქციის ორგანიზატორთა შორის პარტია „ერთიანი აფხაზეთიც“ იყო დასახელებული, თუმცა, ამ უკანასკნელის პრესსამსახურმა მოგვიანებით უარყო ეს ინფორმაცია.

საპროტესტო აქცია, რომელმაც აფხაზეთისთვის საკმაოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორია (დაახლოებით 2000 ადამიანი) შეკრიბა, ძირითადად ელექტროენერგიის ტარიფის 100%-ით გაზრდამ გამოიწვია. ძნელი სათქმელია, მართლა ესაა პროტესტის რეალური საფანელი, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ  გადაწყვეტილება ტარიფის გაზრდის შესახებ მთავრობამ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მიიღო და იმ დროისათვის ამას რაიმე განსაკუთრებული რეაქცია არ მოჰყოლია.  შესაძლოა, ტარიფთან დაკავშირებული ვნებათაღელვის ახალ ტალღას გარკვეული სტიმული მისცა ბულგარეთში განვითარებულმა პროცესებმა, სადაც გასული  თებერვლის ბოლო დეკადაში, ელექტროენერგიის  ღირებულების გაზრდასთან დაკავშირებული პროტესტის ფონზე, გადაგა მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის ხელმძღვანელობით. თუმცა, როგორც სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, მათ არა მხოლოდ სოციალური ხასიათის პრეტენზიები გააჩნიათ ხელისუფლების მიმართ.

როგორც აღვნიშნეთ, აქციის მთავარ რუპორს რაულ ხაჯიმბა წარმოადგენდა. მან შეკრებილთა ყურადღება გაამახვილა თვითმარქვია რესპუბლიკაში დამკვიდრებულ მართვის ავტორიტარულ სტილზე და პრეზიდენტ ანქვაბს ბრალად დასდო ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებში. მისი თქმით, ქვეყანა გამოხრა კორუფციამ, ბიუჯეტის შევსების ერთადერთ გზად მთავრობას ანტიხალხური საგადასახადო პოლიტიკა  მიაჩნია, ხელფასებისა და პენსიების მიზერული მომატება ბევრად ჩამორჩება პირველადი მოხმარების საქონელზე ფასების კატასტროფულ ზრდას. ხელისუფლებამ მოსახლეობას არ აკმარა პურის გაძვირება და მერე ელექტროენერგიის ტარიფიც გააორმაგა, რასაც, ბუნებრივია, ავტომატურად მოჰყვა ფასების ზრდა ყველა მიმართულებით. ხაჯინბას აზრით, აფხაზური საზოგადოების პოლარიზაციამ იმდენად კრიტიკულ ზღვარს მიარწია, რომ გამორიცხული არაა სოციალური აფეთქება. ასეთ პირობებში კი პრეზიდენტი ანქვაბი და მინისტრთა კაბინეტი მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით შემოიფარგლებიან და არაფერს აკეთებენ კომპლექსური რეფორმების განხორციელების თვალსაზრისითო. მან ცინიზმი უწოდა მთავრობის მოწოდებას მოსახლეობისადმი, ისწავლონ შრომა, ეკონომია და რესურსების რაციონალური განაწილება. „კეთილი ინებონ ჩვენმა სახელმწიფო მოხელეებმა და გვითხრან, როგორ მოახერხებენ ისინი ხუთი-ექვსიათასი რუბლით ცხოვრებას, გადასახადების გადახდას, სულიერ-კულტურულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებასა და საკუთარი მცირე ბიზნესის შექმნას“ - დასძინა მან.

არანაკლებ მწვავე იყო სხვა ორატორების გამოსვლებიც. თითქმის ყველა მათგანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს მკაცრად ცენტრალიზებული, არადემოკრატიული სახელისუფლებო ვერტიკალი და მთელი ძალაუფლების ერთი ადამიანის ხელში კონცენტრირების რეალური საფრთხე, რომ აფხაზი ხალხი ყველა საშუალებით უნდა შეეწინააღმდეგოს ამგვარ ტენდენციას და უზრუნველყოს საზოგადოების ფართო ჩართულობა მართვის ყველა რგოლში.

საინტერესოა, როგორ უყურებს აფხაზეთში განვითარებულ პროცესებს რუსეთის ხელისუფლება და შეინიშნება თუ არა განსხვავებული მიდგომები დაპირისპირებულ მხარეთა მიდგომებში ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების მთავარ გარანტორთან მიმართებით?

საერთოდ, პრეზიდენტი ანქვაბი შემთხვევას არ უშვებს, რომ აფხაზეთის საზოგადოებას ხშირად შეახსენოს მოსკოვის განსაკუთრებული როლი ქვეყნის დამოუკიდებლობაში და რესპუბლიკის მოსახლეობა კმაყოფილი უნდა იყოს ამისათვის. ჩანს, ამით იგი არა მხოლოდ პატრონთა გულის მოგებას ცდილობს, არამედ კრემლის მესვეურებს ირიბად მიანიშნებს ოპოზიციის უმადურობაზე. თუ  ობიექტურად განვსჯით, ამას გარკვეული საფუძველიც გააჩნია. ოპოზიციის არაერთი მომხრე დაუფარავ უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ აფხაზეთი, ფაქტობრივად, რუსეთის დოტაციურ დანამატად გადაიქცა და მთავრობა ჯეროვან ძალისხმევას არ იჩენს ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად ამოქმედებისთვის. ამგვარი რიტორიკის უკან თავისთავად იგულისხმება შიში აფხაზეთის დამოუკიდებლობის ფორმალური ხასიათის თაობაზე. თუმცა, ამავდროულად, ოპოზიციაც ხშირად აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ამაოდ სპეკულირებს რუსეთის თემით და აფხაზეთის მოსახლეობას არ სჭირდება რაიმე შეხსენება რუსეთის განსაკუთრებული მისიის თაობაზე დამოუკიდებლობის მოპოვება-შენარჩუნების საქმეში. ანქვაბის ოპონენტები გამუდმებით აპელირებენ მოსკოვიდან გამოყოფილი დაფინანსების არამიზნობრივად გამოყენების გამო. კერძოდ, 28 თებერვლის აქციაზე პუბლიცისტმა ვლადიმერ ზანთარიამ განაცხადა-  ჩვენი სახელმწიფო მოხელეები ყველაზე დიდ პროფესიონალიზმს არა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, არამედ დოტაციის ფარგლებში გამოყოფილი რუსული ფინანსების დატაცების საქმეში იჩენენო.

მომიტინგეებმა სახელდახელოდ შეადგინეს დელეგაცია, შეიმუშავეს პეტიციის ტექსტი და ულტიმატუმი წაუყენეს პრეზიდენტს. მათ მოითხოვეს, რომ სახელმწიფოს მეთაური გამოსულიყო ხალხის წინაშე და პასუხი გაეცა წაყენებულ პრეტენზიებზე. ასევე, კატეგორიული ტონით დაისვა მთავრობის სრული შემადგენლობით გადაყენების საკითხი.

ფაქტია, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე და თმენის ხარისხი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მისი ქართველი კოლეგისა, რომელსაც ძალიან არ უყვარს ულტიმატუმების ენაზე საუბარი. ყოველ შემთხვევაში, ანქვაბმა გამოწვევა მიიღო და იგი შეკრებილთა წინაშე მთავრობის კაბინეტის სრული შემადგენლობით გამოცხადდა, რასაც ბევრი არ მოელოდა. მის გამოჩენამდე არაერთმა მომიტინგემ ნაძლევიც კი დადო, მაგრამ, როგორც ვხედავთ,  სკეპტიკოსების პროგნოზი არ გამართლდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტისა და შეკრებილთა საუბარი უფრო დაკითხვას წააგავდა, ვიდრე კითხვა-პასუხს. ოპოზიციის მომხრეებმა საკმაოდ აგრესიული ტონით მოითხოვეს მისგან, აეხსნა, რით იყო გამოწვეული ელექტროენერგიაზე ტარიფის ასპროცენტიანი ზრდა, რაზეც მთლად დამაჯერებელი პასუხი ვერ მიიღეს. მართალია, ანქვაბმა განაცხადა, ამ საკითხზე სპეციალური საპარლამენტო კომისია მუშაობს და თუ ის მთავრობის გადაწყვეტილებას არამიზანშეწონილად ცათვლის, არ გაიზრდებაო, მაგრამ მას პასუხი არ აღმოაჩნდა მეორე შეკითხვაზე - თუ კომისიას ჯერ მუშაობა არ დაუსრულებია და მის გადაწყვეტილებას ელოდებით, მაშინ ელექტროენერგიის გადასახადის აკრება რატომღა ხდება ახალი ტარიფებითო. პრეზიდენტი იძულებული გახდა, ძალზე უსუსური განმარტებით დაკმაყოფილებულიყო და მომიტინგეებს დაჰპირდა, რომ ასეთ შემთხვევაში გადასახადის გადაანგარიშება მოხდება და ზედმეტად გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათო. ასევე, პრაქტიკულად ვერაფერი უპასუხა მან წამოყენებულ პრეტენზიებს გაზრდილი უმუშევრობის ფონზე აფხაზეთში გასთარბაითერების მოჭარბებასა და სახელმწიფო ტელევიზიის ჩაკეტილობასთან დაკავშირებით. ხელისუფლების საქმიანობის რეაბილიტაციის მიზნით, მან ერთგვარი ანგარიში ჩააბარა ოპონენტებს გაწეული მუშაობის შესახებ და აღნიშნა, რომ მხოლოდ 2012 წელს მთავრობამ 600 ადამიანს დაუფინანსა საზღვარგარეთ მკურნალობა და საამისოდ 92 მილიონი რუბლი დახარჯა, ხოლო ომის დროს გადამწვარი და მეწყრისგან დანგრეული სახლების მფლობელთა დასაკმაყოფილებლად დამატებით 140 მილიონი გამოიყოო. პრეზიდენტმა მტავრობის აქტივში მიითვალა სოფლის მეურნეობაში დაწყებული სპეციალური პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებში საკმაოდ ბევრმა გლეხმა მიიღო კარგად ანაზღაურებადი  სამუშაო, თუმცა, იქვე აღიარა, რომ ყველა სოფელში მანქანა-ტრაქტორების სადგურების შექმნა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა და, საერთოდ, ომით განადგურებული სახალხო მეურნეობის რეაბილიტაციას კიდევ გარკვეული დრო დასჭირდებაო.

კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი. როგორც ჩანს, ბანკის ურჩი გადამხდელების პრობლემა აფხაზეთშიც ძალიან მკაცრად დგას. გავლენიანი ჩინოსნების დახმარებით წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრმა მოქალაქემ გამოიტანა მსხვილი კრედიტები, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე დაუბრუნებელია და ოპოზიციის გაღიზიანებას იწვევს. ამის ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ მომიტინგეებმა მთავრობის გადაყენებასთან ერთად გადაჭრით მოითხოვეს სრული ინფორმაციის გამოქვეყნება ურჩ გადამხდელთა ვინაობისა და მათ მიერ გატანილი კრედიტების მოცულობის შესახებ.

ოპოზიციამ მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს  ერთი კვირა მისცა. ულტიმატუმის ვადა ისე ამოიწურა, ანქვაბისგან გადამჭრელი პასუხი არ მიუღიათ. დროის განვლილ მონაკვეთში პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ არაერთი კონსულტაცია გამართა პოლიტიკურ პარტიებთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, შემოქმედებით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ომის ვეტერანებთან, თუ  როგორ მოქცეულიყო შექმნილ სიტუაციაში. მთავრობის მხარდამჭერები კატეგორიულად აღუდგნენ წინ ოპოზიციის ულტიმატუმის დაკმაყოფილებას. 5 მარტს  ლეონიდ ლაკერბაიამ სპეციალური მიმართვა გაავრცელა აფხაზეთის მოსახლეობისადმი, რომელშიც გადაჭრით უარყო ულტიმატუმი და სრული პასუხისმგებლობა მოსალოდნელ პროცესებზე ოპოზიციის ლიდერებს დააკისრა.  ამის მიუხედავად, ექსპერტები საბოლოოდ არ გამორიცხავენ კაბინეტის  გადადგომის შესაძლებლობას.

აშკარაა, აფხაზური ოპოზიცია საბრძოლოდაა განწყობილი და უკან დახევას არ აპირებს. ამისი ნათელი დასტურია  პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო ცენტრის მიერ 7 მარტს გავრცელებული განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ რაულ ხაჯიმბა, სერგეი შამბა, ახრა ბჟანია და იაკუბ ლაკობა. მასში ისევ დეტალურადაა საუბარი ხელისუფლების მიმართ წაყენებულ ძირითად პრეტენზიებზე: აფხაზეთის სახალხო მეურნეობის განვითარების კომპლექსური გეგმის არქონა, რეფორმების შეფერხება, რუსული დოტაციის არამიზნობრივი გამოყენება, საგარეო ვალის ზრდა (პროცენტების გარეშე მისი მოცულობა დღეისათვის 2 მილიარდ, 700 მილიონ რუბლს აღწევს), საკურორტო ინფრასტრუქტურის განიავება, კორუფციისა და კრიმინალის ზრდა, სარკინიგზო და საბანკო კრედიტების ჩაფარცხული აფერა, სოფლების დაცლა შრომისუნარიანი მოსახლეობისგან, განსაკუთრებით ახალგაზრდობისგან, ფასების კატასტროფული ზრდა და მიზერული სახელფასო ანაზღაურება. მიმართვის ორგანიზატორებმა საზოგადოებას მოუწოდეს, კიდევ ერთხელ აქტიურად გამოხატონ პროტესტი და მიიწვიეს ისინი სანქცირებულ მიტინგზე 11 მარტს, რომელიც ამჯერადაც ოპოზიციონერთა შეკრების ტრადიციულ ადგილზე, სამსონ ჭანბას სახელობის დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანზე გაიმართება.

აქციის თარიღი რომ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, ორი აზრი არ არსებობს.

საქმე ისაა, რომ მომდევნო დღეს, 12 მარტს დაგეგმილია აფხაზეთის პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი მოსკოვში, სადაც იგი შეხვდება ვლადიმირ პუტინს. ჩანს, ანქვაბის ოპონენტები ამით გარკვეულ მესიჯს უგზავნიან კრემლს, რომლის ახლანდელი „ხაზეინი“ ხაჯიმბასადმი ტრადიციულად ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა (გავიხსენოთ, რომ ეს უკანასკნელი პუტინის აშკარა ფავორიტი იყო ჯერ კიდევ აფხაზეთის მეორე საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა ხაჯიმბა ბაღაფშს დაუპირისპირდა).

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი - ყველაფრიდან ჩანს, რომ აფხაზეთის ახლანდელი ხელისუფლება ბოლომდე აცნობიერებს შექმნილი სიტუაცის სერიოზულობას და ცდილობს გზების გამონახვას კრიზისის განსამუხტავად. ამისი ნათელი დასტურია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია  ანქვაბისა და ხაჯიმბას „ტეტ ა ტეტ“ შეხვედრის თაობაზე, რომელზეც პრეზიდენტმა ოპოზიციის ლიდერს რამდენიმე პორტფელი შესთავაზა კოალიციურ კაბინეტში, მაგრამ უარი მიიღო. ხაჯიმბას მიაჩნია, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომპლექსური რეფორმების განხორციელება და არა მთავრობის ნაწილობრივი გადახალისება. ეს აზრი ყველაზე მკაფიოდ ჩამოაყალიბა აფხაზეთის ინოვაციური ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ბესლან კობახიამ, რომელმაც 8 მარტს პრეზიდენტს წინადადებით მიმართა რეფორმების სახელმწიფო კომისიის შექმნის თაობაზე. თვითონ კობახია თანახმაა არა მხოლოდ პიროვნულად ჩაერთოს კომისიის საქმიანობაში, არამედ აქტიურად მოიზიდოს სათანამშრომლოდ სხადასხვა პროფილის ექსპერტები, რათა  უმოკლეს ვადაში იქნას შემუშავებული ქვეყნის  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსურ ღონისძიებათა გეგმა.

როგორც ვხედავთ, აფხაზეთში დაპირისპირება გრძელდება. ძნელია, ყოველივე ამას პოლიტიკური კრიზისი ვუწოდოთ, რადგან ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობა ჯერ კიდევ ბევრად აღემატება ოპოზიციის მომხრეებს და ანქვაბის პოზიციაც მყარია, მაგრამ დაძაბულობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მაინც იგრძნობა. ამასთან, ცხადად გამოიკვეთა ტენდენცია - აფხაზეთის მოსახლეობა პოლიტიკური სიმწიფის საკმაოდ მაღალ დონეს ამჟღავნებს და თვით ყველაზე მწვავე დაპირისპირების დროსაც არ გამოდის კონსტიტუციური ფარგლებიდან. ამ თვალსაზრისით, რიგით მოქალაქეებს ტონს თვითონ  პრეზიდენტი ანქვაბი აძლევს, რომლის პოლიტიკური კულტურა და საკუთარ ხალხთან (თუნდაც მის მცირე ნაწილთან) დიალოგის წარმოების უნარი დღემდე სამაგალითოდ რჩება, მით უმეტეს, უახლესი ქართული პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით.