„ლევან ვასაძე პოლიტიკაში მაშინ შემოვიდა, როცა ევროკავშირმა და ამერიკამ წარმატებას მიაღწიეს და განმუხტეს სიტუაცია ქართულ პოლიტიკაში“

„ლევან ვასაძე პოლიტიკაში მაშინ შემოვიდა, როცა ევროკავშირმა და ამერიკამ წარმატებას მიაღწიეს და განმუხტეს სიტუაცია ქართულ პოლიტიკაში“

პატრიარქის მიერ ოჯახის სიწმინდის დღედ დაწესებულ 17 მაისამდე ერთი დღით ადრე, ანუ 16 მაისს ლევან ვასაძის საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ პრეზენტაცია გაიმართა. ეს შემთხვევითი არ იყო, რადგან ლევან ვასაძის სახელი ასოცირდება 17 მაისთან, ანუ ლგბტ თემთან ბრძოლის დღესთან.

ლევან ვასაძის შემდეგ პოლიტიკაში უკვე ხელმეორედ შემოვა გიორგი გახარია. შეიცვლება თუ არა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი, ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.

ქართულ პოლიტიკაში უკვე შემოვიდა ლევან ვასაძე, რომელმაც ყველა სხვა წინამორბედისგან განსხვავებით, ყოველნაირი ფუჭი დაპირების გაცემაზე უარი განაცხადა და ხალხი ქვეყნის გადასარჩენად მუხლჩაუხრელ შრომაში მიიპატიჟა. არის მოსაზრება, რომ ლევან ვასაძემ ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა დააგვიანა, რადგან ამ კორონაპანდემიის და საყოველთაო გასაჭირის პირობებში ნაციონალისტური იდეები შესაძლოა, არც იყოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არსებითი. თქვენ რას ფიქრობთ?

- პოლიტიკაში ლევან ვასაძის შემოსვლა აშკარად უკავშირდება იმას, რომ ქართულ საზოგადოებას სჭირდება ნაციონალისტური „დრაივი“, ძალა, მუხტი. ვასაძე არც მალავდა, რომ ეს არის რუსული პროექტი, რუსეთი პირდაპირ ვერ შემოდის, რუსეთის მიმართ სიმპათიები ქართულ საზოგადოებაში ვერ იქნება ოკუპაციის და უამრავ სხვა მიზეზთა გამო, მაგრამ რუსეთს ძალიან აწუხებს, საქართველო არ დაკარგოს. განსაკუთრებით, საინტერესოა, რომ ლევან ვასაძე პოლიტიკაში შემოვიდა მაშინ, როცა ევროკავშირმა და ამერიკამ წარმატებას მიაღწიეს და განმუხტეს სიტუაცია ქართულ პოლიტიკაში, ვასაძის პირველ წერილშიც ეს ჩანდა, შარლ მიშელმა დაგვიწერა ხელშეკრულებაო. თვითონ რატომ არ დაწერა ხელშეკრულება? ვასაძე ხომ მაგარია? შარლ მიშელის ნაცვლად მოწინააღმდეგე მხარეებისთვის თავად შეეთავაზებინა ხელშეკრულება. თვითონ არაფრის კეთება არ უნდა, ეს არის ტიპური მაგალითი, რომ ჩვენ, ქართველები, არაფერს არ ვაკეთებთ და სხვები რომ გვთავაზობენ დახმარებას, ვამბობთ, ჩვენს საქმეებში ნუ ერევიანო. თუ ასეთი მაგრები ვართ, ჩვენ თვითონვე გავაკეთოთ საქმეები.

თქვენი აზრით, ევროკავშირის ჩართულობამ გაამწარა რუსეთი და ლევან ვასაძის გააქტიურებაც ამას მოჰყვა?

- რა თქმა უნდა, ევროკავშირის ასეთმა ჩართულობამ გაამწარა რუსეთი და ამ ფონზე გამოაცოცხლა ის ძალები, რომლებიც პირდაპირ რუსეთის შესახებ კარგს არ ლაპარაკობენ, მაგრამ ანტიდასავლური, ანტინატოს, ანტიევროკავშირის, ანტიისლამური, ანტითურქული, ანტიირანული, ანტიაზერბაიჯანული განწყობა აქვთ, რათა ეთნიკური და რელიგიური ნაპრალები არ შეწებდეს საქართველოში, პირიქით, ნაპრალები გაფართოვდეს და მუდმივად იყოს გაუცხოება. რუსეთმა კარგად იცის, რომ ლევან ვასაძე ვერ გაიმარჯვებს, ეს თვითონ ვასაძემაც კარგად იცის, იდეალურ შემთხვევაში, შეიძლება 2-3% აიღოს, ამაშიც ეჭვი მეპარება, სამაგიეროდ, როცა იგი ოპოზიციურ პარტიას აფუძნებს, ამ შემთხვევაში, მას აქვს საშუალება, ლეგიტიმურად ისროლოს ფრაზები, რომ ნატო ცუდია და ა.შ. საშუალო სტატისტიკურ ქართველს, რომელიც არ არის აგრესიული, მუდმივად ჩააწვეთოს თავში, რომ ნატო, ევროკავშირი არ ვარგა, რუსეთის შესახებ ხმას არ ამოიღებს, არც კარგს იტყვის, მაგრამ, როცა ნატო და ევროკავშირი „არ ვარგა“, მაშინ ადამიანის თავში ისევ წამოტივტივდება რუსეთი.

ლევან ვასაძე რუსეთის მიმართ მოზომილ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით იძულებულია, ელაპარაკოს რუსეთს, რადგან ამ ტერიტორიებს ძალით ვერ წაართმევს.

- ესეც შემოგდებული თემაა, არავინ არ თვლის რუსეთში, რომ ლევან ვასაძე გაიმარჯვებს, მაგრამ თვლიან, რომ ის მუდმივად ილაპარაკებს ანტიდასავლური განწყობით, ილაპარაკებს დავით გარეჯზე, მოხდება ტემპერატურის აწევა, რათა მეზობლების მიმართ გვქონდეს უარყოფითი დამოკიდებულება. აქ ვგულისხმობ თურქეთს, ასევე, პირველ რიგში, აზერბაიჯანს, რადგან ეს არის ღერძი კავკასიისა. ყარაბაღის შემდეგ რუსეთს უჭირს ურთიერთობები, აზერბაიჯანმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, თუმცა ეს წარმატება არაა საბოლოო. ამ ფონზე რუსეთს არ უნდა პოზიციების დაკარგვა კავკასიაში. პოზიციის დაკარგვა კი მაშინ იქნება, თუ გაძლიერდება ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქული ღერძი. ამიტომაც რუსეთს ისეთი მოთამაშეები შემოჰყავს სცენაზე, რომლებიც ილაპარაკებენ ანტიდასავლურ და ანტიისლამურ თემებზე.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, რას ნიშნავს მმართველი გუნდის მხრიდან ბოლო ხანს მის მიმართ გახშირებული თავდასხმები? რა სიურპრიზს უმზადებს გახარია ქართულ ოცნებას?

- გახარია სულ სხვა თემაა. ის წამოსულია „ქართული ოცნებიდან“ და გახარიას წარმატება „ქართული ოცნების“ შესუსტებას ნიშნავს. ივანიშვილი არ წასულა, მაგრამ იგი არ ჩანს პოლიტიკაში, გახარიას მოქმედება, ჩემი აზრით, მოულოდნელი იყო ივანიშვილისთვის. გახარია ახალი დანიშნული იყო პრემიერ-მინისტრად, ახალი გამარჯვებული იყო „ქართული ოცნება“ და ივანიშვილმაც მშვიდად დაიხურა ქუდი და წავიდა, მეტი რა გაუჭირდებაო „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ასე მალე თუ გაუჭირდებოდა, არ ეგონა. ივანიშვილის უკან დაბრუნება ახლა ძალიან დააზიანებს „ქართულ ოცნებას“, უკეთეს შემთხვევაში, ივანიშვილი შეიძლება დაბრუნდეს მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების წინ, რათა ან კობახიძის გუნდის გარშემო გამოჩნდეს, ან ვინმე სხვის გვერდით, მაგრამ კობახიძე იმდენად არაპოპულარულია, ივანიშვილის მხარდაჭერა არ უშველის, შეიძლება, მოულოდნელად გახარიას გვერდით გამოჩნდეს ივანიშვილი, გამორიცხული არაფერია. ფაქტია, რომ ივანიშვილს უნდა, ხელისუფლებაში დარჩეს ის ძალა, რომელიც მას არ დაუწყებს დევნას, რასაც დიდი ხალისით გააკეთებს „ნაცმოძრაობა“, მას რომ ხელში ჩაუვარდეს ძალაუფლება, მაგრამ ეს შეუძლებელი, წარმოუდგენელია. ერთპიროვნულად ვერ მოვა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში. ასე რომ, მტრის ხატის შექმნა „ქართულ ოცნებას“ მუდამ აწყობს, ამ მხრივ „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, მაგრამ ძალიანაც რომ დაარტყან გახარიას, ამით გააძლიერებენ გახარიას. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, არ შექმნას მესამე ცენტრი. გახარიას თუ ძალიან დაარტყამენ, ამით შექმნიან მესამე ცენტრს. ამიტომ გახარიას მიმართ უფრო „ლაითად“ იმოქმედებენ, მას დასცინებენ, იტყვიან, უპრინციპო ადამიანიაო, სააკაშვილზე კი ამბობდნენ, სისხლის მსმელი, „ბუნტოვშჩიკი“, ქვეყნის მტერიაო. გახარიას ამას ვერ დააბრალებენ, მას დააბრალებენ არაფრის კეთებას, სიზარმაცეს, პრობლემებისგან გაქცევას, რათა საზოგადოებას შეუქმნან განცდა, ვის ენდობით, გახარიას? მან ხომ კრიტიკულ სიტუაციაში მიატოვა ქვეყანა? გახარიასგან შექმნიან ნულს, ხოლო სააკაშვილისგან - მტერს, რათა ამ ორ უკიდურესობაში გამოძვრნენ და 43% აიღონ.

ეს ნიშნავს, რომ გახარია ვერაფერს მიაღწევს ამ არჩევნებზე?

- გახარიამ თუ კარგად იმუშავა და იმ პარტიებთან იპოვა საერთო ენა, ვინც ბარიერი გადალახა და პარლამენტში შევიდა („ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) და ცალსახად დააფიქსირა „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიუღებლობა, მაშინ მას აქვს შანსი, შექმნას მესამე ცენტრი და წამოიღოს ხმები როგორც „ქართული ოცნებისგან“, ისე ოპოზიციისგან. ასეთ შემთხვევაში, შანსი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გადალახოს 43%, საკმაოდ მაღალია.

შესაძლოა, გახარიას წასვლა სიურპრიზი იყო ივანიშვილისთვის, მაგრამ ხომ შეიძლება, ახლაც გადაიკვეთოს მათი გზები, იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილი არ გამორიცხავს მესამე ძალის შექმნას და „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლას?

- არა მგონია, ივანიშვილი ხელოვნურად ქმნიდეს გახარიას. გახარია იქნება, კობახიძე, თუ ღარიბაშვილი, ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, მას პრობლემები არ შეექმნას, გახარია კი ის ადამიანია, ვინც გარანტირებულად ივანიშვილს პრობლემას არ შეუქმნის. მის წინააღმდეგ არ აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს. მაგალითად, ახლა უკრაინაში ოლიგარქების წინააღმდეგ საქმეა აღძრული, გუშინწინ დააპატიმრეს ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი.

ისე, პირიქით, გახარიას შესახებ ამბობენ, რომ ნამახვანჰესის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო მას შეიძლება პრობლემები შეექმნას.

- ნამახვანთან დაკავშირებით ასე იოლად არ არის საქმე და მხოლოდ გახარიაზე ვერ იქნება ლაპარაკი. მაგალითად, „ლელომ“ გააკეთა განცხადება, გახარიამ შეგვიშალა ხელი ანაკლიასთან დაკავშირებითო. იმის ნაცვლად ივანიშვილზე ილაპარაკოს, გახარიაზე ლაპარაკობენ და ძირავს პოტენციურ ოპოზიციას, საკუთარ თავს ხომ ძირავს და ძირავს. თუ რამეზე ლაპარაკი უნდათ, მერე ილაპარაკონ, როცა არჩევნებში გაიმარჯვებენ. გააჩნია, რა ამოცანა აქვს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დარჩენილ ოპოზიციას, მათი ამოცანა თუ არის კობახიძის გუნდის ჩამოშლა, მაშინ უნდა შეეკრან გახარიას. გახარია ერთადერთი ძალაა, ვინც წამოიღებს „ქართული ოცნებიდან“ ხმებს და ამით ჩამოშლის კობახიძის გუნდს. თუ ოპოზიციამ დაარტყა გიორგი გახარიას, იმდენი ჭკუა არ ჰყოფნით, ამით მხოლოდ გააძლიერებენ „ქართულ ოცნებას“.

 

 

Aburjga Tasmanieli სირიკო, წარმატებას მიაღწიეს არა?! ვაი შენს პატრონს! საქართელოში სახელმწიფოებრიობის უკანასკნელ მორცხვად შემორჩენილ ნაშთებს ევროპა და აშშ წერაქვით და ძალაყინით თხრიან! უბედურო საქართელო ასეთი გამონიჭებული შვილები როგორ გააჩინე?!
2 წლის უკან
Katana . ზაქარეიშვილის მხოლოდ ერთ ფრაზას შევეხები:
"ვასაძის პირველ წერილშიც ეს ჩანდა, შარლ მიშელმა დაგვიწერა ხელშეკრულებაო. თვითონ რატომ არ დაწერა ხელშეკრულება? ვასაძე ხომ მაგარია? შარლ მიშელის ნაცვლად მოწინააღმდეგე მხარეებისთვის თავად შეეთავაზებინა ხელშეკრულება."

არ მინდა ვკადრო, ამას შიგ ხო არა აქვს-მეთქი, მაგრამ... ნორმალურია ახლა ეს კაცი?:)

ვასაძეს უნდა დაეწერა ხელშეკრულება, რომლის მიზანიც, კრიმინალების ციხიდან გათავისუფლების ფასად, შალიკოს ფანჩატურის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა იქნებოდა?!
რატომ?
ვინ ჰკითხავდა ვასაძეს ამგვარი ხელშეკრულების დაწერას და რომც დაეწერა, რომელი მხარე მიიღებდა მას სახელმძღვანელოდ?!
გადაირევი, რა!..
რატომ უნდა ჰკითხო ჟურნალისტმა აზრი ადამიანს, რომელსაც შეუძლია ასეთი სირობები ილაპარაკოს?!
2 წლის უკან