„მოსალოდნელია, რომ მელია რადიკალური ჯგუფის და ქუჩის ლიდერად გარეთ დარჩება“ - რა სცენარი მუშავდება კიევში?

„მოსალოდნელია, რომ მელია რადიკალური ჯგუფის და ქუჩის ლიდერად გარეთ დარჩება“ - რა სცენარი მუშავდება კიევში?

შევა თუ არა ბოლოს და ბოლოს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილთან კიევში ვიზიტის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი. მელია უკვე მეორე დღეა კიევშია და სააკაშვილთან იმაზე მორიგებას ცდილობს, ნაციონალების საკონსტიტუციო ორგანოში შესვლა როგორ გაამართლონ. დიდი ალბათობით, მელიას პარტიის თავმჯდომარეობის ილუზია წყალში ჩაიყარა, რადგანაც მას პარტიის წევრები არ უსმენენ და თავად სააკაშვილთან უშუალო მოლაპარაკება გახდა საჭირო.

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ სააკაშვილი და მელია კიევში ამზადებენ სცენარს, რომლის მიხედვითაც პარტიის ნაწილი პარლამენტში შევა, ნაწილი კი გარეთ დარჩება. ამით ის ერთი მხრივ პარლამენტის და მეორე მხრივ ქუჩის გაკონტროლებას შეეცდება. ამ და სხვა პოლიიტკურ მოვლენებზე ანალიტიკოსი ინტერვიუში გვესაუბრება.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უკრაინაში მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციისთვის ჩავიდა. უნდა გადაწყვიტონ საბოლოოდ შედის პარტია პარლამენტში თუ არა. როგორ ფიქრობთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მელიას პარტიაში რეალურად არავინ ემორჩილება და ის ფიქტიური თავმჯდომარეა?

- რეალურად, პარტიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მიხეილ სააკაშვილი განაგებს და არა ნიკა მელია, არაერთხელ დადასტურდა. მით უმეტეს ახლა, როცა მელია პარტიაში ვერაფერს ვეღარც აკონტროლებს და ვეღარც ალაგებს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის მელიათი ჩანაცვლება იმით იყო განპირობებული, რომ სააკაშვილი მისი ციხეში დაჭერის სცენარს ამზადებდა. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი დავინახეთ წყალში ჩაეყარა. მელიამ პარტიაში თითქოს განახლება დაიწყო და რამდენიმე ახალი წევრი მიიყვანა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მის ჭკუაზე პარტიაში არავინ არ გაივლის და ის რეალური მმართველი არ არის.

ენმ არჩევანის წინაშე დგას - შევიდეს პარლამენტში და საკუთარი დამარცხება აღიაროს, ან არ შევიდეს და გარეთ დარჩენილი პოლიტიკურად საერთოდ გაბანკროტდეს. როგორც ჩანს, პარტიის წევრების დიდი ნაწილი მაინც პარლამენტში შესვლისკენ იხრება. თუ ისინი გაზაფხულის სესიაზე პარლამენტში არ შევლენ, უკვე რეგლამენტიდან გამომდინარე, მანდატების დატოვება მოუწევთ. ამიტომ, საბოლოო ჯამში, რაღაცა ნაწილი მაინც შევა. მელია ახლა ცდილობს, რომ რაც სალომე სამადაშვილს დაემართა, იგივე ამ შესულებს არ მოუვიდეთ - ამომრჩევლის მხრიდან მათი დაბულინგება და დაცინვა არ მოხდეს. ამიტომ, ცდილობს, რომ ეს ქცევა რაღაცით გაამართლოს და ახსნას.

თქვენ ფიქრობთ, რომ ახლა კიევში სააკაშვილი სცენარს ამზადებს, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი პარლამენტში შევა, ხოლო ნაწილი გარეთ ქუჩაში დარჩება, რითაც ორი კურდღლის დაჭერას შეეცდებიან - არ დაკარგონ მანდატები და საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოში იმოქმედონ, ხოლო ამის პარალელურად, ქუჩა შეინარჩუნონ?

- დიახ, რა თქმა უნდა, ზუსტად ასეთი სცენარი მუშავდება. იტყვიან, რომ ყველა დეპუტატმა თავად გადაწყვიტოს შევიდნენ თუ არა. ამით ვითომ დემოკრატიულობანას ითამაშებენ. რაც ყველაზე მთავარია, ვინც შევა, შეთანხმდებიან, რომ იმას არ გადაუვლიან.

როგორ ფიქრობთ, ნიკა მელიას ისევ ქუჩის კონტროლი ექნება დავალებული, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში არ შევა? სააკაშვილი მას ახალ მისიას დააკისრებს, თუ პირიქით - მისგან თავის გათავისუფლებას შეეცდება?

- რა თქმა უნდა, მელია სააკაშვილსიგან ვერ გათავისუფლდება. ასეთი რამ არ მოხდება. ამიტომ მელია გარეთ ქუჩაში დარჩება, მით უმეტეს, თუ მელია მერობის კანდიდატად დააყენეს. მას პარლამენტის იმუნიტეტი ისედაც მოხსნილი აქვს, დეპუტატობა აღარაფერში სჭირდება. ამნისტიის კანონით მელიას შეიწყალებენ და სისხლის სამართლის დევნა შეწყდება. ამიტომ მოსალოდნელია, რომ მელია რადიკალური ჯგუფის და ქუჩის ლიდერად გარეთ დარჩება. ხატია დეკანოიძე, თინა ბოკუჩავა, რომლებსაც დასავლეთთან რაღაცა კომუნიკაცია აქვთ, ისინი პარლამენტში შევლენ. ასევე აუცილებლად შევლენ მათი მილიონერი დეპუტატები და მხარდამჭერები: ოქრუაშვილი, ოქრიაშვილი, ნაყოფია, ჩოჩელი და ხაბულიანი. რაღაცა ნაწილი შევა, ნაწილი მელიასთან ქუჩის ფრონტზე იქნება.

პარლამენტში შესვლით „ნაციოანლურ მოძრაობა“ ხომ არ იქნება ჩასაფრებულ პოზიციაში ხელისუფლებასთან, რადგანაც „ოცნებაში“ ბოლო დროს დაწყებული რყევები მათ აძლევთ იმედს, რომ მმართველი გუნდი შეიძლება დაიშალოს. ერთ-ერთი გავლენიანი და ძველი სახე ირაკლი სესიაშვილი პრემიერთან მრჩევლად გადავიდა და პარლამენტი დატოვა. ასევე კახა კახიშვილი საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებს. ეს ყველაფერი იძლევა იმის თქმის საბაბს, რომ სახელისუფლო პარტია დაშლის პირას დგას?

- სესიაშვილის პრემიერთან გადასვლა არ მგონია „ოცნების“ დაშლის მომასწავლებელი იყოს. ის წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მუშაობდა და ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. რაც შეეხება კახიშვილის განცხადებას, ალბათ, ეს უფრო მედიის მიერ იქნა აღქმული, ვიდრე რეალობაა. კახიშვილის „ოცნებაში“ საკმაოდ გავლენიანი და ღვაწლმოსილი ფიგურაა, ამიტომ, როგორც ჩანს, რადგან მაჟორიტარი დეპუტატია, თავისი ამომრჩევლის მიმართ სხვაგვარ პასუხისმგებლობას გრძნობს. ის რომ კახას უნდა თავისი პირობა შეასრულოს, ამაში გასაკვირი არაფერია. არ მაქვს მოლოდინი, რომ ის პარტიას დატოვებს და რაღაცა დაპირისპირება არსებობს. ნაციონალებს არანაირი ხეირი იქიდან - ვინ წავა და ვინ დარჩება პარტიაში - არ ექნება. ახლა თუ ვინმე დაშლის და დაპირისპირების პირასაა, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“. თუ იმაზეა საუბარი, რომ „ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს ვერ აიღებს, ეს სწორი მოლოდინი არაა. მმართველმა გუნდმა საკმაოდ მაღალი შედეგი საპარლამენტო არჩევნებზე უკვე აჩვენა.

თუმცა „ქართული ოცნება“ ახლა იმ შემადგენლობით აღარ არის, როგორიც საპარლამენტო არჩევნების დროს იყოს. პარტია დატოვა ბიძინა ივანიშვილმა და სიის პირველმა ნომერმა, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ. ასევე, გახარია, როგორც ცალკე მოთამაშე, პოლიტიკაში ისევ შემოდის. არ ფიქრობთ, რომ ის მმართველი გუნდის ელექტორატს გადაიბირებს? მით უმეტეს მას საჯარო სამსახურში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და მათი მასობრივი გათავისუფლება დაიწყო. რატომ გგონიათ, რომ ამ შემადგენლობით და ასეთი რყევებით „ოცნება“ 43%-ს აიღებს?

- რა თქმა უნდა, გიორგი გახარია ხმებს „ქართული ოცნებიდან“ წაიღებს. თუმცა პარტიას მყარი ამომრჩეველი, რომელიც 2012 წლიდან მხარს უჭერს, არსადაც არ წავა. გახარია, ჯერ ერთი, ოპოზიციურ ფლანგზე დამკვიდრებისთვის „ოცნებას“ სერიოზულად უნდა დაუპირისპირდეს, ხოლო სახელისუფლო გუნდის ამომრჩეველი გახარიას მხარს რატომ დაუჭერს? პარტიამ, გახარია თავის დროზე, ჯერ რამდენიმე სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშნა და შემდეგ მთავრობის მეთაურად. ის კი შემოუტრიალდა და მძიმე დროს მიატოვა. ამიტომაც მასზე „ოცნების“ მხარდამჭერები განაწყენებულებიც არიან და არ მგონია, რომ დიდი უმრავლესობის გადაბირება შეძლოს. ყველაზე მეტად ვისაც გახარია დააზიანებს, ეს არის მესამე ძალა. ის ნაციონალებს ხმას ვერ წაართმევს, მაგრამ მცირე პარტიებს საკმაოდ დააზიანებს.

ლევან ვასაძეს მოსახლეობასთან როგორც პოლიტიკოსს პირველი შეხვედრა ჰქონდა. როგორ ფიქრობთ, ვისი ელექტორატის გადაბირებას შეძლებს და საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში რა როლი ექნება?

- რა თქმა უნდა, ლევან ვასაძეს საზოგადოებაში მხარდაჭერა ექნება. მისი საბაზო ელექტორატი ძირითადად „პატრიოტთა ალიანსი“ იქნება და მათ სრულად გადაბირებას შეძლებს. ის ღიად პრორუსულ პოლიტიკას ატარებს და გამოსვლის დროს მისი მხრიდან ამაზე განცხადებებიც გაკეთდა. რა თქმა უნდა, „ოცნების“ კონსერვატური ამომრჩევლის ნაწილი მის მხარეს გადავა, მაგრამ ის, რომ ვასაძემ რამე პოლიტიკური სურათი ადგილობრივ არჩევნებში შეცვალოს, გამორიცხულია. ფაქტია, რომ ის ბარიერის გადალახვას შეძლებს, მაგრამ რამე განსაკუთრებულის თქმას ვერ მოახერხებს.