არანაირ ეთნიკურობაზე საუბარი არ არის, ეს იყო კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე - სუბარი დმანისში მომხდარზე

არანაირ ეთნიკურობაზე საუბარი არ არის, ეს იყო კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე - სუბარი დმანისში მომხდარზე

მიმდინარეობს დაკითხვა, ყველა პირი იდენტიფიცირებულია. რასაც ვუყურებდით, ეს ყველაფერი მოხდა ერთი წუთის განმავლობაში და შეიძლება ერთ წუთში პოლიცია ვერ მისულიყო, მაგრამ ძალიან მალე ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდა, თითოეული ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს, დამნაშავეები იქნებიან გამოვლენილი და პასუხსაც აგებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა დმანისში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების დასრულებამდე შეფასებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

„ვიდრე გამოძიება დასრულდება, მანამდე შეფასების გაკეთება ძნელია, მაგრამ რასაც ვუყურებდით, ეს იყო კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე - მაღაზიაში შესვლა, ლუდის მოთხოვნაზე. არანაირ ეთნიკურ კონფლიქტზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ინტეგრაციის პოლიტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თავს სრულფასოვან მოქალაქედ გრძნობდეს და ამისთვის უპირველესია საერთო ენაზე ვმეტყველებდეთ, რომ ადამიანები ვინც სკოლას ამთავრებენ, კარიერის ისეთივე შესაძლებლობა ჰქონდეთ, ვინც სახელმწიფო ენა, ქართული ენა იცის. ამ მხრივ შესაბამისი პოლიტიკა ტარდება და ამაში სახელმწიფო დიდ რესურსს ხარჯავს", - განაცხადა სუბარმა.