„სააკაშვილს სჭირდება თავისი ძალაუფლების საჯარო დემონსტრირება და იბარებს მელიას, როგორც შაჰი“

„სააკაშვილს სჭირდება თავისი ძალაუფლების საჯარო დემონსტრირება და იბარებს მელიას, როგორც შაჰი“

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკრაინაში წავიდა. როგორც ირკვევა, ექსპრეზიდენტთან განხილვის მთავარი თემა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები, სამომავლო გეგმები, პარლამენტში შესვლა-არშესვლისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის საკითხია.

ნიკა მელია აცხადებს, სააკაშვილი და ის ერთმანეთს საკუთარ ხედვებს გააცნობენ. მელიას თქმით, ორივემ უნდა იცოდეს, ერთნაირად ხედავენ მომდევნო წლებს თუ აზრთა სხვადასხვაობაა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია პარტიაში იყოს ჰარმონია და ერთსულოვნება.

„მე ჩემს ხედვას გავაცნობ, ის თავისას. ბუნებრივია, ამ ყველაფერზე იქნება საუბარი. მანაც უნდა იცოდეს და მეც - ჩვენ ერთი სტრატეგია, ერთი ხედვა გვაქვს, ერთნაირად ვხედავთ მომდევნო წლებს თუ აზრთა სხვადასხვაობაა? თუ აზრთა სხვადასხვაობაა, მეც და დარწმუნებული ვარ ისიც ეცდება, შეხების წერტილები გავაძლიეროთ და არა პირიქით.

ის არის ადამიანი, ვისი ხილვაც და საუბარი მინდოდა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილი ორწელიწადნახევარია არ მინახავს. არის საკითხები, რომელიც საჭიროებს კონსენსუსს. არის საკითხები, რაშიც მე პირადად მინდა დავრწმუნდე, რომ გვაქვს ერთი პოზიცია, ვართ ერსთულოვნები. მე როგორც პარტიის გარეთ მინდა ერთობა, ასევე მსურს, პარტიის შიგნით იყოს ჰარმონია“, – თქვა ნიკა მელიამ.

რეალურად, რას ემსახურებოდა პარტიის თავმჯდომარის „დაბარება“ კიევში, რა გადაწყვეტილებას ჩამოიტანს ნიკა მელია საქართველოში და ვიხილავთ თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში? - ეს ისე კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მელიას კიევში გამგზავრებამ გააჩინა.

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ დემონსტრაციულად, ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში შესახვედრად წასვლა, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, რადგან ოფიციალურად, დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, სწორედ მელია ითვლება პარტიის თავმჯდომარედ და არა სააკაშვილი.

„ძალიან სამწუხაროა, რომ თითქოს სააკაშვილი არ მართავს სიტუაციას და პარტიის ხელმძღვანელი ნიკა მელიაა, მაგრამ იგი მიდის და ღრუბლებს მიღმა „ნაციონალური მოძრაობის“ ღმერთთან ლაპარაკობს. ნიკა მელია ნომინალური ფიგურაა. მიხეილ სააკაშვილს იმდენად უნდა დააფიქსიროს საკუთარი ლიდერობა, ნიკა მელია დაიბარა, რომ ხილული გახდეს ეს კონსულტაცია, თორემ, ძალიან ბევრი ფორმა არსებობს კავშირებისა, რომ სხვამ ვერ გაიგოს.

სააკაშვილი იბარებს, როგორც შაჰი და აჩვენებს ყველას, რომ მან დაიბარა მელია, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. იქ რაზე შეთანხმდებიან, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ამაზე შეთანხმება შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი სხვა ფორმით.

სააკაშვილს სჭირდება, ღია, საჯარო დემონსტრაცია თავისი ძალაუფლების. მელიას ჭკუა ყოფნის, რომ ხვდებოდეს ამას, მაგრამ მაინც აკეთებს, რადგან კარგად იცის, ვინ არის რეალური და ნამდვილი მმართველი. მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ჩანს საზოგადოების თვალში - საზოგადოება ხედავს იმას, რომ ნიკა მელია კი არის პირველი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი პირველზე პირველია, უფრო მაღლა დგას. მისთვის ეს კომპლექსია და სწორედ ამას ადასტურებს ეს ყველაფერი.

შეურაცხმყოფელიც კია „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისათვის, რომ დემოკრატიის არავითარი ნიშნები არ არის. ყველაფერი, რაც გარედან ჩანს, არის „ბლეფი“ და ფარისევლობა. შევლენ თუ არა პარლამენტში, მალე დავინახავთ. შეიძლება პარტიაში დაძაბულობა არის და სხვადასხვა მოსაზრებებიც, ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესის ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს და არა დაბარებებით, არალეგიტიმურ, უცხო ქვეყნაში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქესთან“, - თქვა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ დისტანციურად ბევრ საკითხზე საუბარი და შეჯერება რთული იქნოდა. სწორედ ამით ხსნის მელიას უკრაინაში გამგზავრების ფაქტს. მისივე თქმით, იყო ალბათობა იმისა, რომ მათი საუბარი შემდეგ საჯარო გამხდარიყო, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სააკაშვილის მთავარ როლს პარტიაში.

„თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ დისტანციური კომუნიკაციის დროს ნასაუბრები იქნეს გაშიფრული და შემდეგ გამოყენებული სხვადასხვა მიზნებისთვის. ამიტომ, ბოლომდე დაცული არ ხარ და ეს ვნახეთ - გამოჟონილი სატელეფონო საუბრები სხვადასხვა პოლიტიკოსების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისაც. შეიძლება სწორედ ამიტომ დაიბარეს და ჩავიდა უკრაინაში მელია. დისტანციური კომუნიკაცია მაინც ბოლომდე ვერ ცვლის უშუალო ურთიერთობებს. მათ ძალიან ბევრი საკითხი ექნებათ გასარჩევი, მათ შორის ის, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით და ასევე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა.

ეს ორი თემა არის მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად არის მისაღები, რადგან დრო არ იცდის, დასავლელი პარტნიორებიც მოლოდინის რეჟიმში არიან. დიდწილად ამაზე იქნება დამოკიდებული „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერის ხარისხიც, როგორც პოლიტიკური სუბიექტის მიმართ, ასევე პარტიის მომავალიც. უნდა გაეცეს პასუხი, ქუჩაში რჩება პარტია და იქიდან აგრძელებს ბრძოლას თუ შედის პარლამენტში.

ნიკა მელიას კიევში ჩასვლა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რეალურად ვინ არის „ნაცმოძრაობის“ ლიდერი და ვისთან არის საჭირო გადაწყვეტილების მიღება. ბუნებრივია, რომ „ნაცმოძრაობას“ მოუწევდა სააკაშვილისთვის ეკითხა აზრი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“, - აღნიშნა ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში უკვე შევიდა ოპოზიციური პარტიების ნაწილი. შესვლაზე უარს აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა, ამ დროისთვის შესვლის საკითხი პარტიაში განიხილება და მათი ნაწილი მომხრეა, რომ შევიდნენ.