შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კოდექსზე: ძალიან ახლოს ვართ შედეგთან, დღეს ოპოზიციასთან რამდენიმე საკითხი შევათანხმეთ

შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კოდექსზე: ძალიან ახლოს ვართ შედეგთან, დღეს ოპოზიციასთან რამდენიმე საკითხი შევათანხმეთ

ძალიან ახლოს ვართ შედეგთან, დღეს ოპოზიციასთან რამდენიმე საკითხი შევათანხმეთ, - ამის შესახებ „ქრონიკას“საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ორშაბათს შევხვდებით, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ტექსტზე ჩამოვყალიბდეთ. არის რიგი საკითხები,რომელზეც დრო სჭირდებათ ჩვენს კოლეგებს, რომ საბოლოო პოზიცია ჩამოაყალიბონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, კვლავ განხილვის საგანია ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი. „აქ ერთ ვარიანტზე ვმსჯელობთ და შესაძლოა შევთანხმდეთ. რაც შეეხება ადმინისტრაციების დაკომპლექტებას, ცესკოს, ოლქის და უბნის აქაც ვფიქრობთ, რომ პრინციპზე თითქმის შეთანხმებული ვართ“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, რამდენიმე პარტია ეთანხმება პოზიციას, რომ ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილიდან ერთი უმრავლესობის, ხოლო მეორე ოპოზიციის წარმომადგენელი იყოს. „ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ცესკოს მოადგილიდან ერთი უმრავლესობის, ხოლო მეორე ოპოზიციის წარმომადგენელი ყოფილიყო, რაც შეეხება მესამე წევრს, რომელიც პროფესიული ნიშნით იქნებოდა დანიშნული,მას შეესრულებინა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება მაშინ როცა თავმჯდომარე ამას ვერ შეძლებდა. ოპოზიციონერი კოლეგებისაგან იყო შეთავაზება, რომ საარჩევნო პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობა შეასრულოს პროფესიულმა წევრმა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში ამის გაკეთება შეეძლოს ოპოზიციის კანდიდატსაც. ჩვენ ზოგადად ამ მიდგომასთან გვქონდა წინააღმდეგობა, რომ პარტიული წარმომადგენელი რაღაც მომენტში იყოს თავმჯდომარე არაა კარგი და სწორი სამართლებრივადაც და იმ არსიდანაც რაც ცესკოს აქვს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მხარეები ამ საკითხებზე მსჯელობენ და საბოლოო შეთანხმება მიღწეული იქნება.