სააკაშვილი–მელია–უგულავა – კიდევ ერთხელ, საქართველოს წინააღმდეგ!

სააკაშვილი–მელია–უგულავა – კიდევ ერთხელ, საქართველოს წინააღმდეგ!

2021 წლის მდგომარეობით სტრასბურგის სასამართლო განიხილავს 64 850 საქმეს. ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა საქართველოს მიმართ შესული საჩივრების რაოდენობა. 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმოებაში იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3045 საქმე, ხოლო 2020 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ 532 საქმეს განიხილავს.

როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა – მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა მელიამ და გიგი უგულავამ საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სამივე საქმე განხილვის საწყის ეტაპზეა და ახლა იწყება მხარეების მიერ მტკიცებულებების წარდგენა.

საქართველოს მთავრობას სამივე საქმეზე აქვს მყარი არგუმენტები, რომლებსაც ევროპულ სასამართლოში წარადგენს. სამივე მომჩივნის საქმეს – „სააკაშვილი, მელია და უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ – სტრასბურგის სასამართლო სტანდარტული პროცედურით განიხილავს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მომჩივნებისგან და საქართველოს მთავრობისგან მიიღებს 2–2 წერილობით პოზიციას მტკიცებულებებთან ერთად და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას გამოიტანს. მხარეების მიერ პოზიციების გაცვლას და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას, სულ მცირე, 2 წელი დასჭირდება.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილი დავობს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების გამო მის მიმართ დამდგარი განაჩენი ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება. ევროპული სასამართლო საკუთარ კორესპონდენციაში უთითებს, რომ ეს სწორედ ის საქმეა, რომელზეც თავად სტრასბურგის სასამართლომ დაუდგინა საქართველოს დარღვევა 2011 წლის 26 აპრილს საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“.

სააკაშვილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოა საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც დადასტურდა, რომ 2005 წლის 14 ივლისს პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის, სასტიკი ცემა მიხელ სააკაშვილის პირადი დავალებით განხორციელდა, რის გამოც მას მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ბრალდებულის მტკიცებით, 2021 წლის 23 თებერვალს მისი დაკავება არ შეესაბამება ევროპული კონვენციის მოთხოვნებს. სასამართლო საქართველოსთვის გამოგზავნილ კორესპონდენციაში აღწერს, რომ მელიას დაკავებას წინ უძღოდა 2020 წლის 1 ნოემბერს მის მიერ სამაჯურის მოხსნა და შემდეგ გირაოს გადახდაზე უარის თქმა, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გიგი უგულავა კი, საჩივარში დავობს საქართველოში მის მიმართ დასრულებულ და მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის საქმეზე: 1 – ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის ეპიზოდი, რომლის ფარგლებში უგულავა მსჯავრდებულია სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით მითვისება–გაფლანგვისთვის; 2 – ე.წ. რიყის ეპიზოდი; 3 – ე.წ. თბილსერვისჯგუფის ეპიზოდი, რომლის ფარგლებშიც უგულავა მსჯავრდებულია უფლებამოსილების გადამეტებისთვის; 4 – 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, რომლის ფარგლებშიც უგულავა ბრალდებულია ძალადობის გამო.

გიგი უგუალავას უფლებას სტრასბურგის სასამართლოში, სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლული, სანდრო გირგვლიანის ადვოკატი, შალვა შავგულიძე დაიცავს. პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ თუ სააკაშვილის რეჟიმის დროს ირღვეოდა უფლებები და აპროტესტებდა, როცა იგივე ხდება ივანიშვილის დროს, ესეც უნდა გააპროტესტოს. შესაბამისად, ოპოზიციონერ შავგულიძეს სულაც არ უქმნის უხერხულობას ის ფაქტი, რომ ბიუჯეტის გაფლანგვისთვის ბრალდებული გიგი უგულავას უფლებებს იცავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, მათ სასარჩელო მოთხოვნაში აღნიშნული იყო, რომ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული იყო უკანონო პატიმრობა და მასთან მიმართებით სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მიზნებით გამოიყენეს. ადვოკატის თქმით, დაირღვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მე–18 და მე–5 მუხლები.

„ნიკა მელიას დაკავებიდან რამდენიმე დღეში მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასმართლოს და რეკორდულად მცირე ხანში მოხდა სარჩელის კომუნიცირება. ხელისუფლებას ჯერ კიდევ 21 აპრილს გადმოეგზავნა კითხვები, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლო პარალელს ავლებს ნიკა მელიას საქმესა და ალექსანდრე ნავალნის საქმესა და იულია ტიმოშენკოს საქმესთან მიმართებაში, კითხვებს სვამს, ხომ არ არის გამოყენებული ნიკა მელიასთან მიმართ პატიმრობა და სისხლის სამართლის საქმე სხვა მიზნებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეს არის სტრასბურგის სასამართლოში იმ ადამიანების სარჩელი, ვისი ხელისუფლების და ვის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს ათასობით საჩივარი ჰქონდათ შეტანილი, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ.

„მაშინ ეს ადამიანები უგულებელყოფდნენ სტრასბურგში შეტანილ საჩივრებს. უგულებელყოფდნენ სამართლიანი სასამართლოს პრინციპს და ადამიანის უფლებებს. საფუძვლიან კითხვებს აჩენს, რომ ეს არის უფრო პოლიტიკური აქტი, ვიდრე მათი მხრიდან რაიმე სიმართლის ძებნის მცდელობა. ეს დაგვიანებულია, ვინაიდან მათთან მიმართებაში საქმეები უკვე ბევრი წელია, სასმართლოში იხილება და გადაწყვეტილებებიც იყო მიღებული.

ეს არის პოლიტიკური აქტი, რომლითაც ისინი ცდილობენ, პოლიტიკური ვიტამინები გადაისხან და პოლიტიკური ყურადღების ცენტრში დაბრუნდნენ, რაც, ვფიქრობ, არ გამოუვათ. ჩვენ ვენდობით და ყოველთვის სრულ ნდობას ვუცხადებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაველოდოთ, ვფიქრობ, ისინი მიიღებენ სამართლიან პასუხებს საკუთარ საჩივრებზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში ამ ეტაპისთვის ნიკა მელიას საქმეზე სარჩელის შესწავლა და საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია მიმდინარეობს. შესაბამისად, როგორც დეპუტატი აცხადებს, სარჩელს ჯერ დასაშვებობის ეტაპი არ გაუვლია.

„პროცედურულად, სარჩელი ფორმალურად თუკი გამართულია, ხდება მისი შესწავლა. ახლა არის ეს ეტაპი, რომ ხდება სარჩელის შესწავლა, საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია. ასე რომ, ჯერ დასაშვებობის ეტაპი არ გაუვლია. რაც შეეხება ნიკა მელიას საქმეს, ეს ყველაფერი მოხდა ჩვენს თვალწინ, ჩვენ თვალწინ მოიხსნა სამაჯური, თქვა, რომ არ ემორჩილება ქართულ მართლმსაჯულებას, ჩვენ თვალწინ თქვა, რომ არ გადაიხდის გირაოს და ვერ დაიჭერენ. კანონის შესაბამისი პასუხი მოყვა ამ ყველაფერს.

შემდეგ მისგან გვესმოდა საუბარი, რომ გირაოს არ მიიღებდა, ყველა, ვინც გირაოს გადაიხდიდა, მისი მტერი იქნებოდა. საბოლოო ჯამში, ვნახეთ როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. ის დააკავა მართლმსაჯულებამ, გირაოც გადაიხადეს, ამნისტიაც იქნება გამოცემული. ეს არის უბრალოდ მცდელობა, საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენებით აწიონ თემა. გარწმუნებთ, შინაარსობრივად რაიმე პრობლემა არ არის“, – აცხადებს პაპუაშვილი.

უმრავლესობის წევრის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაუწყვეტია და ბევრი დარღვევა დაუდგენია. ის, რომ რაღაც საჩივარია შესული, სხვა საქმეებთან რაიმე პარალელს არ ავლენს. მისი თქმით, ხდება კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, რათა მიიღონ პასუხები გარკვეულ კითხვებთან დაკავშირებით.

„რამდენად არასერიოზულ მდგომარეობაში იყენებენ თავს ჩვენი ოპონენტები, აჩვენებს ისიც, რომ საქმე არის „ნიკა მელია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. სინამდვილეში, თუ იქნება განხილვა, საქმე იქნება „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“. მას, როგორც ჩანს, ეთაკილება თქმა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. როგორც ჩანს, მას თავად ეუხერხულება და ეხამუშება ამის თქმა. საზოგადოებასთან ურთიერთობაში იმას არ ახსენებს, რომ ეს არის საქმე საქართველოს წინააღმდეგ და ესეც აჩვენებს, თუ რამდენად ნაკლებად გამბედავია და ამ საქმეს დაარქვა „მელია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ეს არის სასაცილო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასე არ ფიქრობს ნიკა მელია და უკვირს, რატომ ღელავს „ქართული ოცნება“.

„ძალიან გთხოვთ, „ქართული ოცნება“ რომ დარდობს და მის პოლიტიკურ პერსპექტივებს წყალი უდგება, ნუ მთხოვთ, რომ მე ვიდარდო ამაზე. ჩემი აზრით, მე არ უნდა ვდარდობდე, „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე. ნებისმიერ შემდეგ ხელისუფლებასაც, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს და მძიმე შეცდომას დაუშვებს, პასუხისგებაც მოუწევს. ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა „ქართული ოცნებაც“ და კიდევ უფრო გაღრმავდება მათი პრობლემა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.