„ხელისუფლებას დღეს, როცა პარლამენტში სხვა პარტიები უკვე შევიდნენ, ენმ-ის შესვლა არ აწყობს“

„ხელისუფლებას დღეს, როცა პარლამენტში სხვა პარტიები უკვე შევიდნენ, ენმ-ის შესვლა არ აწყობს“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. არაა გამორიცხული, რომ პარტიის ზოგიერთმა წევრმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღოს. მას შემდეგ, რაც პარტიამ 15 მაისს დაანონსებული აქციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, გაჩნდა ეჭვი, რომ პარტიის უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის მომხრეა. ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ამის შესახებ გამოკითხვა მომხრეებს შორის სოცილური ქსელით მოხდეს, თუმცა, საბოლოოდ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, უცნობია.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, ნაციონალები პარლამენტში შევლენ, რადგან გარეთ მარტო დარჩენილები ვერაფერს შეძლებენ და პირიქით - დაზიანდებიან. პარლამენტში შესულებს კი შანსი აქვთ, რომ თუკი „ოცნების“ დაშლა მოხდება, როგორც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნას, ან კიდევ ოპოზიციის გაერთიანება ახლა პარლამენტის შიგნით სცადონ. როგორც ჩანს, ამ ტაქტიკას პარტიის შიგნითაც განიხილავენ და პარლამენტში შესვლის მოტივსაც ამით ხსნიან.

„უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი“, - ამის შესახებ კი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არა, მნიშვნელოვანი არ არის.

„ეს არა არის არც სუბიექტურად, არც ობიექტურად საინტერესო არავისთვის, მათ შორის არც ჩვენთვის. მთავარია, რომ პარლამენტი სათანადოდ არის დაკომპლექტებული, ოპოზიცია არის სათანადოდ წარმოდგენილი, ხელმოწერილია შესაბამისი შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით. აქედან გამომდინარე, მთელი ეს ხელოვნური კრიზისი უკვე წარსულს არის ჩაბარებული. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არ შემოვა, ამას არავისთვის, არც სუბექტურად და არც ობიექტურად, აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა. შეიძლება უკეთესიც იყოს და ალბათ, უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკა მელიას განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რეგიონებში ჩავლისა და საკითხზე საზოგადოების ფართო სპექტრის მოსაზრების მოსმენის შემდეგ გამოაცხადებს.

ამასთან, მელიამ ირაკლი კობახიძესაც უპასუხა: „გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს მიღებული აქვს, შესაძლებელია, მეც მქონდეს მიღებული, წინ შეიძლება ბევრი არაფერი მედგეს, რომ დღეს საღამოს ბრიფინგი ჩავატარო და საზოგადოებას ვაცნობო პარტიის სახელით გადაწყვეტილება. სულ რაღაც, 4 დღეა იქ ვარ, სადაც ვარ და არ ვარ იქ, სადაც ვიყავი. არ მინდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ უპატივცემულობა დავაფიქსირო ამ უზარმაზარ პარტიაში და ამავე დროს, არ მინდა, რომ თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. დაგველოდოს ბატონი ირაკლი! ვინმეს თუ არაფერი არ უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის, ენმ პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხემოწერის გარეშე შევიდეს.

„ასეთი მოსაზრებაც არის, არ დაგიმალავთ. ამ შეთანხმებაში არის ამნისტიის კანონი, რომელიც მე ძალიან მაწუხებს. 333-ე მუხლი მაწუხებს, რადგან ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს 333-ე მუხლი გადაეფაროს ძალიან ბევრ დანაშაულს, რომელიც სამართალდამცავებმა ჩაიდინეს. მე არ მივიჩნევ, რომ მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმა არის ყოვლისმომცველი, თუმცა ამ საკითხებზე თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ. თუ შევალთ პარლამენტში, უნდა მივიღოთ ამ დისკუსიაში მონაწილეობა“, - განაცხადა მედიასთან დეკანოიძემ.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს იტყვის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, ხატია დეკანოიძე გახდება თუ არა დამოუკიდებლად მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი? - პოლიტიკოსი იმედს გამოთქვამს, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება არ მოუწევს.

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი მეგობრებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ მოცემულობაში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება არ მოუხდეს რომელიმე კონკრეტულ, ან ბლოკის წევრს“, -აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

„ბოიკოტმა აზრი დაკარგა“ - ამ მიმართვას პეტრე ცისკარიშვილი ახმიანებს და „ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„ჩემი პირადი აზრია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენმა ფრაქციამ, რომელიც ყველაზე დიდი ფრაქცია იქნება, მე-10 მოწვევის პარლამენტში მონაწილეობა უნდა მიიღოს, იმიტომ, რომ ახლა ის მოცემულობაა, როდესაც ბოიკოტს აზრი აღარ აქვს.

ქვეყნისთვისაც, ამ პარტიისთვისაც და დემოკრატიისთვისაც უკეთესი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქ იყოს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ცუდსა და უარესს შორის. მისი თქმით, პარტიაში არის ბევრი სხვადასხვა აზრი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კონსულტაციები გრძელდება.

ანალიტოკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ნაციონალების უმეტესობა პარლამენტში შევა. მისი თქმით, სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტი იყო ის რუბიკონი, რომელმაც პარტიაში სრული დაქსაქსულობა გამოიწვია. დღემდე გვესმის, რომ დოკუმენტი არასრულყოფილი და უსამართლოა, მაგრამ მაინც სხვა გზა არ ქვთ, დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ და პარლამენტში შევიდნენ. დაქსაქსულობა კიდევ უფრო იზრდება, ამიტომ არაა გამორიცხული, თვითმმარველობის არჩევნებზე ოპოზიციამ გაერთიანება საერთოდ ვერ შეძლოს.

„ნიკა მელიას პრობლემა სწორედ ის არის, რომ აქამდე ისევ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ინსტრუქციების შემსრულებელია. იმ დროს, როდესაც ოფიციალურად პარტიის თავმჯდომარე თავად ნიკა მელიაა. მას სურვილი აქვს, რომ პარტიის რეორგანზიაცია მოახდინოს, ახალი სახეები შემოიყვანოს, ოპოზიციის კონსოლიდაცია მოახდინოს, ამის გაკეთება გაუჭირდება, თუ სააკაშვილის ინსტრუქციებს ბრმად გაჰყვება. სააკაშვილის სიტყვა და ქმედებები უკვე მრავალი წელია ერთმანეთს აცდენილია. სააკაშვილმა უკვე პოლიტიკური წონით მელია დაბლა დასცა. ჯერ ერთხელ ათქმევინა, რომ გირაოს არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს და ახლა არ გადავიხდი და არ გამოვალო. არადა საბოლოოდ ყველაფერი სრულიად პირიქით განვითარდა. ამიტომ სააკაშვილის ფაქტორი ძალიან დამაზიანებელია. თუ ამას ოპოზიცია და მელია ვერ ხვდებინ, მაშინ პოლიტიკურ თვითგანადგურების გზაზე მათი არჩევანი გაკეთებულია“, - აცახდებს გია აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ამ პარტიის ქმედებების პროგნოზირება რთულია. ჯერ, ორი თვით ადრე, 15 მაისს აქცია დააანონსეს და მერე ორი დღით ადრე ის გააუქმეს, ასეთი ხალხის ქცევის წინასწარმეტყველება ჭირს. აბაშიძე ამბობს, რომ თუკი მელიას და რურუას გარდა საპროტესტო სხვა რაღაცებიც აქვთ, მაშინ თბილისის ცენტრში ამ გაბრაზებული მხარდამჭერების მობილიზება რაღა გახდა. ამიტომაც ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, შევა თუ არა ენმ პარლამენტში, რადგან ეს დამოკიდებული იმაზეა, მათი ბელადი რას ურჩევთ და რას - არა.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ახლა ნაციონალებს პარლამენტში შესვლა ყველაზე მეტად უნდა აწყობდეს. მის აზრით, „ოცნების“ დამარცხებას საკანონმდებლო ორგანოში უფრო შეძლებენ. ის მიიჩნევს, რომ თუ „ოცნებას“ დეპუტატები კიდევ დატოვებენ, უმრავლესობას დაკარგავენ და შესაძლებელი იქნება, რომ ოპოზიციამ „ოცნება“ პარლამენტის შიგნით დაასრულოს, ანუ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს და პრემიერი გადააყენონ. ის 15 მაისის გაუქმებას კი იმით ხსნის, რომ ენმ ამ აქციას სხვა პარტიებთან ერთად გეგმავდა. ამიტომ პარტიამ რეგიონებში ჩასვლა და გრანდიოზული აქციის დაგეგმვა ვეღარ შეძლო.

„ამ ეტაპზე იმდენ ხალხს ვერ შეკრებენ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, სხვა დროისთვის უფრო გადაიდო. ასევე, როგორც ჩანს, ახლა მათი მთავარი საფიქრალი პარლამენტში შესვლა-არშესვლაა. ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც შესვლის მომხრეები არიან, რადგან ასეთ შემთხვევაში პარტიას ექნება შესაძლებლობა, რომ საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს და პარალელურადაც შეუძლია აქციები მოაწყოს.

თუ პარტიაში კენჭისყრა ჩატარდა და უმრავლესობის აზრი გათვალისწინებული იქნა, დემოკრატიულად წარმოჩინდება, რომელიც ამ შემთხვევაში არაერთი ადამიანის, მაგალითად მესამე პრეზიდენტის ნება-სურვილს ექვემდებარება, არამედ პარტიის უმეტესობის არჩევანს. ვფიქრობ, რომ პარტიაში უთანხმოება არსებობს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დემოკრატიულად გადაწყდება.

„მგონია, ხელისუფლებას, დღეს, როცა პარლამენტში სხვა პარტიები უკვე შევიდნენ, ენმ-ის შესვლა არ აწყობს“, - ამბობს ჩიტაძე.

მისივე თქმით, ენმ საკითხს პრაგმატულად უნდა მიუდგეს. თუ „ოცნებაში“ პრობლემები შეიქმნა, მაშინ „ნაცმოძრაობას“ პარლამენტში შესვლა დასჭირდება, რომ შესაბამისი ძალთა თანაფარდობა იყოს. პარტიამაც უნდა გაითვალისწინოს - თუ პარლამენტში არ შევლენ, ამის ალტერნატივა რა იქნება!