გია ბარამიძე:  მჯერა, ამ ე.წ. პარლამენტში არშესვლით, მეტი მხარდამჭერი გვეყოლება

გია ბარამიძე:  მჯერა, ამ ე.წ. პარლამენტში არშესვლით, მეტი მხარდამჭერი გვეყოლება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია ბარამიძის განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას პოლიტსაბჭოსთან ერთად, პროცესში ჩართული უნდა იყვნენ რიგითი წევრები და მხარდამჭერებიც.

„გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო მიიღებს ამ თავის სხდომაზე ან შესაძლოა, გადაწყვეტილების მექანიზმი ავირჩიოთ ისეთი, როგორიც თავის დროზე გვქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის დროს, როდესაც ორი ძალიან კარგი კანდიდატურიდან ავირჩიეთ ერთი. ამ პროცესში, რამდენადაც ტექნიკურად საშუალება გვქონდა, ჩვენი რიგითი წევრები და მხარდამჭერები მაქსიმალური რაოდენობით ჩავრთეთ. ჩემი ინიციატივაა, რომ რადგან საკითხი ასეთი მაღალი ინტერესის და მნიშვნელობის არის, ამ შემთხვევაშიც ასეთივე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე იყოს. აქედან გამომდინარე, მაღალი ლეგიტიმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს, როდესაც თუნდაც 115-კაციანი პოლიტსაბჭო კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ ჩართული იყვნენ ჩვენი რიგითი წევრებისა და მხარდამჭერების მაქსიმალური რაოდენობა. რასაც ისინი გადაწყვეტენ, ყველანი იმ გზას უნდა დავადგეთ“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

ბარამიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტში არშესვლით პარტიას მეტი მხარდამჭერი ეყოლება.

„დარწმუნებული ვარ, ერთიანობით რეჟიმს აუცილებლად დავამარცხებთ. მჯერა, ამ ე.წ. პარლამენტში არშესვლით ჩვენ მეტი მხარდამჭერი გვეყოლება და უფრო მარტივად დავამარცხებთ ამ ოლიგარქის პუტინისტურ რეჟიმს. დემოკრატიული წესით ჩვენი პარტიის რიგითი მხარდამჭერები და წევრები რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ბუნებრივია, ყველამ ის უნდა გაიზიაროს. ჩვენთან კამათი არც პირველია და არც უკანასკნელი, ყოველთვის არის კამათი, მაგრამ ამჯერად, როგორც ეს თავის დროზე თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით იყო, საკითხი სამსჯელოდ გარეთაა გამოტანილი. მაშინ თუ გვქონდა პიროვნებების პრაიმერისი, იმედი მაქვს, ახლა ყველას მონაწილეობით ჩატარდება და იქნება იდეების პრაიმერისი. როგორც ყოველთვის გაგვიკეთებია, ვიმსჯელებთ, ვიკამათებთ, შესაძლოა, ვიჩხუბოთ, წარსულში ასეც ყოფილა, მაგრამ რა გადაწყვეტილებასაც დემოკრატიული წესით მივიღებთ, ყველანი იმ გადაწყვეტილებას ვასრულებთ“, – აღნიშნა გია ბარამიძემ.