სანამ ამ ამბავს მოგიყვებით, მათ, ვინც არ იცის, ინფორმაციას მივაწვდი, რომ უკვე რამდენიმე წელია, ტრადიციულად, ეროვნული თასის გათამაშება ტარდება, რომლის ფინალიც დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს იმართება.
ჰოდა, წელსაც ტრადიცია არ დაირღვა და ფინალში თბილისის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ 2:1 მოუგო და შესაბამისად, თასის მფლობელი გახდა.
ეს პრეისტორია კი იმისთვის დამჭირდა, რომ ამბავი გითხრათ - 5 ივნისს „ტიფლის კლუბში“ გამარჯვებულ გუნდს ბანკეტს უმართავენ. როგორც „დინამოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა მითხრა, „არტ-იმედი“ სიურპრიზებს გვიმზადებს და არ ვიცით რა მოხდებაო.
მე „დინამოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტსაც დავუკავშირდი და იქაც თითქმის ანალოგიური ინფორმაცია მომაწოდეს - „არტ-იმედი“ „დინამოს“ საღამოზე იწვევს და სიურპრიზებსაც ელოდებიან. და კიდევ, თურმე მერაბ სეფაშვილის ინიციატივით, „არტ-იმედი“ ამ ბანკეტზე „დინამოსთან“ თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებს. როდესაც დავინტერესდი, რა ურთიერთობა შეიძლება დამყარდეს მომღერლებსა და ფეხბურთელებს შორის-მეთქი, დამაკვალიანეს, „არტ-იმედი“ სპორტის პოპულარიზაციაში დაგვეხმარებაო.
რაც შეეხება სიურპრიზებს, ჩემი „ფუნქციაც“ ხომ სწორედ ის გახლავთ, ასეთი ამბები მოგაწოდოთ. ჰოდა, როგორც გავიგე, ერთ-ერთი სიურპრიზი ასეთია - ვაჟა აზარაშვილის სიმღერას „დინამო, დინამო“ მერაბ სეფაშვილი და „რუსთავი-2“ის სპორტული ჟურნალისტი დიმა ობოლაძე შეასრულებენ. და რადგან ეს ამბავი „საიდუმლოა“, კომენტარს არავინ აკეთებს.
სხვათა შორის, დიმა ობოლაძისთვის ეს დებიუტი არ გახლავთ, მან ახალ წელსაც სცადა თავისი ვოკალური მონაცემების გამომჟღავნება. რაც შეეხება სეფაშვილს, სპორტი და კონკრეტულად ფეხბურთი რომ უყვარს, ხალხი ამაში საბოლოოდ მაშინ დარწმუნდა, როცა ნაკრების ჰიმნი „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად იმღერა.