ვენეცია, ვენეცია...

ვენეცია, ვენეცია...

ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით უკვე აზრთა სხვადასხვაობაა, ხელისუფლება აცხადებს, რომ კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ცალსახად დადებითად შეაფასა და ყველა ძირითად დებულებას დაეთანხმა, საპარლამენტო უმცირესობა საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ვენეციის კომისია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მიღებულ დასკვნაში, ქართულ მხარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შესახებ გარდამავალი ნორმის წაშლას სთხოვს. შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიაში დღეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე  მსჯელობდნენ. ვენეციაში საქართველოდან იმყოფებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, დეპუტატები თინა ხიდაშელი და აკაკი მინაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი, რომელიც სხდომას უშუალოდ ესწრებოდა, აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის მიერ მიღებული დასკვნა და რეკომენდაციები სრულ თანხვედრაშია ხელისუფლების შეხედულებებთან და კანონპროექტის დებულებებთან, რომელიც სასამართლო ხელისუფლების რეფორმას ითვალისწინებს.

როგორც თინა ხიდაშელი ამბობს, მაღალი ტრიბუნიდან ცალსახად ითქვა, რომ სისტემა, რომელიც საქართველოში არსებობდა, დემოკრატიასთან არ არის თავსებადი და წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან.

„დასკვნაში პოზიტიურად და პროგრესულად არის შეფასებული ყველა ცვლილება, რომელიც ჩვენს მიერ არის შეთავაზებული. კომისია იზიარებს არა მხოლოდ ცვლილებებს, არამედ მათ გამომწვევ მიზეზებს და დღეს მათი მიღების აუცილებობას. შეუძლებელია განსხვავებული დასკვნა ყოფილიყო, ვინაიდან იმის ნაცვლად, რომ სასამართოს თავმჯდომარემ წარადგინოს საბჭოს წევრები, რომელთაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არა კონფერენცია, არამედ აღამსრულებეალი კომიტეტი ირჩევს, ჩვენ ვთავაზობთ მოსამართლეთა კონფერენციაზე შეუზღუდავი კენჭისყრის უფლებას, როდესაც არჩევნები ფარულად ტარდება და ყველას აქვს შესაძლებლობა არჩეულ იქნას.

ასევე, პროგრესის და დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად არის შეფასებული ჩვენს მიერ შეთავაზებული სხვა დებულებებიც. ამასთანავე, წინააღმდეგობრივ დებულებაზე, რომელიც საბჭოს წევრების მანდატის შეწყვეტას ეხება, ვენეციის კომისია დაეთანხმა ჩვენს გარდამავალ დებულებებს, რომელიც ითვალისწინებს ახალი დემოკრატიული მოდელის დღევანდელობასთან დაახლოებას და, შესაბამისად, არჩევნების ახალი წესის გამოყენებას იმ პირებთან მიმარებაში, ვინც დანიშნული არიან ადმინისტრაციული საბჭოს მიერ“, - აცხადებს ხიდაშელი.

საპარლამენტო უმცირესობის მტკიცებით, ვენეციის კომისია თავის დასკვნაში ქართულ მხარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შესახებ გარდამავალი ნორმის წაშლას სთხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით უმცირესობის წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე წერს. მისივე განმარტებით, ვენეციის კომისიამ დასკვნის პროექტი „ამ წუთებში“ მიიღო და მასში ყველა ის პუნქტი, რომელზეც უმცირესობის წევრები საუბრობდნენ, იგივე სახითაა ასახული.

„იუსტიციის მინისტრს პირობა დაუდია, უკან გავითხოვ სასამართლოების შესახებ კანონს და გადავამუშავებთო. ვენეციის კომისიის დასკვნა სასამართლოებზე და კონკრეტულად იმაზე, რომ კანონიდან უნდა წაიშალოს ის გარდამავალი ნორმა, რომელიც ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დათხოვნას და ახალი წევრების არჩევას, ნიშნავს იმასაც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების დათხოვნა და ახლი შემადგენლობის არჩევა არ შეესაბამება კანონის უზენაესობის პრინციპს. ესეც არ უნდა გავაყვანინოთ!!!! გილოცავთ“! - წერს თაქთაქიშვილი საკუთარ გვერდზე.

ჩიორა თაქთაქიშვილი თავის დროზე იმასაც ამტკიცებდა, რომ ოქტომბერში არჩევნები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო, ამდენად ძნელია, მისი ინფორმაციის უტყუარ წყაროდ დასახელება, როგორც ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, მას „ჩიორების არ სჯერა და ურჩევნია ინფორმაციის უფრო სანდო წყაროს დაეყრდნოს“.

თავად „ნაციონალური მოძრაობაც“ თვლის, რომ  ვენეციის კომისია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის იმ პუნქტს, რომლითაც იუსტიციის საბჭოს სრული შემადგენლობის განახლებაა გათვალისწინებული, გაუმართლებლად მიიჩნევს.
ნაციონალების შტაბიდან გამოსული ინფორმაციით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პარლამენტმა, რომელიც საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების სამომავლო ორგანიზაციის და ფუნქციონირების საკითხებს, თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რაც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის განგრძობადობის პრინციპს.

„კომისია განმარტავს, რომ მოსამართლეთა საბჭოების მთავარი ფუნქციაა მოსამართლეების დაცვა პოლიტიკური გავლენისგან. ამ მიზნიდან გამომდინარე, გაუმართლებელი იქნებოდა საპარლამენტო არჩევნების შედეგად იუსტიციის საბჭოს სრული შემადგენლობის განახლება. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პარლამენტმა, რომელიც საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების სამომავლო ორგანიზაციის და ფუნქციონირების საკითხებს, თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რაც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის განგრძობადობის პრინციპს. საბჭოს ყველა წევრის ვადამდე გათავისუფლება შექმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც ყოველი შემდგომი ხელისუფლება თუ ყოველი ახალარჩეული პარლამენტი, რომლისთვისაც არ იქნება მისაღები საბჭოს წევრები ან მისი შემადგენლობა, ვადამდე შეუწყვეტს მას უფლებამოსილებას და მას ახალი საბჭოთი ჩაანაცვლებს. ბევრ სიტუაციაში, განსაკუთრებით, ასე მოკლე ვადაში, ასეთი ცვლილებების შემოტანა გააჩენს ეჭვს, რომ ინიციატივის უკან იდგა საბჭოს მიერ განსახილველ საკითხებზე ზეგავლენის მოხდენის განზრახვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

თინა ხიდაშელი კომისიის სხდომის დამთავრებამდე აცხადებდა, ნახეს დოკუმენტის ბოლო ვარიანტი, სადაც ყველა ის ცვლილებაა გათვალისწინებული, რასაც  სთავაზობდნენ ვენეციის კომისიას

„დასკვნაში ვკითხულობთ, როგორი კმაყოფილები არიან იმ პროგრესით, რომელიც ცვლილებებში დევს. საუბარია იმაზე, რომ ახალი ცვლილებებით სასამართლო სისტემაში პოლიციისგან ყოველგვარი ჩარევა გამოირიცხება და მესამე, ის საკითხი, რომელიც საქართველოში ძირითადი მსჯელობის საკითხი იყო - იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა. ამასთან დაკავშირებითაც, ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა ჩვენი ცვლილება.

ამ დროის მდგომარეობით, დოკუმენტში არის სწორედ ის ვარიანტი, რაც შევთავაზეთ - ანუ თანხმობაა პოლიტიკური შემადგენლობის ცლილებებზე, რაც იუსტიციის საბჭოს წევრებია და მეორე, დასკვნაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს გარდამავალი დებულება კანონში, სადაც გათვალისწინებული იქნება სისტემის ახალ მოდელთან დაახლოება და იქვე გვთავაზობს დაახლოების ვერსიას – ესაა ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ დანიშნული წევრების არჩევნების გზით ჩანაცვლება.

ეს იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის ის ნაწილი, რომელიც კონფლიქტთან არის ახალ კანონთან და რომელსაც პრობლემა აქვს მიგრაციასთან თავსებადობის თვალსაზრისით, უნდა გამოიცვალოს. ესაა ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

იგივეს აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძეც და მისი განმარტებით დასკვნის ავტორები შესაძლებლად მიიჩნევენ გარდამავალ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევას მათ ადგილზე, ვინც არა მოსამართლეთა კონფერენციის, არამედ ადმინისტრაციული კომიტეტის მეშვეობით აირჩიეს. 

„დასკვნაში დადებითად არის შეფასებული დებულება, რომ პრეზიდენტს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს, არ ჰქონდეს უფლება, დანიშნოს წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

ასევე დადებითად არის შეფასებული წინადადება, რომ პარლამენტმა არამოსამართლე წევრები თავისი შემადგენლობიდან კი არ აირჩიოს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან, რომ მოსამართლე წევრები აირჩიონ ფარული კენჭისყრით და მხოლოდ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ და არა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

მთლიანობაში ასევე მხარდაჭერილია სასამართლო დარბაზებში ტელეკამერების შეტანის შესაძლებლობაც, თუმცა დასკვნის ავტორებს გარკვეული, ტექნიკური ხასიათის შენიშვნები აქვთ რამდენიმე წესის მიმართ“, - განაცხადა ბარამიძემ. 

პრინციპში, ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით პოლემიკის გამართვა და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელება მოსალოდნელი იყო, რადგან დიდი ხანია ცნობილია „ნაციონალური მოძრაობის“ განწყობა ამ კანონპროექტის მიმართ და ისიც, რომ ბოლომდე კბილებით დაიცავენ საკუთარი ხელშეუხებლობის ამ ფორ-პოსტს.

ქართველი ექსპერტები ცალსახად თვლიან, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირება აუცილებელი და თანაც ძალზე საჩქაროა.

სოსო ცისკარიშვილი: „არის თუ არა დამსახურების მინიმალური წილი მაინც იუსტიციის საბჭოსი, იმაში, რაც აღიწერება საქართველოში შექმნილი მართლმსაჯულების სისტემის მდგომარეობით. თუ ქვეყანაში, რომელსაც პირველი ადგილი უკავია ევროპაში პატიმართა რაოდენობით, სადაც არსებობენ ასეულობით პოლიტპატიმრები, თუ ამ უსამართლობაში არანაირი „დამსახურება“ არ მიუძღვის ზოგადად, სასამართლოს, სადავო არაფერი გვქონია.

თუ ქვეყანაში, 0,1% განხილული საქმეებისა, მთავრდება პროკურატურის მოთხოვნილების გაფორმებით, თუ საუბარი იმაზე, რომ ჩვენი სასამართლო რეფორმა შედგა იმ პირობებში, როდესაც ბერიას დროს 7% იყო გამამართლებელი განაჩენები, ხოლო სააკშვილის დროს 0,1%, ნუთუ არანაირი ეჭვი არ ჩნდება მოსამართლეების მიმართ?

თუ მოსამართლეების მიმართ ეჭვი არ ჩნდება, მაშინ შეიძლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთანაც არ გვქონდეს რაიმე პრეტენზია. დაკომპლექტების ფორმულა, როგორიც დღემდე არსებობს იუსტიციის საბჭოში, წარმოადგენს მთლიანად დაქვემდებარებულს სასამართლოს თავმჯდომარის პირადი სურვილების მიმართ... შესაბამისად, თუ ვინმეს სურს სამართლიანობა იხილოს საქართველოში და ვენეციის კომისიას არ სურს, თავი სირაქლემას პოზაში ჩაიყენოს, უნდა იყოს პირდაპირი“.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე თვლის, რომ ცვლილებები აუცილებელია და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების გადახედვის გარდა, იუსტუციის საბჭო ყალიბდება როგორც რეალურად კოლეგიალური ორგანო, რომელიც გათავისუფლებული იქნება ყოველგვარი პოლტიკური წნეხისგან და თავად მოსამართლენი იქნებიან მსაჯულნი კოლეგიალური წესით, თავისი კოლეგების ქმედების მიმართ.

„ასე რომ, მე ამაში პროგრესს ვხედავ. ნეგატიური დამოკიდებულება კანონპროექტის მიმართ, პირველ რიგში, გამოწვეულია იმით, რომ ნაციონალებმა ვერ შეძლეს ევროსაბჭოში საკუთარი ლობით ოპერირება. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ ამ შემთხვევაში, აჯობა ნაცმოძრაობას და გაღიზიანების მიზეზი პირველ რიგში, ამაში უნდა ვეძიოთ და არა იმაში, რომ  კანონპროექტს ისინი არ იზიარებენ საბოლოო პოლიტიკური შედეგებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება დადგეს ამ კანონის მოქმედების შედეგად. შეუძლებელია, საღად მოაზროვნე ადამიანი არ იზიარებდეს ამ კანონპროექტის დადებით მხარეებს. თუ იგი განწყობილია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების მხარდასაჭერად“- აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე თვლის, რომ ვენეციის კომისია, ეს არის ძალიან მაღალი და ძალზე ავტორიტეტული სტრუქტურა ევროსაბჭოსი, მაგრამ მის დასკვნებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.

„რამდენადაც, შეხვედრები მქონდა ამ კომისიის სამუშაო ჯგუფთან, მათი პოზიცია ცნობილია - ბუნებრივია, მხარდაჭერილი იქნება ყველა ის საკითხი, თუ დემოკრატიულია წინადადებები რეფორმირების თაობაზე. ამიტომ ის პოზიცია, რომ რეფორმა სჭირდება იუსტუციის უმაღლეს საბჭოს, დავას არ იწვევს. მთავარი აქცენტი ვენეციის კომისიისა არის ასეთი, რომ თუ საბჭოს წევრები დემოკრატიული წესით არიან არჩეული, მაშინ შესაძლებელია, რომ მათ უფლებამოსილების ვადის ამოწურვა ვაცალოთ. მაგრამ თუ წესი არადემოკრატიულია, მაშინ რასაკვირველია, უნდა მოხდეს მისი შეცვლა. მთავარი საკითხი, რაც აღელვებს კუბლაშვილს ის არის, რომ უფლებამოსილება შეუნარჩუნდეს იმ ადმინისდტრაციული ფუნქციის მატარებელ იუსტიციის საბჭოს წევრებს, რომლებიც იმ პოლიტიკურ ნებას გამოხატავენ, რაც მათ ჰქონდათ არჩევნებამდე“,- მიიჩნევს ნინო გვენეტაძე.

როგორც ნინო გვენეტაძე განმარტავს, რაც შეეხება თვითმმართველი ორგანოს მიერ არჩეულ მოსამართლეებს, ამაზე არ არის დიდი რეაქცია. კუბლაშვილის მოთხოვნაა, რომ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ დაიწყოს იუსტიციის საბჭოს რეფორმირება.

„ვენეციის კომისიის დასკვნის იდეა კი მაინც ეს არის, რომ თუ არიან დემოკრატიული წესით არჩეულები, მათ შორის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ მოსამართლეებს, ვისი საქმეც უნდა აკეთოს იუსტიციის საბჭომ და თუ ეს წევრები არჩევითობის პრინციპით შეირჩევიან, ამაზე როგორ შეიძლება საწინაარმდეგიო ჰქონდეს რამე ვენეციის კომისიას.

ამიტომ ამითი აპელირება და ურთიერთსასარგებლო არგუმენტების ძიება და ბრალდებები ყოველთვის მოჰყვება ამ დასკვნას, მაგრამ მთავარია, რას გაიზიარებს პარლამენტი და რა კანონპროექტი იქნება შემდეგ კანონის სახით მიღებული.

ახალი წესის მიხედვით 9 მოსამართლეა, საიდანაც 6 აირჩევა პარლამენტის მიერ არა პარლამენტის წევრთაგან, არამედ გამოჩენილი, მაღალი ეთიკური სტანდარტების მატარებელი იურისტებისაგან. ამიტომ ამ პროექტში არადემოკრატიული არაფერი არ არის, უბრალოდ, დღევანდელი სასამართლო ხელისუფლება ყველა გზით ცდილობს, რომ მოქმედი იუსტიციის საბჭოს წევრების და მოსამართლეთა იმ კატეგორიის შენარჩუნებას, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციის მიერ კი არ არიან არჩეულები, არამედ ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ, კუბლაშვილის წარდგინებით. აი აქ არის ყველაზე დიდი წინააღმდეგობა“,-აცხადებს გვენეტაძე. 

ღირდა თუ არა დალოდება ვენეციის კომისიის დასკვნისთვის, მაშინ, როდესაც საქართველოსთვის ამ კანონის სწრაფად მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ დალოდება ღირდა, მაგრამ  როგორი დასკვნაც არ უნდა მოვიდეს, ქართული კანონმდებლობა უნდა ეყრდნობოდეს ქართულ რეალობას და საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ „ევროპის სახალხო პარტიასა“ და ვენეციის კომისიას შორის დიდი განსხვავებაა და საკუთარ თავს არ გადააჭარბებენ. თუმცა მინდა შევნიშნო, რომ ვენეციის კომისიას აბსოლუტურად არ ჰქონდა წარმოდგენა რა ხდებოდა ქართულ ციხეებში და დიდი ამბით რეკომენდაცია მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ პატიმრებსაც მიაღებინეთ არჩევნებში მონაწილეობაო. სიხარულის ტაში იყო ნაცმოძრაობაში, რომ ათასობით ხმა მოიპოვეს ამ ბრიყვული გადაწყვეტილებით, რადგან ევროპული ციხეების კომფორტსა და ქართული ციხეების ცოცხს თუ ერთმანეთისგან ვერ გამიჯნავს ვინმე, გინდა ვენეციის კომისიაში იმუშავოს და გინდა მიწის მთხრელად. თუმცა ახლა დაველოდოთ შედეგებს და ვნახოთ, რეალურად რა მოხდა“,- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი და მიიჩნევს, რომ მაშინაც კი, თუ ქართული საზოგადოება და ვენეციის კომისია სხვადასხვა პოზიციებზე აღმოჩნდებიან, ისევ ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის გადასაწყვეტია რა გაიზიაროს და რა არა ამ რეკომენდაციებისგან.

დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, სარეკომენდაციო ხასიათს რომ ატარებს თავად ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება, ეს ცალსახაა, თუმცა არ არის გამორიცხული, საბოლოო გადაწყვეტილება იყოს ისეთი, როგორც კანონმდებელს აქვს ჩაფიქრებული.

„თუმცა სრული იგნორირება ვენეციის კომისიის დასკვნისა, დემარშადაც შეიძლება შეფასდეს „პოლიტიკური ოპონენტის“ ნაცმოძრაობის მხრიდან და სწორედ ეს შეიძლება იყოს არასასარგებლო „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ მე როგორც ვუყურებ ამ შემთხვევაში პროცესების განვითარებას, „ქართული ოცნება“ პრინციპულად მიიღებს გადაწყვეტილებას. პოლიტიკურადაც არ იქნება მომგებიანი მისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დათმობაზე წავიდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ცვლილებები პროგრესზე ორიენტირებულია და ეს ცალსახად უკვე ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ განწყობებშიც შეინიშნება“,- აცხადებს ლორთქიფანიძე.

დიმიტრი ლორთქიფანიძე თვლის, რომ ამ კანონის მიღება პირდაპირ პასუხობს იმ დაპირებულ პოლიტიკურ მიზნებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ გასცემდა წინასაარჩევნოდ.

„ასე რომ, უკან დასახევი გზა არ რჩება „ქართულ ოცნებას“ და ყველა შემთხვევაში, კანონი მიღებული იქნება იმ სახით რა სახითაც წარდგენელი იყო ვენეციის კომისიაში, გარკვეული კორექტირებით რასაკვირველია, მაგრამ ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით და ეს ახალი ხელისუფლების მხრიდან ძალზე დადებითი და პროგრესული ნაბიჯი იქნება“, - მიიჩნევს ლორთქიფანიძე.

როგორც ჩანს, ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებული ბატალიები ჯერ კიდევ წინ გვაქვს, მაგრამ ცალსახაა, ხელისუფლებამ როგორმე უნდა უზრუნველყოს ამ შემთხვევაში ქვეყნის იმ ერთ-ერთი მთავარი კანონის იმ სახით მიღება, რომელიც დემოკრატიის პრინციპებს დაეყრდნობა და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას ნონსენსად კი არა ჩვეულებრივ მოვლენად, ცხოვრების წესად აქცევს. ეს ვალდებულება კი დღევანდელ ხელისუფლებას არა ვენეციის კომისიის და  „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ ქართველი ხალხის წინაშე აქვს შესასრულებელი.