პარლამენტის წევრის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, საქართველო თავისი საგადასახადო მოდელით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რაც შეეხება ბიუჯეტში აქციზიდან და დღგ-დან შემოსულობებს, აღნიშნული თანხები სოციალურ უზრუნველყოფასა და ჯანდაცვაზე მიიმართება. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა შევახსენო ოპოზიციას, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადისა და აქციზის ნაწილში ბიუჯეტში ჯამში 5 მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული და ჩვენ 2021 წლის ბიუჯეტში სოციალური უზრუნველყოფასა და ჯანდაცვაზე სწორედ ეს თანხა გვაქვს ჩადებული. ასე რომ, ჩვენ რომ გვაქვს აქციზი და დღგ, სწორედ ამით ბევრ პრობლემას ვუგვარებთ ჩვენს მოსახლეობას. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ყველაზე მსუბუქი საგადასახადო მოდელით. სამეულში ვართ. მოგების გადასახადი საერთოდ გაუქმებული გვაქვს თუ რეინვესტიციას აკეთებს. აქედან გამომდინარე, პირადად ვისურვებდი, რომ ნაცებმა ხომ დაიხსენით თავი სააკაშვილისგან, მათ შორის იქნებ რომან გოცირიძეც დაიხსნათ იმიტომ, რომ აკადემიური კაცია და იცის. უბრალოდ პოლიტიკური ამბების გამო არასწორ რელსებზე გავიდა. მას ესმის საგანი და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას უფრო გაგაძლიერებთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ზარქუამ.