შეზღუდვები თვის ბოლოდან სრულად მოიხსნება, მთავრობამ არჩევანი ამჯერადაც ეკონომიკის სასარგებლოდ გააკეთა

შეზღუდვები თვის ბოლოდან სრულად მოიხსნება, მთავრობამ არჩევანი ამჯერადაც ეკონომიკის სასარგებლოდ გააკეთა

მძიმე იანვარ-თებერვლის შემდეგ, ეკონომიკაში უკვე დადებითი ძვრებია. აპრილსა და მაისში გაცილებით უკეთესი ვითარება იქნება, რადგან მდგომარეობა უმჯობესდება. ივნისიდან კი კომენდანტის საათი და დარჩენილი შეზღუდვებიც მოიხსნება, რამაც ეკონომიკაში გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უკვე დარწმუნებულია, რომ წელს პროგნოზირებული 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა შესრულდება.

„ბიუჯეტს პრობლემა არ ექნება და მოლოდინი გვაქვს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული 4.3-პროცენტიანი ზრდის დაგეგმილი მაჩვენებელი შესრულდება“, - განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა, რომ აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და მათი შეფასებები და დასკვნები ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ძირითადად თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის გათვლებთან.

„ახლახან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დასრულდა ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც იყო ერთ-ერთი საუკეთესო. ამჟამად ფონდთან დაწყებულია მოლაპარაკებები ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობაზე, თუ რა უნდა იყოს პროგრამის შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში დაწესებული უქმე დღეების მოხსნა, რომელიც 13 მაისიდან ძალაში აღარ იქნება. გარდა ამისა, ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, თვის ბოლოდან საგრძნობლად შემსუბუქდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური აქტივობა გაიზრდება, ბიზნესს სამუშაოდ მეტი დრო ექნება.

„ახლა პიკში ვართ და ალბათ, არც ეპიდემიოლოგიურად არის გამართლებული, რომ ჩვენ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის სირთულეები და არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ, შეიძლება გადავხედოთ გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შეზღუდვების მოხსნიდან, მინიმუმ 4-5 თვე აუნდა გავიდეს, რომ ეკონომიკაში აღმავლობის ეტაპი დაიწყოს. როგორც „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი ამბობს, ეს ვადა საკმარისია იმისთვის, რომ ეკონომიკა თვითკმარობამდე მივიდეს, ხოლო ეპიდემიამდელ მაჩვენებლებს, სავარაუდოდ, 2023 წლიდან მიაღწევს.

„ველოდი, რომ ეკონომიკა სრულად გაიხსნებოდა, თუმცა „კომენადანტის საათი“ მაინც ძალაში დარჩა. სავარაუდოდ, თვის ბოლოს ეს რეგულაციაც მოიხსნება. ნაკლებად სავარაუდოა, ტურიზმმა მნიშვნელოვნად აღიდგინოს ძალები, თუმცა ეკონომიკის დანარჩენი სექტორები, მათ შორის, სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესი, მცირე ვაჭრობა, წარმოება და სხვა, თანდათან გამოვა მდგომარეობიდან.

ახლა მთავარია მთავრობამ აწარმოოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რის შემთხვევაშიც, მინიმუმ, 4-5 თვე დაგვჭირდება ეკონომიკის საგრძნობი ზრდის მისაღწევად, ხოლო იმ მდგომარეობამდე დასაბრუნებლად, რაც პანდემიამდე იყო, კიდევ 2 წელი გვჭირდება“, - განაცხადა გერლიანმა.

ეკონომიკურ ზრდას, დაახლოებით 5-დან 7%-ის ფარგლებში ელოდება 2021 წლის მეორე ნახევარში სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.

„მარტში ჩვენ გვქონდა 4%-იანი ეკონომიკური ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტენდენცია გაგრძელდება აპრილშიც, ვფიქრობ, გაცილებით მაღალი ტემპით. ეკონომიკაში დაგროვილია იმდენი პოტენციალი, რომელიც თავისუფალი განვითარების შემთხვევაში, ხელოვნური შეზღუდვების გარეშე, სავსებით გვაძლევს შესაძლებლობას ორნიშნა ზრდასაც კი მივაღწიოთ. რა ჩავარდნაც გვაქვს, სწორედ ამ ლოკდაუნის შედეგია.

2021 წლის პროგნოზი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მაისის ბოლოს იქნება შესაძლებელი, როცა ორკვირიანი ვადა გაივლის ეპიდემიის მატების შეფასების შედეგად. თუ ნორმალურ მდგომარეობას შევინარჩუნებთ, წლის მეორე ნახევარში უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა გვექნება, დაახლოებით 5-7%-ის ფარგლებში, რა თქმა უნდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, - აღნიშნა „რეპორტთან“ საუბრისას სოსო არჩვაძემ.

აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც მაისის ბოლო დეკადაში გამოქვეყნდება და მიმდინარე პერიოდის დაახლოების სურათი უკვე გამოიკვეთება.