რუსული არმიის შეჩერებას ქართველებს ბევრი ვინმე გვაყვედრის. ნიკოლა სარკოზი და სილვიო ბერლუსკონი დღემდე იმის მტკიცებაში არიან, არა მე უფრო მაგრად შევაჩერე რუსული არმია, არა მეო.
ვიდრე სარკოზი და ბერლუსკონი თავის მაგარ ბიჭობას ამტკიცებენ, გაირკვა, რომ რუსული არმია სხვებსაც შეუჩერებიათ. ეს სხვები კი სომხები არიან.
ეს ინფორმაცია სომეხ ისტორიკოსებს ანდა ანალიტიკოსებს არ მოუგონიათ. ეს განცხადება საქართველოს განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გააკეთა.
ქართული განათლების მამა ერევანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის დასასრულს მან თავის სომეხ კოლეგასთან არმენ აშოტიანთან ერთად ბრიფინგი გამართა.
- აგვისტოს ომის დროს საქართველოს სომხურმა მოსახლეობამ რუსული არმიის შეჩერება შეძლო, - განაცხადა ერევანში გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი შაშკინმა.
მისი თქმით, როცა რუსებმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება მოახდინეს, სამცხე-ჯავახეთიდანაც შეეცადნენ შემოსვლას. რისი საშუალებაც მათთვის ამ რეგიონში მცხოვრებ სომხებს არ მიუციათ.