„ევროკავშირის ბიუჯეტიდან ეს ფული არ გასულა, ეს არის კერძო ფონდის მეშვეობით გადახდილი გირაო - გადაუხადეს ზუსტად ისე, როგორც მათხოვარს უხდიან“

„ევროკავშირის ბიუჯეტიდან ეს ფული არ გასულა, ეს არის კერძო ფონდის მეშვეობით გადახდილი გირაო - გადაუხადეს ზუსტად ისე, როგორც მათხოვარს უხდიან“

საკანი 224–ე ამ ეტაპზე თავისუფალია. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო. თანხის ხაზინაში გადარიცხვა საიას გავილით მოხდა. ამით დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ მითი ნიკა მელიას პოლიტპატიმრობის შესახებ. მელია ისევ ბრალდებულია და იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი უარს იტყვის ამნისტიაზე, ეს ნიშნავს, რომ მელია ისევ 224–ე საკნის ბინადარი გახდება და ამჯერად უფრო ხანრგძლივი დროით.

მელიამ ჯერ არ იცის, რა უნდა. ამბობს, რომ ორი გამოსავალია – მისი სახით ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ, ან – პოლიტიკოსი. პირობას დებს, რომ ორივე შემთხვევაში, ამ ხელისუფლებისთვის საფრთხე იქნება. მისივე თქმით, არავის უნდა ეგონოს, რომ პატიმარი, განსაკუთრებით, პოლიტიკოსი, თუ ოთხ კედელშია, რაიმე სახით რეალობას მოწყვეტილია.

„არ იფიქროს არავინ ოლიგარქის სამსახურში, რომ მე შეიძლება არ ვიყო ამნისტიის წინააღმდეგი. გამორიცხულია! გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე! ვფიქრობ, არაფერი დამიკლია და ჩამოვყალიბდი „ქართული ოცნების“ პროფესიონალ ერთ-ერთ დემონტაჟ პოლიტიკოსად, რომელმაც იცის, როგორ იშლება „ქართული ოცნება“. რაღაც წვლილი უკვე შევიტანე და ნახევრად ჩამოშლილები უკვე არიან.

ერთი კვირა მაინც დაგვჭირდება, რომ მთელი რიგი მიმართულებებით გადაწყვეტილებები მივიღოთ. მე არც ისე მინდა გამოვჩნდე, რომ ჩემს უახლოეს მეგობრებს პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში – „ძალა ერთობაშია“ ვუთხრათ, რომ თუ პარტია პარლამენტში უნდა შევიდეს, თქვენ შედით და მე გარეთ დავრჩები. ეს არ იქნება არც მორალურად, არც პოლიტიკურად გამართლებული. თუკი შევლენ, იქ არც არავინ შევა დროის გასატარებლად, მერწმუნეთ!“, – აცხადებს ნიკა მელია.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა და გადაიხადა გირაო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას გამოსვლით დასრულდება ერთი ფარსი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის იყო პოლიტიკური პატიმარი. თუმცა, არ დასრულდება მეორე საკითხი, რომელიც ეხება 20 ივნისს და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა შეფასებებს. ამიტომ მისი თქმით, საჭიროა ამნისტია, არა ნიკა მელიასთვის, არამედ იმისთვის, რომ დასრულდეს 20 ივნისის, როგორც პოლარიზების ინსტრუმენტად გამოყენება.

„დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან ერთი პოლიტიკური ჯგუფი ორ პარტიად, რომელიც ამ ქვეყანაში აკეთებს ყველაფერს, რათა იყოს დესტაბილიზაცია, არეულობა. ისიც დადასტურდა, რომ ეს არეულობა ერთადერთ ქვეყანას – რუსეთს აწყობს. მთავარია, რომ პარლამენტში არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობა და დაწყებულია რეფორმები, რომელიც უნდა შესრულდეს.

ნიკა მელიას პოზიცია არარელევანტურია, ის არის ხელმოცარული პოლიტიკოსი იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, ცდილობდა საკუთარ ქვეყანაში მოეწყო არეულობა და ეს არ გამოუვიდა. იქამდეც კი წავიდა, რომ თავი დააჭერინა მართლმსაჯულების სისტემას, ესეც არ გამოუვიდა და უკან დახევა მოუწია. მისი პოზიცია არარელევანტურია“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით, თუ ევროკავშირს სურდა, ეღიარებინა ნიკა მელია პოლიტპატიმრად, ისინი არავის მოერიდებოდნენ და იტყოდნენ.

„ევროკავშირის მოსახლეობა არის 500 მილიონი, საქართველოსი 3,5 მილიონი და ევროკავშირს რაიმე მორიდება არ ექნებოდა საქართველოს მიმართ, რომ ეთქვა, ნიკა მელია არის პოლიტპატიმარი. ევროკავშირმა გირაო რომ გადაიხადა, იმას ადასტურებს, რომ პროკურატურის პოზიცია იყო სამართალზე დაფუძნებული და სწორი. ნიკა მელია რომ ჯიუტად უარს ამბობდა გირაოს გადახდაზე და გამოწვევას უგზავნიდა მართლმსაჯულებას, ეს იყო დესტრუქცია და სწორედ, ამის დასრულება სურდა ევროკავშირს და გირაო გადაიხადა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უპარტიო დავით ბაქრაძე ფიქრობს, რომ გააზრებული სტრატეგიით, ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების მხარდაჭერით, ყოველთვის შეიძლება შედეგის მიღწევა.

„ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებით გადაიდგა დიდი ნაბიჯი წინ ამ მიმართულებით. ახლა დროა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების გზით მივიდეთ ადგილობრივ არჩევნებამდე, სადაც შესრულდება პრეზიდენტ მიშელის შეთანხმების კიდევ ერთი მთავარი მუხლი – ერთად უნდა მივაღწიოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს ხმების 43%–ზე მეტი და შემდეგ უკვე საბოლოოდ დავამარცხოთ ეს ხელისუფლება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. ამ მიზნის მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთო ოპოზიციურ ერთობას.

აუცილებელია, დაპირისპირების, ბოღმის, ურთიერთთავდასხმების გარეშე შევჯერდეთ ადგილობრივ არჩევნებში პროდასავლური ოპოზიციის გამარჯვების გზებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესში პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკა მელია მისთვის საკადრის, წამყვან როლს შეასრულებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ოპოზიციისგან რადიკალურად განსხვავდება ანალიტიკოსების პოზიცია, რომელთა შეფასებით, „ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ მიერ გადახდილი გირაო არ ნიშნავს, რომ მელია პოლიტპატიმარია. დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი ფულს იხდის პატიმრების განთავისუფლებაში და ერევა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაც დიდი აბსურდია.

„არანაირი პოლიტიპატიმარი მელია არ არის. თუ გადაიხადეს მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური კრზისის სხვაგვარად მოგვარება შეუძლებელია. ამით საქართველოს აარიდეს კიდევ ერთი უსიამოვნება. ევროკავშირმა ბოლომდე მისდია მიშელის დოკუმენტს და ყველანაირად ხელი შეუწყო, რომ ეს პირობა შესრულებულიყო. ანუ, პოლიტიკურად აღქმული საქმეების გამო, გარკვეული მექანიზმი მოძებნილიყო.

ღირდა თუ არა ეს კომპრომისი, დავინახავთ. მე, მაგალითად მრჩება შთაბეჭდილება, რომ არ ღირდა. ნაციონალების კომენტარები ადასტურებს, რომ კრიზისის ახალი ეტაპი იქნება. ამიტომ, დამცავი მექანიზმებია მისაღები. საერთოდ, ასეთი ექსტრემისტული პოლიტიკური ძალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. ამისთვის აუცილებელია გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

რაც შეეხება ამნისტიის კანონის მიღებას, ანალიტიკოსის განცხადებით, ეს არის შეთანხმების ნაწილი, რაც ევროკავშირის მედიაციით შედგა და ამ ვალდებულებას ხელისუფლება ასრულებს. ზარდიაშვილი ამბობს, რომ ამნისტია ცალმხრივი ვერ იქნება, შეეხება ყველას, ვინც 20–21 ივნისის საქმეზე არის მსჯავრდებული და ბრალდებული.

„ანტისახელმწიფოებრივია დამოკიდებულება როცა ამბობენ, რომ პოლიციელებს არ უნდა შეეხოს ამნისტია და უნდა შეეხოს იმათ, ვინც პარლამენტზე თავდასხმას გეგმავდა. ამით ჩვენ წავახალისებთ ამბოხს, არეულობას და დავსჯით იმ ადამიანებს, რომლებიც წესრიგს იცავდნენ. საბოლოო ჯამში, ეს შექმნის ცუდ პრეცედენტს და ისევ განმეორდება ამბოხება, უკვე უარესი ფორმით და არც არავინ არ იქნება სახელმწიფოს დამცველი. ამიტომ, ასეთი ამნისტიის შედეგი იქნება კაპიტულაცია. ამაზე არავინ არ წავა, ცხადია.

ნაცები იძახიან, რომ არ გვინდა ამნისტიაო. კი ბატონო, მაგრამ ვითარება იქნება ასეთი – ნიკა მელია, რომელიც გირაოს გადახდის შემდეგ გამოუშვეს, ბრალი მოხსნილი არ აქვს, მას მოუწევს სასამართლოს წინაშე წარსდგომა და სამართლიანი სასამართლო განსჯის მას. თუ ბრალდება დაუდასტურდება, წავა ციხეში. მელია საკმაოდ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული. იმდენად აშკარაა მისი დანაშაული, რომ ეს მთელმა საქართველომ ნახა.

ევროკავშირი ვერანაირად ვერ გადაიხდიდა გირაოს, ეს არის შეუძლებელი. რითი უნდა დასაბუთდეს ამ ხარჯის გაწევა? ევროკავშირის ბიუჯეტიდან ეს ფული არ გასულა, ეს არის კერძო ფონდის მეშვეობით გადახდილი გირაო და ეს არის სამარცხვინო. პირველ რიგში, ნაციონალებისთვის და მელიასთვის - იმდენად დავრდომილი და უპასუხისმგებლო ხარ, რომ შენი საკუთარი გირაოს გადახდისთვის ლამის, მთელი მსოფლიო შეაწუხე და გადაგიხადეს ზუსტად ისე, როგორც მათხოვარს უხდიან. ნაცების ადგილას ძალიან შემრცხვებოდა, მაგრამ მათ სირცხვილის გრძნობა არ აქვთ, ესეც გასაგებია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ანალიტიკოსის გია აბაშიძის განცხადებით, მიშელის დოკუმენტის შეთანხმების მიზანი იყო პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, სადაც გარკვევით წერია: „პოლიტიკურ პატიმრებად აღქმული ორი პიროვნება – რურუა და მელია“. მისი თქმით, პოლიტპატიმრის სტატუსს განსაზღვრავს ევროპის საბჭო,

რასაც არ ახსენებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და მათთან მიტმასნილი პოლიტიკური ავტორები.

„მელიასთვისპოლიტპატიმრის სტატუსი უნდა მიეცა ევროპის საბჭოს იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი და ამას პოლიტიკური მომხსენებელი იტყოდა, როგორც ეს ბელარუსის შემთხვევაში მოხდა. მაგრამ მელიას შემთხვევაში არც კრიტერიუმებია დაკმაყოფილებული და არც ევროპის საბჭოს უღიარებია იგი პოლიტპატიმრად. ასე რომ, რასაც „ნაცმოძრაობა“ ამბობს, ეს არის პოლიტპატიმრის ცნებისა და სტატუსის შეურაცხყოფა. პოლიტიპატიმარი იყო მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია. პარლამენტზე შტუმრის მიმტანი ნიკა მელია ვერანაირად ვერ იქნება ვერც ერთი ქვეყნის პოლიტიკურ სამართალში პოლიტიკური პატიმარი“, – აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში, მაგრამ როდესაც „ნაცმოძრაობას“ ჰყავს დე–ფაქტო ბელადი სააკაშვილი, გამორიცხულია „ნაცმოძრაობამ“ გააგრძელოს კონსტრუქციული გზა. მისი თქმით, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ „ნაცმოძრაობა“ გააგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს იმისათვის, რომ რამენაირად არეულობის გზით მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში.

„რასაც „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, ეს არის იმ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებების ჩაგდება, რომელიც გულისხმობს ბარიერის დაწევას ბუნებრივთან დაახლოვებულად. მათ არ სურთ, რომ 2024 წელს 5%–ზე ნაკლები ბარიერი იყოს. შესაბამისად, ებრძვის მის გარშემო შეკრებილ პატარა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ძალიან ნაკლები შანსი აქვთ 5%–იანი ბარიერი გადალახონ. შესაბამისად, ეს პატარა პარტიები, რომ კვლავ არიან „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე, მეტყველებს იმაზე, რომ მათ დამოუკიდებლად სვლის საშუალება არ აქვთ.

მაგრამ ამავე დროს გავითვალისწინოთ ის, რომ პოლიტიკურ სცენაზე შემოდიან სხვა პოლიტიკური პარტიები. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება საკმაოდ მწვავე კონკურენცია. შემოვიდა ლევან ვასაძის პარტია, შემოვა გიორგი გახარიას პარტია და მხოლოდ ასეთ მწვავე კონკურენციაში გამოჩნდება საით არის საზოგადოების პოლიტიკური მაჯისცემა გადახრილი. ოქტომბრის ბოლოს გავიგებთ, რა უნდა ქართველ ხალხს და რა ადგილი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოების პრეფერენციებში“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძე.

trampi პ. ზაქარეიშვილი
,,ნაცებს ქართველი ხალხის სისხლი წურწურით გასდისო,, ,.......................................... წურწურითო
იდეალური ნათქვამია...... იდეალური
2 წლის უკან