„ვაშაძე სწორია, თუ ოპოზიცია ერთ ბლოკად გაერთიანდება, „ოცნებას“ 43% გარანტირებული ექნება“

„ვაშაძე სწორია, თუ ოპოზიცია ერთ ბლოკად გაერთიანდება, „ოცნებას“ 43% გარანტირებული ექნება“

77 დღიანი პატიმრობა დასრულებულია - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თავისუფალია. თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გადასცა.

ციხიდან ნიკა მელია სრულიად სხვა რიტორიკით და შემართებით გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი პატიმრობის პერიოდში, როგორც მის პარტიაში, ასევე ოპოზიციის შიგნით სიტუაცია დაიძაბა, მელია ამბობს, რომ სასწრაფოდ გაერთიანება უნდა მოხდეს. მაშ ასე, მელია კონკრეტული დავალებით და ტაქტიკით უკვე აღჭურვილია, რომელსაც სიტუაცია ორ ფრონტზე აქვს დასალაგებელი. პირველი მას „ნაციონალურ მოძრაობაში“ გასარკვევი აქვს პარლამენტში შევიდნენ თუ არა, რაზეც მის და სააკაშვილის მომხრეებს შორის დაპირისპირებაა გაჩაღებული. ამიტომაც მან საბოლოო ჯამში უნდა გადაწყვიტოს, მიჰყვება ისევ სააკაშვილის ხუშტურებს თუ ბოლოს და ბოლოს დამოუკიდებლად მოქმედებას ახერხებს. მელიას სიტუაცია გასარკვევი ე.წ. ერთიან ოპოზიციასთან აქვს, რომელთა ნაწილმაც მიშელის დოკუმენტზე ხელი მოაწერა. ამიტომაც თუკი ადრე მათ მიმართ ციხიდან რადიკალური განცხადებებით გამოირჩეოდა, დღეს ტონი შეცვალა და თქვა, რომ გაბრაზებული არავისზეა.

ნაციოანლები, დიდი ალბათობით, პარალამენტში შევლენ და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის შემოკრებას შეეცდებიან. ეს კი პოლიტიკურად ყველაზე მეტად მათ აწყობთ და არა მცირე პარტიებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ასპარეზზე ახალი სუბიექტები და პოლიტიკური მოთამაშეები გამოჩდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ძალების გაერთიანების გარეშე ივანიშვილის რეჟიმს ვერ დაამარცხებენ. ის ასევე ეხება იმ შეთანხმებასაც, რომელიც ევროკავშირის მედიაციით, მმართველ ძალასა და ოპოზიციის ნაწილს შორის დაიდო.

„ჩემი აზრით, თუ ვიღებთ ისეთ მოცემულობას, რომ ნაწილი ოპოზიციის არის პარლამენტს გარეთ, რაც ლეგიტიმურია, პოლიტიკა აქაც კეთდება და მეორე ნაწილი შიგნით, გარდაუვალია კონფლიქტი ამ ძალებს შორის, რაც ვის აწყობს? - აწყობს ივანიშვილს. ნიშნის მოგებით საუბარი უნდა შევწყვიტოთ. ორ ადამიანს, ორ სუბიექტს, ორ დაჯგუფებას შორის, რაღაცა გაუგებრობა რომ ხდება, ყოველთვის ცხოვრებაში ორივეს ბრალია, ვიღაცის მეტად, ვიღაცის - ნაკლებად. ჩვენ ერთნაირები ვერ ვიქნებით, მაგრამ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთნაირი, ესაა რეჟიმის ცვლილება. ვერ გავიმარჯვებთ, თუ ძალები არ გავაერთიანეთ. ეს უნდა იყოს მაღალი დონის კოორდინაცია“, - აცხადებს მელია.

მელია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების მიმართ დამოკიდებულებას მოულოდნელად ცვლის.

„რაც მოხდა, როგორც მოხდა – ბევრისთვის მისაღები იყო, ბევრისთვის მიუღებელი იყო. მოხდა ეს – მე ვფიქრობ, რომ ის ნაწილი ოპოზიციის, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, არ შეიძლება, რომ თუნდაც ბრძოლის ამ პლატფორმაზე მარტო დავტოვოთ“, - ამბობს ის.

ამის პარალელურად, დასძენს, რომ არც ერთ ვაშაძეზე გაბრაზებული არ არის.

„არც ბატონ გრიგოლზე და არც გიორგი ვაშაძეზე გაბრაზებული არ ვარ“, - აღნიშნა მელიამ.

„ნიკა მელიას გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი“, - ასე კი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გათავისუფლებას ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, ის აღფრთოვანებულია მელიას პრინციპულობით და შეუვალობით.

„მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან გათავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი, ახალი ეტაპი“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

თუმცა მეორე საკითხია რას უპასუხებს ნიკა მელიას ოპოზიციის ნაწილი. მაგალითად „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე უკვე ღიად ამბობს, რომ ენმ „გადამგდები ძალაა“ და მათი ნდობა დაუშვებელია.

„ყველა კარგი ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს, ამიტომ, ვფიქრობ, მელიასაც შეიძლება მოუწიოს“, - განაცხადა მედიასთან საუბრისას გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ სჯეროდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, გამოასწორებდა.

„ალბათ, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვი, არის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე რომ მეგონა, „ნაციონალურ მოძრაობას“ გავასწორებდი, მაგრამ ეს პარტია არ სწორდება. შეიძლება ახალგაზრდა ვიყავი. ყველა ადამიანი პროცესს საკუთარი გადასახედიდან უყურებს. ყველაფერი დაარღვიეს. 2020 წელს ისანში გამარჯვების შანსი მქონდა, შემოვარდნენ და კანდიდატი დამიყენეს. რატომ დამიყენეს იცით? - ოღონდ მე, გიორგი ვაშაძეს კარგი შედეგი არ დამედო“, - განაცხადა ვაშაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ნიკა მელიას საპატიმროში საკმაო დრო ჰქონდა იმისთვის, რომ სამომავლო გეგმებზე ეფიქრა, თუმცა აქ ერთი პრობლემაა, როგორც მელიასთვის, ასევე „ნაციოანალური მოძრაობისთვის“ - თუ ისინი კვლავ სააკაშვილის არაადეკვატურ მოთხოვნებს გაჰყვებიან, რომელიც პოლიტიკურად საერთოდ აუხსნელია, ეს პარტია კვლავ ფიასკოსთვის არის განწირული.

„თუ მელია ისევ სააკაშვილის ჩრდილის ქვეშ დარჩება, მისი პოლიტიკური მომავალი ვერანაირად წარმატებული ვერ იქნება. ვერც ოპოზიციის გაერთიანებას და ვერც დედაქალაქის მერის არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წინ ვერ წაწევს. მისი პოლიტიკური რეპუტაცია დაზარალდა. ის ამბობდა ერთს და მეორე გააკეთა, სააკაშვილის კარნახით და კაპრიზების გამო. ამიტომ, ახლა, მას ძალიან მძიმე შრომა ელის. თუ უნდა, რომ პარტიაში განახლება გააკეთოს, ბელადი სააკაშვილის მხრიდან დიდი შეფერხებები ექნება.

რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას, ეს არის მყიფე ერთიანობა და დაქსაქსულობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ასევე ენმ-ში შიდა დაპირისპირება უფრო გაძლიერდება და მელიას ბრძოლა ორ ფრონტზე მოუწევს. მას აქვს ჯერ პირველი ამოცანა, რომ პარტიაში არსებული დაპირისპირება გაანეიტრალოს და მეორე ოპოზიციაში დაწყებული კონფლიქტი განმუხტოს. არ არის გამორიცხული, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მსგავსად, ნაციონალების გრავიტაციის ცენტრიდან სხვა ოპოზიციური პარტიებიც გამოვიდნენ“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ოპოზიციური ტელევიზიებიდან ისმის, რომ მელია მიზიდულობის ცენტრია და მას ოპოზიციის გაერთიანება შეუძლია, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითია. შიდა დესტრუქცია ენმ-შიც და მთლიანად ოპოზიციაშიც უფრო გამწვავდება, მით უმეტეს, როცა ოპოზიციურ ფლანგზე საინტერესო მოთამაშეები გამოჩდნენ. შესაძლოა, ბევრი ოპოზიციური პარტიის თუ ლიდერის ადგილიც კი აღარ დარჩეს.

„რასაკვირველია, თუკი ოპოზიციამ ერთიანობა არ შეინარჩუნა და მათ შორის დაპირისპირება გაღრმავდა, რა თქმა უნდა, გიორგი გახარია მათ ელექტორატს წაართმევს. ეს იქნება, არა მხოლოდ ნაციონალების ხმები, არამედ ამ მცირე პარტიების, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს. მართალია, ლევან ვასაძეც არის ნაციონალების კონკურენტი, მაგრამ მისი ამომრჩეველი უფრო სხვა სეგმენტია. ესაა ულტრანაციონალური და პატრიოტი. გახარია კი, დიდი ალბათობით, დანარჩენი ოპოზიციის ხმებზე „ინადირებს“. აქედან გამომდინარე, თუ შიდა ოპოზიციურ ფლანგზე ლანძღვა-გინება გაგრძელდა, მერწმუნეთ, მათი პოლიტკური გამარჯვების შანსები ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მინიმუმამდე დავა“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ გააჩნია ნიკა მელია გაერთიანებაში რას გულისხმობს. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ შესაძლოა, ეს ერთიანი ბლოკის ჩამოყალიბება იყოს, ან რაიმე თემატიკის გარშემო გაერთიანება, ან - იდეოლოგიური ერთობა. ამიტომ ცოტა რთული სათქმელია, მელია ოპოზიციის რა სახის ერთიანობაზე ლაპარაკობს.

„მნიშვნელობა აქვს ასევე, ეს იქნება თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანება თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასე რომ, ცოტა რთულად გასაგებია რას ამბობს. ალბათ, მეტი კონკრეტიკაა საჭირო. თუ იმას ამბობს, რომ ოპოზიცია ერთად პარლამენტში შეიკრიბება და რაღაცა საერთო გადაწყვეტილებებს მიიღებს, ეს გაერთიანება არ არის. საპარლამენტო ცხოვრებაში მსგავსი კონსულტაციები ახალი არაა. თუ საუბარი ადგილობრივ არჩევნებზეა, ეს უკვე სერიოზული თემაა. პატარა პარტიები უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ კენჭი დამოუკიდებლად უნდა იყარონ. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოლიტიკურად მომგებიანია, ეს პარტიები საკუთარ ორბიტაზე ამყოფოს, ისიევე როგორც ეს ამ 6 თვის განმავლობაში იყო. გაერთიანებაზე საუბარი კარგია, მაგრამ ოპოზიციას სტრატეგია აქვს შესამუშავებელი. ჩვენ ვნახეთ ენმ-ის ორბიტაზე ყოფნა მცირე პარტიებს რის ფასადაც დაუჯდათ. მათ ელექტორატი დაკარგეს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, როდესაც „ოცნებისთვის“ ბარიერის გადალახვა 43%-მდე ავიდა, აქ ოპოზიციას უკვე გადასაწყვეტი აქვს მთლიანი დიდი ბლოკი გააკეთოს და ასპარეზზე ასე გამოვიდეს, თუ ცალ-ცალკე დამოუკიდებლად იბრძოლონ. ორიენტირებული იყვნენ არა იმაზე, პირადად გაიმარჯვონ, არამედ იმაზე, რომ „ოცნებამ“ 43% ვერ აიღოს. თუმცა 8 წელია „ოცნება“ როცა ნაციონალებთან მარტო რჩება, ის მას ამარცხებს. სწორედ ამაზე წუხს გიორგი ვაშაძე, რომელიც პირიქით მომხრეა, რომ ოპოზიცია ნაციონალებს საერთოდ გაემიჯნოს და მესამე ძალა შექმნან.

„თუ ეს პარტიები დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას აპირებენ, მაშინ ადგილობრივი არჩევნები პარტიის აღმშენებლობის ყველაზე კარგი საშუალებაა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მათთვის კარგია არჩევნებზე ცალ-ცალკე გამოვიდნენ. ამასთანავე მეორე მომენტია ისიც, რომ ისინი ინდივიდუალურად გამოსვლის შემთხვევაში, როგორც პარტიები უფრო მეტს აიღებენ, ვიდრე ბლოკში გაერთიანებულები. ერთიანი ბლოკის შექმნის შემთხვევაში პატარა პარტიებს დანაკარგი მეტი ექნებათ. გაერთიანება ნაციონალებისთვის სტრატეგიულად მომგებიანია, მაგრამ შედეგიანობის თვალსაზრისით, რომ ხელისუფლებისგან 43% დაძლეული არ იყოს - წამგებიანი. პირიქით, „ოცნებას“ ამ ბარიერის გადალახვის შანს მისცემენ. ვაშაძე სწორია, თუ ოპოზიცია ერთ ბლოკად გაერთიანდება, „ოცნებას“ 43% გარანტირებული ექნება“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

 

trampi პ. ზაქარეიშვილი
,,ნაცებს ქართველი ხალხის სისხლი წურწურით გასდისო,, ,.......................................... წურწურითო
იდეალური ნათქვამია...... იდეალური





ისე კი ........................
.გინდ გაერთიანდით ...............გინდა გამოერთიანდით ...თქვენი საშველი არააა ......და არც იქნება.....
ერთად ერთი თქვენ რაც შეგიძლიათ ,.....ესააა ქართველი ხალხის ნერვების მოშლა
ჰოოოდა ხალხს რომ აწამებთ და ნერვებს უწამლავთ, ჩიტსაც იმიტომ იჭერთ .....
თანაც ძალიან, ძალიან დიდს ჩიტს
2 წლის უკან