„ვასაძე საზოგადოების ტრადიციული თუ კონსერვატიული ნაწილის წარმომადგენელია, ასეთი კი ჩვენი საზოგადოების უმრავლესობაა“

„ვასაძე საზოგადოების ტრადიციული თუ კონსერვატიული ნაწილის წარმომადგენელია, ასეთი კი ჩვენი საზოგადოების უმრავლესობაა“

პოლიტიკურ ველზე ახალი პარტია ჩნდება და დადგა ნანატრი დროც, რომ ვთქვათ, ქვეყანაში „მესამე, ალტერნატიულ ძალას“ ვიხილავთ ლევან ვასაძის სახით, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას „გადამრჩენელი რაინდი“ უკვე მოგვევლინა.

ჰომოფობიური, ქსენოფობიური და პრორუსული ჯგუფების ლიდერის პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილება ანალიტიკურ თუ პოლიტიკურ წრეებში დიდად არ გაჰკვირვებიათ, რადგან მას გარკვეული საზოგადოებრივი აქტივობები აქამდეც ჰქონდა, თანაც საკმაოდ ხმაურიანი.

პოლიტიკურ ასპარეზზე რამდენად გადაიხრება ისარი ვასაძისკენ, რთული სათქმელია, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ მის იდეოლოგიას, თუ რის წინააღმდეგ იბრძვის და რას უჭერს მხარს, დიდი პოლიტიკური პერსპექტივა, ალბათ, არ ექნება.

„ერთობა, რაობა, იმედი“ - ესეც ლევან ვასაძის პარტიის ლოზუნგი.

„უკვე ლეგენდარულ მასშტაბში ასული ჩვენი ურთიერთსიძულვილის და ურთიერთდაპირისპირების ანტიკულტურა, ექსტრემისტული, მე ვიტყოდი თავდასხმები ერთმანეთზე, ჩვენი ქვეყნის ძირითად ინსტიტუტებზე უკვე გახდა ყოველდღიური რეალობა და ამ რეალობიდან ერთად უნდა ვეძებოთ გამოსავალი.

მთავარ მიზეზად ქვეყანაში არსებული ვითარებისა მე არ მიმაჩნია პანდემიაც კი, რომელიც უსათუოდ არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენ ეკონომიკაზე, ისევე, როგორც ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე. ჩვენ ვართ ბევრად უარესად, ვიდრე ვიქნებოდით, პანდემიის მიუხედავადაც კი, რომ არა ის დესტრუქციული პოლიტიკური რეფორმა, რომლის შედეგადაც, პრაქტიკულად, ქვეყანაში მოშლილია სახელისუფლებო გადაწყვეტილებების მიღების მწყობრი სისტემა“, - თქვა ლევან ვასაძემ.

ვასაძის თქმით, პოლიტიკაში მოსვლა ეს მისთვის ნამდვილად არასასურველი და მძიმე ნაბიჯია.

„ბოლო წვეთი იყო დანიელსონის დოკუმენტად ცნობილ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა როგორც „ქართული ოცნების“ ისე გაერთიანებული ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან“, - აღნიშნა მან.

ვასაძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტი ქვეყნის სუვერენიტეტს ხელყოფს და ამცირებს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში 43% უნდა აიღოს, ლევან ვასაძის გამოჩენა მმართელი გუნდისთვის არცთუ კარგია, რადგან, ვასაძის ამომრჩეველი პრაქტიკულად ისაა, ვინც დღეს ხელისუფლებას უჭერს მხარს. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ „რაინდს“ დიდი პოლიტიკური პერსპექტივა არ გააჩნია.

„ვასაძის პოლიტიკაში მოსვლა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მას რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა საზოგადოებრივი აქტივობის. როგორც ჩანს, ახლა ჩათვალა, რომ დადგა დრო მისი აქტივობისა. არ ვთვლი, რომ ვასაძის გამოჩენა რაიმე რადიკალურ ცვლილებებს გამოიწვევს, არ მგონია, რომ მას დიდი პერსპექტივა ჰქონდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ 43%-ის აღება სჭირდება, ამ მხრივ მმართველი გუნდისთვის ვასაძის გამოჩენა მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, ეს იმ შემთხვევაში, თუ ვასაძე მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში.

დიდ წარმატებას არ ველოდები, დაახლოებით ერთი პროცენტის ფარგლებში თუ იქნება მისი მონაპოვარი, მაგრამ ეს ის ხმები იქნება, ძირითადად, ვინც არის „ქართული ოცნება“ ან მის ორბიტაზე მყოფი. ეს ვერ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ხმები. მესამე ძალას რომ ეძახიან, შეიძლება იქიდან ვინმე გადმოვიდეს ვასაძის მხარეს, მაგრამ სერიოზული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას ვასაძის ხელძღვანელობით ან ლიდერობით, ნამდვილად არ ველოდები.

ვასაძემ შესაძლოა კენჭი იყაროს თბილისის მერობაზე. შეიძლება ის გახდეს კონკურენტი გარკვეულწილად, მაგრამ დიდ წარმატებას ამ შემთხვევაშიც არ ველოდები მისგან“, - განაცხადა ძაბირაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ლევან ვასაძეს საზოგადოების დიდი ნაწილი კარგად იცნობს და შესაძლოა, მან პირდაპირ ხმების მოპოვებაზე იფიქროს. მისივე თქმით, ვასაძის ელექტორატი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება.

„ვასაძე საზოგადოების იმ ნაწილის წარმომადგენელია, რომელიც შეადგენს ტრადიციულ თუ კონსერვატიულ ნაწილს, ეს კი ჩვენი საზოგადოების უმრავლესობაა. ასეთი ტიპის პოლიტიკოსებს ყოველთვის ექნებათ ფართო გასაქანი, მით უმეტეს ვასაძე თავისი საზოგადოებრივი ფიგურის რანგში, მოღვაწეობით ერთგვარი ნიადაგი მოთელა და ნოყიერი ნიადაგი შეიქმნა იმისათვის, რომ მდორედ შემოსულიყო პოლიტიკაში.

მას ჰყავს გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერები, ასეთი კატეგორიის საზოგადოებრივ სეგმენტში. ის არ იქნება ისეთი პოლიტიკოსი, როგორიც არიან მაგალითად ისეთები, საკუთარ თავს პოლიტიკოსებს რომ უწოდებენ, სინამდვილეში კი მანდანტი არ აქვთ და ნულოვანპროცენტიანი პოლიტიკოსები არიან. ვასაძე მოიპოვებს მხარდაჭერას, დიდი ალბათობით, ვიხილავთ მისი და მისი პარტიის მხრიდან ლიბერალურ ღირებულებებზე შეტევის კამპანიებს.

იგი, ალბათ, გაატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იქნება იქითკენ, რომ საქართველოს ჰქონდეს მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა. ერთი მხრივ რუსეთთან ურთიერთობის დაწყობა, მეორე - დასავლეთთან არსებული ურთიერთობის შენარჩუნება.

მას შეუძლი თავისკენ წაიყვანოს ამომრჩევლის სეგმენტი, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას.“ თუმცა, ასევე გააჩნია რა მესიჯებს გააჟღერებს, როგორი ადამიანებით წარდგება საზოგადოების წინაშე. ვასაძის უპირატესობა ის არის, რომ ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება, მას უკვე საზოგადოება საკმაოდ კარგად იცნობს, შეიძინა გარკვეული ცნობადობა. ამ მხრივ მას დროის დაკარგვა არ დასჭირდება და ის უკვე პირდაპირ დაიწყებს ელექტორატზე მუშაობას“, - განაცხადა ანჯაფარიძე For.ge-სთან.

Katana . ჩანს, რომ წერილის მიზანი არის ვასაძის მიმართ უნდობლობის, ნიჰილისტური განწყობის შექმნა საზოგადოებაში...

რაც შეეხება ძაბირაძის "მოსაზრებებს", ერთი შემთხვევა გამახსენეთ ვინმემ, როცა ძაბირაძის რაიმე პროგნოზი გამართლდა!..

მე კი დიდი იმედი მაქვს, რომ ლევან ვასაძის ირგვლივ სწორედ ის ხალხი მოიყრის თავს, ვისთვისაც სამშობლოს ცნებას და ტრადიციულ სულიერ ფასეულობებს, ლიბერასტების დიდი მცდელობის მიუხედავად, ჯერაც არ გასვლიათ ყავლი!
3 წლის უკან
არაგველი641 ვასაძეს მეც დავუჭერდი მხარს თუკი ევროატლანტიკური მიმართულება ექნებოდა ეროვნულ ფასეულობების იდეასთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ საზოგადოებისათვის ის რუსეთიდან მომავალ პიროვნებად აღითქმება.
3 წლის უკან