„ერთი წელი რომ დაცლოდა მიშა სააკაშვილს, დავითგარეჯი მთლიანად დაიკარგებოდა ჩვენი ქვეყნის შემადგენლობიდან“

„ერთი წელი რომ დაცლოდა მიშა სააკაშვილს, დავითგარეჯი მთლიანად დაიკარგებოდა ჩვენი ქვეყნის შემადგენლობიდან“

„დავითგარეჯის საკითხზე შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება“, – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მყოფი ქვეყნის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ილჰამ ალიევთან შეხვედრისას, რეგიონში არსებული ვითარება და მათ შორის უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ დავითგარეჯის საკითხიც, ბუნებრივია შევეხეთ ამ საკითხს, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება. კომისიები გააგრძელებენ მუშაობას ძალიან მალე და მოგვიანებით გახდება ცნობილი უფრო კონკრეტულად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ცნობილია, დავითგარეჯის საქმეში მოიპოვეს დოკუმენტები, ახალი კარტოგრაფიული მასალები, რომლითაც საბოლოოდ დადგინდა, რომ 2006–2007 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სახელმწიფო სასაზღვრო ხაზის გამყოფად აღებული ტერიტორიები სრულ ცდომილებაშია ობიექტურ რეალობასთან. სწორედ, ამ წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოხდა მთლიანად საზღვრის გამრუდება. მაშინდელ ხელისუფლებას არ ჰქონდა პოლიტიკური ნება იმისა, რომ საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო.

ვითარება შეიცვლა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შემობრუნების და პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან საუბრის შემდეგ და დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არსებულმა საკითხებმა მიიღო სამართლებრივი და ობიექტური სახე, რომელიც აქამდე აკლდა ამ პროცესს. საქმეზე დაიწყო გამოძიება. გენერალურმა პროკურატურამ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს–ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც პრემიერთან ერთად იმყოფებოდა აზერბაიჯანში, აცხადებს, რომ ორივე მხრიდან არის ნება იმისა, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, ისე, რომ არ დაზიანდეს არც ქართული და არც აზერბაიჯანული მხარის ინტერესი. დავით ზალკალიანის განცხადებით, პანდემიამ დემარკაცია–დელიმიტაციის კომისიის საქმიანობა შეაფერხა, თუმცა მზაობა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს.

„ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ისეთ სენსიტიურ თემაზე, რაც დაკავშირებულია საზღვრის დემარკაცია – დელიმიტაციის საკითხთან. უმაღლეს დონეზე შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ ორივე მხრიდან არის მზაობა, ნება, რომ საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, ისე როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ისე როგორც შეეფერება ჩვენს ინტერესებს, ისე რომ არ დაზიანდეს არც ქართული მხარის, არც აზერბაიჯანული მხარის ინტერესი. ამის თქმის საფუძველს, რომ ეს მართლაც ასე იქნება, მაძლევს სწორედ შეხვედრები, სადაც კიდევ ერთხელ იქნა აღნიშნული, რომ საკითხი უსწრაფესად უნდა მოგვარდეს და ამისთვის მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმევა“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.

პრემიერის ბაქოში ვიზიტს გამოეხმაურა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ მოვიდა საიმედო სიგნალი, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს სადავო პრობლემას.

„პრემიერ–მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი და იმედით ვუყურებთ ამას, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს იმ სადავო პრობლემას, რაც ყველას გვაწუხებს. ძმურად და სამართლიანად გადაწყდება, ეს მოიტანა ამ დიალოგმა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის ბაქოში წარმატებული ვიზიტის ფონზე ექს–პრეზიდენტი „მთავარ არხთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მზად იყო უარი ეთქვა ზოგიერთ სტრატეგიულ სიმაღლეზე. „ერთი წელი რომ ​დაგვცლოდა, გარეჯი იქნებოდა მთლიანად დაკანონებული, როგორც საქართველოს ნაწილი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ეს მაშინ, როდესაც 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტმა საზღვართან დაკავშირებით, შეთანხმებას მიაღწია.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოჰყვეს. აქაა ორი საკითხი. ერთია სტრატეგიული სიმაღლის საკითხი, რომელსაც აზერბაიჯანისთვის სამხედრო მნიშვნელობა აქვს, მათი ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისთვის და მეორე მხრივ, გარეჯის მონასტერი, რომელიც არის უძველესი, უმნიშვნელოვანესი ქართული კულტურული და რელიგიური ძეგლი“, – აცხადებდა მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის მაისში.

სააკაშვილის ეს განცხადება, რომ აბსურდი იყო, ფაქტია, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია, რომ საზღვარი სტრატეგიულ სიმაღლეზე, ანუ ქედზე ისე გაივლოს, რომ ამავე ქედზე მდებარე ჩიჩხიტურის კოშკი და მით უფრო – ქედს მიღმა არსებული უდაბნოს მონასტერი 70–მდე ქვაბულით, საქართველოს ტერიტორიაზე მოექცეს. რაც შეეხება მის მორიგ განცხადებას – ერთი წელი, რომ დაცლოდა, მზად იყო უარი ეთქვა ზოგიერთ სტრატეგიულ სიმაღლეზე, აბსურულს უწოდებენ უმრავლესობაში. როგორც მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, ერთი წელი რომ დაცლოდა მიშა სააკაშვილს, დავითგარეჯი მთლიანად დაიკარგებოდა ჩვენი ქვეყნის შემადგენლობიდან და ეს ყველაფერი უკუღმა იქნებოდა. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დავითგარეჯი შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საერთოდ საქართველოს იურისდიქციიდან გასულიყო და ეს პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა.

„მიშა სააკაშვილის პოლიტიკის შედეგია ძალიან ბევრი ცუდი რამ, რაც საქართველოში დატრიალდა. გარეჯთან მიმართებით სისხლის სამართლის საქმეზე, ცხადია, პასუხები გაცემული იქნება, მაგრამ არის ფაქტები, რომელიც საზოგადოებამ ისედაც ძალიან კარგად იცის. პროცესი მიდიოდა იქითკენ, რომ ამ ტერიტორიის ჩვენი იურისდიქციიდან გასვლა გამოეწვია.

ეს შეჩერდა სწორედ იმ აქტიური ქმედებებით, რაც ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ გაკეთდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენს სტრატეგიულ მეგობარ, მეზობელ სახელმწიფო აზერბაიჯანთან აუცილებლად მოიძებნება შემხვედრი გზები, რომელიც ამ პრობლემას ღირსეულად და სამართლიანად მოაგვარებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ორივე მხარისთვის მისაღებ შედეგს ელოდება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ღარიბაშვილის განცხადება შეიძლება უფრო წარმატებულიც იყოს, რადგან ამ შემთხვევაში ელაპარაკება იმ ხალხს, რომლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავითგარეჯი.

„არ ველოდებოდი ამ ვიზიტიდან წამოღებულიყო საკვანძო რამ და ამ კონკრეტული ვიზიტით გადაწყვეტილიყო საკითხი. ღარიბაშვილი ელაპარაკება თავის მოსახლეობას და გრძნობს პასუხისმგებლობას, ასევე არის ალიევიც. მოგეხსენებათ, რომ მიწის საკითხი მით უმეტეს ყარაბაღით გაწამებული აზერბაიჯანელებისთვის, ძალიან მგრძნობიარე საკითხია.

ამ საკითხში ცვლილებების შეტანა ძალიან ფრთხილად, ნელა და მშვიდად იქნება გასაკეთებელი, იმ შემთხვევაში თუკი აზერბაიჯანის მმართველები გადაწყვეტენ, რომ საქართველოს და სამართლის სასარგებლოდ გადადგან ნაბიჯები. ამიტომ, ალიევის სიფრთხილე გასაკვირი არ არის.

რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას და ოპოზიციის დიდ ნაწილს, მიზანი ნათელია – თუ დაკანონდება დღევანდელი მდგომარეობა, მაშინ გამოვა, რომ სააკაშვილი სწორი იყო, რაც სააკაშვილის მომხრეებს ძალიან გაახარებს. ასე რომ, ტენდენცია, თითქოს, გარეჯი საქართველო არ არის, პროვოკაციის მოწყობა და მელაშვილის დავითგარეჯში კომენტარის ჩასაწერად წასვლა, რათა აზერბაიჯანის გაღიზიანება გამოიწვიოს, რომ დათმობაზე წამოსვლის სურვილი დაკარგოს და მსგავსი მცდელობები, სააკაშვილის გათეთრების მოსურნეებს, ალბათ, კიდევ ექნებათ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში რუსუდან თევზაძე თვლის, რომ ვიზიტი შედგა სრულიად კეთილგანწყობილი თანამშრომლობის საფუძველზე და ის უმთავრესი მესიჯი, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, რომ ყველაფერი მოგვარდება ისე, რომ არც ერთი მხარე არ დაზიანდება, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში იყო, არის და იქნება პრინციპული.

„საქმე ის გახლავთ, რომ გარეჯის თემის პოლიტიკურ კონიუნქტურაში გადაყვანა არაფრით არ შეიძლებოდა, მაგრამ გადაიყვანეს. იგივე მელაშვილის ასვლა გარეჯში, ეს არის ქვეყნის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება. ნაციონალები მიხვდნენ, რომ ეს კვანძი სათავისოდ ვერ გახსნეს და კვანძი იხსნება სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ.

ამიტომ, ახლა, სხვა თამაშის წესზე გადავიდნენ, რომ თითქოს ისინიც აპირებდნენ ამ საკითხის მოგვარებას, უბრალოდ რაღაცა დრო დააკლდათ, რაზეც სააკაშვილი საუბრობდა. ეს არის რეაბილიტაციის უსუსური მცდელობა. ნებისმიერ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო წუთამდე იბრძოლებს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში თავისი ავტონომიური პარტიული ბატონობის დასამკვიდრებლად. ეს იკვეთება ყველა მათ ქმედებაში“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რუსუდან თევზაძემ.

ნათია ჩხეტიანი დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება.წარმატებები ბატონ პრემიერს❤❤❤ ერთი ეგ არის რომ ამ ნაც პროვოკატორებს გასაქანი არ მიეცეთ,ამ მოლაპარაკების ჩაშლაში.ყველაფერს აკეთებენ რომ ფიასკოთი დასრულდეს და არ მისცეთ არანაირი საბაბი თუ შანსი.
2 წლის უკან
ზურაბი სააკაშვილს კიდევ რომ დასცლოდა ახლა სადღაც შუა ოკეანეში ვიქნებოდით სინგაპურის გზაზე, ქართული მოსახლეობა კი დავიდოდა 20 პროცენტამდე.
2 წლის უკან