„ვფიქრობ, ნიკა მელიამ საპატიმრო ევროკავშირის გირაოს გადახდის შედეგად უნდა დატოვოს, „ნაცმოძრაობა“ კი ვიხილოთ პარლამენტში“

„ვფიქრობ, ნიკა მელიამ საპატიმრო ევროკავშირის გირაოს გადახდის შედეგად უნდა დატოვოს, „ნაცმოძრაობა“ კი ვიხილოთ პარლამენტში“

„ნიკა მელიას პოზიცია გაცხადებულია, - ევროკავშირის გირაოზე თანახმა იყო, თუ უარს იტყოდნენ ამნისტიაზე და 20 ივნისის ყველა „შემოქმედი“ გათავისუფლებული არ იქნებოდა პასუხისმგებლობისგან. როგორც ვხედავთ, მმართველი გუნდი არ აპირებს ამნისტიის სხვა ფორმით მიღებას და ის ვარიანტი, რომელიც მათ მიერ დადებითად არის აღქმული, განსახილველად მიიღეს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, მამუკა ჩიქოვანმა For.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ საპატიმრო, შესაძლოა, 5 მაისს დატოვოს. როგორც ირკვევა, ნიკა მელია ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე თანახმაა. რას გვეტყვით აღნიშნულთან დაკავშირებით?

- ნიკა მელიას სურვილი იყო, რომ დათანხმებოდა გირაოს, შესაბამისად, ამ ფორმით გათავისუფლებას, თუმცა, თუკი ხელისუფალი ხელს აიღებდა და უარს იტყოდა ამნისტიის ასეთი ფორმით მიღებაზე. აქ მხოლოდ მელიაზე არ არის საუბარი, არამედ იმ ჩინოვნიკების შეწყალებაზე, ვინც პრაქტიკულად, 20 ივნისს მაკო გომურს და სხვა ჩვენს ახალგაზრდებს თვალები დათხარა. ძალიან ცუდი რამ ხდება. იმედია ოპოზიცია, ხელისუფლება და აბსოლუტურად ყველა, ხელს აიღებს ამ განზრახვაზე, შედეგად, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ამ ფორმით არ მიიღებენ.

ამნისტიის კანონპროექტის განხილვა გადაიდო. პარლამენტი უქმეებზე, რომელიც 3-დან 12 მაისამდეა გამოცხადებული, მუშაობას წყვეტს. არის თუ არა იმის შანსი, რომ მანამდე ნიკა მელიამ მიიღოს ევროკაშირის შეთავაზება და დათანხმდეს გირაოს გადახდა?

- ხელისუფლება, ალბათ, უარს არ იტყვის, ხელს არ აიღებს და მიიღებს ამნისტიის კანონპროექტს იმ ფორმით, რითაც აპირებს. რაც შეეხება მელიას გათავისუფლებას, ვფიქრობ, მან უნდა დატოვოს საპატიმრო ევროკავშირის გირაოს გადახდის შემდეგ.

ფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ევროკაშირის შეთავაზება უნდა მიიღოს?

- დიახ, ასე ვფიქრობ. იმედი მაქვს, ამნისტიის კანონპროექტი ასეთი სახით საერთოდ არ იქნება მიღებული, ეს თხოვნა იყო ნიკა მელიას მხრიდანაც.

თუკი კანონპროექტის განხილვა მაინც დაიწყება, რა სამოქმედო გეგმა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“?

- ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, რომ ნიკა მელია იყოს გარეთ. შემდეგ უკვე პარტიის შიგნით მასთან ერთად განვიხილავთ სამოქმედო გეგმას და მასთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს.

ეჭვი არ გვეპარება, რომ ხელისუფლებამ ეს კანონპროექტი ისევ სათავისოდ გამოიყენოს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილი იქნება მოტყუებული და პრაქტიკულად, ეს შეთანხმება იქნება ცუდად აღქმული და გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან, რაც მოსალოდნელიც იყო.

როდესაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვიხილავთ პარლამენტში?

- არ არის გამორიცხული. პარტიის შიგნითაც არის განსხვავებული მოსაზრებები და ნიკა მელიასთან ერთად იქნება ამ საკითხზე მსჯელობა.

როგორ ფიქრობთ, უნდა შევიდეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონდებლო ორგანოში?

- მე მხარს დავუჭერ, რომ „ნაციონლაური მოძრაობა“ შევიდეს პარლამენტში.