„სააკაშვილი თავს აღმაშენებელს ადარებს და ახლა ნავალნის დონეზე დაეშვა, თუმცა, ნავალნიმ იცოდა, რომ დაიჭერდნენ, მაგრამ რუსეთში მაინც ჩავიდა“

„სააკაშვილი თავს აღმაშენებელს ადარებს და ახლა ნავალნის დონეზე დაეშვა, თუმცა, ნავალნიმ იცოდა, რომ დაიჭერდნენ, მაგრამ რუსეთში მაინც ჩავიდა“

„ვფიქრობ, საქართველოში მთავრობა წელს ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება, პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „დოიჩე ველეს“ რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. ასევე, ექს-პრეზიდენტი თვლის, რომ საქართველოს მთავრობა ისევე მოექცევა მას, როგორც რუსეთი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის.

for.ge-თან საუბარში ესპერტი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ქოსატყუილაა და მას ნავალნივით გამბედაობა არ ეყოფა, რომ საქართველოში დაბრუნდეს და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს. ექსპერტი ასევე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში პოლიტიკური კარიერის გაგრძელება აღარ უწერია.

ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, „დოიჩე ველეს“ რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება და მისი გუნდი ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. მიხეილ სააკაშვილის ამ მორიგ „სკანდალურ“ განცხადებას როგორ შეაფასებდით?

- სააკაშვილი ქოსატყუილაა. ის ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტია, რომელიც ყოველთვის ცდილობს თავისი მხარდამჭერები შეაგულიანოს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება სიმართლისადმი, ვაჟკაცობისადმი... მერამდენეჯერ იბარებს, რომ ჩამოვა... ახლანდელი მისი განცხადებაც არის მორიგი მცდელობა იმისა, რომ საკუთარ მხარდამჭერებს რეალობა ისე დაანახოს, როგორც მას აწყობს და სჭირდება. თუმცა, თქვენ იცით, რომ ოპოზიცია სრულად პარლამენტშია. ახლა მათი მცდელობა არის, ნიკა მელია  ციხიდან, როგორმე, დაზიანების გარეშე გამოვიდეს. მელია გირაოს აუცილებლად დათანხმდება, შემდეგ ამნისტიაც შეეხება და გაცილებით დაზიანებული გამოვა ციხიდან, ვიდრე ის იყო პოლიტიკური ფიგურა ციხეში შესვლამდე.

მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ მელია სააკაშვილის პირადი პატიმარია. ის პოლიტიკური სცენარი, რომელიც მათი მხრიდან ითვალისწინებდა ქაოსსა და დესტაბილიზაციას, არ შედგა და ბუნებრივია, არც არასდროს შედგება. ამ ქვეყანაში მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი არჩევნების გზით არაერთხელ დაამტკიცა და ყველაფერს ამომრჩეველი თვითმმართველობის არჩევნებისას გადაწვეტს - პირველ რიგში - იქნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები და რაც მთავარია, პროცესები კონსტიტუციური ჩარჩოდან არ გავა. რაც არ უნდა ისაუბროს სააკაშვილმა, მისი სიტყვები და რეალობა ერთმანეთისგან განსხვავდება.

თქვენ ახლაც თქვით და არაერთხელ გაგიცხადებიათ, რომ სააკაშვილს დესტაბილიზაცია სურს. მელიას გათავისუფლებით ექს-პრეზიდენტს ამ მხრივ გეგმები ჩაეშალა?

- ცნობილია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა იმიტომ, რომ მათთვის მიუღებელი იყო ის პირობები, რომელიც ჯერ კიდევ მიშელის დოკუმენტამდე საერთოდ არ მოხვდა დოკუმენტში. საერთოდ, არანაირ პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე საუბარი არ ყოფილა, ამიტომ, მაშინ დანარჩენმა ოპოზიციამ, სააკაშვილის სცენარიდან გამომდინარე, არ მოაწერა დოკუმენტს ხელი. შემდეგ ჩვენ ვნახეთ შარლ მიშელის დოკუმენტი, სადაც პირდაპირ მართლმსაჯულებაზე და გახმაურებულ საქმეებზეა საუბარი, რომელსაც ოპოზიცია პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღიქვამს. არადა, არც ევროკავშირი და არც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია არ აღიარებდა არც მელიას და არც რურუას პოლიტიკურ პატიმრად. იგივე ეხება თვითმმართველობის არჩევნებსაც. იცით, რომ „ქართული ოცნება“ 40%-იან მექანიზმე თანახმა იყო და შემდეგ 43%-ს ყველა დათანხმდა. ასე რომ, დოკუმენტი უკვე შექმნილია და ამერიკა ამ ხელშეკრულების შესრულების თაობაზე მონიტორინგს გააგრძელებს. ასევე ცნობილია, რომ ამინისტიის შესახებ კანონი დაინიცირებულია - ერთი კი არა, ორი ვარიანტი არსებობს, ისევე როგორც საარჩევნო რეფორმა. ამიტომ ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას, პოლიტიკურ პროცესები პარლამენტში გაგრძელდება, „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩება იქ, სადაც მისი ადგილია - ქუჩაში.

თქვენ ახსენეთ, რომ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარია. პარტია სალომე სამადაშვილმა დატოვა, როგორ ფიქობთ მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, შესაძლებელია, რომ სააკაშვილს თანაგუნდელები კიდევ შემოეცალონ?

- „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას გათავისუფლება რომ უნდოდეთ, მას გირაოს გადაუხდიდნენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მთელი ამოცანა არის ის, რომ ნიკა მელია ციხეში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს, მინიმუმ დაანონსებულ 15 მაისის აქციამდე მაინც, რათა ამით იმანიპულირონ. თუმცა, ეს საკითხები როგორც ევროკავშირისთვის, ისე ჩვენი მოსახლეობისთვის უკვე ამოწურულია და შარლ მიშელის დოკუმენტმა ამ სცენარს წერტილი დაუსვა. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის მიღმა რაც უფრო დიდხანს იქნება, მით უფრო უარესი მათთვის.

როდესაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს, თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილის გეგმები როგორი იქნება? ექს-პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებას აპირებს, რაც არაერთხელ უთქვამს, მისი ერთ-ერთი გეგმა ეს იქნება?

- სააკაშვილი ვერც ვერაფერს იზამს. სრულიად წარმოუდგენელია, სააკაშვილს ის დანაშაულებები ვინმემ აპატიოს, რომელიც მას ამ ქვეყნის წინაშე აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი დარჩება ქოსატყუილად. ამიტომ, ვისაც სჯერა მისი ჩამოსვლის, ისევ იმათ სჯეროდეთ და დაელოდონ. ნიკა მელია ყველა ვარიანტში ციხიდან გამოვა, ის, სავარაუდოდ, თბილისის მერის არჩევნების კამპანიაში ჩაერთვება და მიიღებენ იმ შედეგებს, რომელიც მიიღეს 2017 წელს.

ექს-პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მას ისე მოექცევა, როგორც რუსეთის მთავრობა ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის მოექცა...

- სააკაშვილი თავს ხან დავით აღმაშენებელს ადარებს, ხან ამერიკის პრეზიდენტებს ეზომებოდა და ახლა ნავალნის დონეზეა დაშვებული. თუმცა, ნავალნი მისგან განსხვავებით რუსეთში ჩავიდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მას დაიჭერდნენ. სააკაშვილი კი 8 წელია ქვეყნიდან გაქცეულია და მხოლოდ ჩამოსვლით იმუქრება. თუ მაგარი ბიჭია და ნავალნის ადარებს თავს, შეუძლია ჩამოვიდეს. სააკაშვილმა ქართული მართლმსაჯულება კარგად იცის. ასევე, მას ევროპული სტანდარტების ციხე ელოდება. მძიმე დანაშაულებებზე, რომელზეც მას ბრალი აქვს წაყენებული, თუ მოიხდის სასჯელს, ისე როგორც ვანო მერაბიშვილმა და როგორც მისმა თანაგუნდელებმა მოიხადეს, ამის შემდეგ შეეძლება ქართულ პოლიტიკას დაუბრუნდეს. თუ არა და იქნება გაქცეული მთელი ცხოვრება, როგორც ახლა არის.

მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ არაერთი საქმე არის აღძრული, ახლა მიხეილ სააკაშვილმა შეიტანა სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი და ევროპულმა სასამართლომ მისი სარჩელი მიიღო. რას ნიშნავს მისი მხიდან ეს ნაბიჯი?

- სწორედ სტრასბურგს აქვს გირგვლიანის, გელაშვილის, 7 ნოემბრისა და ა.შ. საქმეებზე მიღებული გადაწვეტილებები, სადაც საქართველო გირგვლიანის ოჯახთან დამარცხდა იმის გამო, რომ სააკაშვილის დროს მოკლეს და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოქმედი პრეზიდენტი შეკვეთებს იღებდა, რომ მკვლელებს გაათავისუფლებდა, როგორც კი ამის საშალება მიეცემოდა.

სტრასბურგის სასამართლოში არაერთი საქმე არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ გამო საქართველო არაერთხელ დამარცხდა. ამიტომ, სტრასბურგი იქნება თუ ჰააგა, სადაც მიხეილ სააკაშვილი ხმას მიაწვდენს, ყველგან დამარცხდება. საქართველოს რას ედავება? არ იყო დამნაშავე და დანაშაული არ ჩაუდენია თუ რა?! სტრასბურგის სასამართლომ საქმე რომ მიიღო, ეს არაფერს ნიშნავს. პირიქით, კარგია რომ მიიღო, რადგან საქართველოს კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება, რომ თავის გაქცეულ პრეზიდენტს ედავოს. დარწმუნებული ვარ, ევროპული სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც არაერთხელ მიუღია „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე რეჟიმის წინააღმდეგ.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინაშიც შეერყა იმიჯი და როგორ ფიქრობთ, ხომ არ მოუწევს უკრაინის დატოვებაც?

- ცნობილია, სააკაშვილის კარიერა უკრაინაში როგორ განვითარდა. 2015 წელს მან საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომლის პრეზიდენტიც 9 წელი იყო. ეს იმიტომ გააკეთა, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორი გამხდარიყო. თუმცა, იქაც კარიერა ციხით დაასრულა. ვნახეთ ცრემლებით დასველებული წერილი პოროშენკოს სახელზე, რის შემდეგაც ის შეწყალებული და ქვეყნიდან გაძევებული იქნა. შემდეგ, ზელენსკიმ წყალობა გაიღო და მას მოქალაქეობა დაუბრუნა. თუმცა, იგივე ზელენსკის მიმართ რა განცხადებებსაც აკეთებს, კარგად ვიცით. ისიც ცნობილია, რა რეფორმები გაატარა, როგორი ინვესტიციები მოიზიდა ვარშალომიძემ და უკრაინის რკინიგზას ეზუგბაიამ რა უქნა... არ მგონია, მას მოქალაქეობა ჩამოართვან, ან უკრაინაში დააპატიმრონ, თუმცა უკრაინაში პოლიტიკური კარიერის გაგრძელება აღარ უწერია, უკვე ფაქტია.