გია სურამელაშვილმა თავისი გარეგნული მონაცემებითა და სიმღერის შესრულების მანერით ქალების გული ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში დაიპყრო. მომავალი ცოლი ოცი წლის წინ, მეგობრის ოჯახში გაიცნო. გოგონებს მის დანახვაზე, თურმე, ლამის გულიც წასვლიათ. რომელი უფრო იყო მათგან სურამელაშვილის შესადარი, არ ვიცი, მაგრამ არჩევანი ექვსი წლით უფროსზე გააკეთა, რომლის მიმართ გრძნობაც კი არ ჰქონია. მათ გამოცდას ვერ გაუძლეს და ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტეს, ცალ-ცალკე ეცხოვრათ. დღეს მომღერალი ამბობს, რომ ქმრის როლს ვერ მოერგო და ისევ თავისუფლად ცხოვრება ურჩევნია.
როგორ შეხვდა ოჯახი შენს ნაადრევად დაოჯახებას?
- 18 წლის ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე, მაგრამ, რომ გითხრა, ყურებამდე შეყვარებული ვიყავი-მეთქი, მოგატყუებ. იმ მომენტში ასე მინდოდა და მოვიყვანე. ჩემი ოჯახის მხრიდან ამას ცუდი ამბები მოჰყვა. არ მოეწონათ ჩემი გადადგმული ნაბიჯი, შეიძლება, იმის გამოც, რომ პატარა ვიყავი და იმიტომაც, რომ რაღაც მომენტში, ჩემი ცოლიც არ მოეწონათ. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე, ხომ იცი. მოსაწონი რომც იყოს, მაინც რაღაც არ მოსწონთ მშობლებს. ყოველ შემთხვევაში, ზედმეტად დაკვირვებული და შეგნებული ადამიანი ვარ და ამას კარგად ვხედავდი.
მაგრამ, ფაქტია, რომ შენმა დაკვირვებამ არ გაამართლა. ცხოვრება იმ ადამიანს დაუკავშირე, ვინც ვერც შენი სილამაზე დაჩრდილა და ვერც შენს აქტიურ ცხოვრებას გაუგო ვერაფერი.
- მე იმ დონის ლამაზი და მაგარი ტიპი ვარ, ჩემი შესადარი დღეს არ არის და მაშინ როგორ იქნებოდა?! უბრალოდ, იმ დროს ძალიან მინდოდა, ეს ადამიანი ჩემ გვერდით ყოფილიყო და მოვიყვანე, ოღონდ, ყოველგვარი გრძნობის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ დედისერთაა და შეძლებული ოჯახიდან, ამას ჩვენს ურთიერთობაში არანაირი როლი არ უთამაშია.
მაშინ, რატომ გაშორდა გია სურამელაშვილი ქალს, რომელიც რაღაც მომენტში, უნდოდა და ცოლად მოიყვანა? მაიას ოჯახიც ხომ არ იყო თქვენი ერთად ყოფნის წინააღმდეგი?
- სხვათა შორის, ბრწყინვალე სიდედრი მყავდა, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე. მიუხედავად ამისა, ასე მოხდა. ალბათ, ჩემი ბრალი იყო, ყველაფერს მაიას ვერ დავაბრალებ. ჩვენს დაცილებაში არავის უთამაშია როლი. ვაღიარებ, რომ არ ვიყავი ოჯახის ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ დედა და მამა გვერდში მედგნენ. მართალია, თავიდან არ მოეწონათ ჩემი ნაბიჯი, მაგრამ, ბავშვი რომ გაჩნდა, დამოკიდებულებაც შეიცვალა. მოუწიათ შეგუება. თან, ჩვენ არ ვცხოვრობდით ერთად. ჩემს ცოლს თავისი სახლი ჰქონდა. იქ არ ვცხოვრობდი, მივდიოდი და მოვდიოდი. არ გვქონდა ტრადიციული ქართული ოჯახი, მაგრამ ნუგო რომ გაჩნდა, შევერთდით.
იმედია, მაია არ გვიწყენს, მასზე ასე რომ ვლაპარაკობთ, მაგრამ ის შენი წარსულის რეალური ნაწილია, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. ვიცი, რომ ასაკით შენზე დიდია, ესეც ხომ ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ვერ გაუგეთ ერთმანეთს?
- დიახ, ჩემზე ექვსი წლით უფროსია. შენ საიდან იცი? არ ვიცი, ალბათ, ესეც გახდა უთანხმოების მიზეზი. იცი, რა მომენტი იყო? თავიდან დაიწყო ეჭვიანობები. სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა ჩემი ძალიან სერიოზული პოპულარობა. შინაგანად ისედაც ფიცხი ვარ და ასეთ რაღაცას ბევრს არ ვპატიობ, მით უმეტეს, ვერ ვაპატიებდი ცოლს. ჩვენი ურთიერთობა ამის გამო შეირყა, თორემ სხვა კი არაფერი მომხდარა. ნუგოს ყოველთვის დედაჩემი ზრდიდა. ბავშვს უნდოდა დედაჩემთან და მამაჩემთან ცხოვრება და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ასე მოვქცეულიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ვხედავდით ერთმანეთს.
რატომ ვერ შეეგუე ამას, არ იცოდი, რომ შენ გვერდით ვინც იქნებოდა, აუცილებლად იეჭვიანებდა?
- ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, ეჭვიანობის მომენტებს თუ არ ჩავთვლით. თუმცა, მისიც კარგად მესმის. ორმოცდაათი ქალი რომ ჩამოეკიდება შენს ქმარს კისერზე, ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება ეს გრძნობა. მართალია, დღეს ერთად აღარ ვართ, მაგრამ არც ოფიციალურად ვართ გაყრილები. შეიძლება, დღესაც ეჭვიანობს გულში, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ახლა ვართ მეგობრები და, უბრალოდ, ნუგოს დედა და მამა.
მისი შეყვარება ვერც თანაცხოვრების პერიოდში შეძელი?
- არ ვიცი, არ მიყვარდა, მაგრამ როგორ შეიძლება, მას არ ვყვარებოდი, როცა მთელი თბილისის ქალებს ვუყვარდი და ვუყვარვარ?! ქალი ხარ და, აქედან გამომდინარე თქვი, აბა, შენი ქმარი, რომელიც ყველას უყვარს, შენ არ გეყვარება?!
ეჰ, გია, გია... როგორც ჩანს, მართლა არ შეიძლება პატარა ასაკში დაოჯახება, თან, გემოვნებაც გღალატობს.
- პასუხისმგებლობას ვერასდროს ვგრძნობდი. ამიტომ ყველაფერს ჩემი მშობლები განაგებდნენ ნუგოსთან დაკავშირებით. 18-19 წლის ბიჭს, აბა, რა უნდა მქონოდა! ჩემი სიდედრიც ძალიან ბევრს აკეთებდა ჩემ გამო. არანორმალურად ვუყვარდი. შეიძლება, მე არ ვყვარებოდი სიდედრს, რომელსაც შეეძლო ჩემთვის საოცარი საჩუქრები გაეკეთებინა? რაც შეეხება გემოვნებას, კი არ მღალატობს, უბრალოდ, ასე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს ქალი ჩემ გვერდით ყოფილიყო. არანაირად არაფერი მქონია გათვლილი 18 წლის ბიჭს. ურთიერთობამ არ გაამართლა, თორემ, საერთო ჯამში, მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც მინდოდა, ერთი ცოლი და ოთხი ან ხუთი შვილი მაინც მყოლოდა. ალბათ, უფრო მაიამ ვერ გამიგო, თორემ არა ვარ იმის კაცი, რომ ერთ ცოლს გავშორდე, მერე მეორე მოვიყვანო, მერე - მესამე და ასე შემდეგ.
მაინც ასე გამოდის...
- არც მობეზრების მომენტი ყოფილა. მაიას გადასარევი საცხოვრებელი ჰქონდა თავისთვის, მე ჩემი მქონდა. ხან აქეთ ვიყავით და ხან იქით, პრეტენზიებს არ გამოთქვამდა. ძალიან ჩუმი, ერუდირებული, სხვანაირი ტიპის ქალია. ჩემთან უკმაყოფილება არასდროს გამოუთქვამს. ქალის მხრიდან თუ შევხედავთ, მისთვისაც, ალბათ, ცოტა არასასიამოვნოა, როცა დედამთილს და მამამთილს არ მოსწონხარ და ამას გრძნობ. მე თვითონ ძალიან ლამაზი, მაგარი, ამბიციური დედა მყავდა. თუმცა, ბოლოს დედაჩემმა გადასარევად მიიღო მაია, კი არ გაუგდია, უბრალოდ, სიტუაციამ მოიტანა ასე.
დღეს როგორ გახსენდება ის დღე, როცა მაია გაიცანი?
- აღარც მახსოვს, სადღაც მეგობრის ოჯახში გავიცანი. სამი თუ ოთხი დაქალი ერთად იყო იქ მისული, რომ დამინახეს, გადაცვივდნენ, იმიტომ, რომ ყოველთვის ლამაზი, მოვლილი, მაგარი ჩაცმული ვიყავი. შევიდა ძალიან მაგარი ტიპი, მაგარი დაზმანული და შოკში ჩავარდნენ. არანაირი სიყვარულობანა არ გვითამაშია, ყველაფერი ექსპრომტად მოხდა. ჩემი ფანი ნამდვილად არ იყო, რადგან მაშინ არ ვიყავი პოპულარული. ვიყავი, უბრალოდ, ლამაზი ბიჭი. იმ პერიოდში სრულ ქაოსში ვიყავი. იმ ამბავს ვგულისხმობ, რაც ხდებოდა საქართველოში და თბილისში ჩემ გარშემო. აი, მაგ დროს დაეწყო მაიას რაღაც „წიკები“. ფილარმონიაში მოვიდა, ეჭვიანობის სცენები გამიმართა, კონცერტის წინ ხმამაღალი საუბარი გვქონდა. მე სხვანაირი ტიპი ვარ, რა. ვერ ვიტან, როცა ჩემი მისამართით თუნდაც ცოლი, დაქალი, საყვარელი ან ძმაკაცი, ოდნავ ხმას უწევს და ზედმეტ ულტიმატუმებს მიყენებს. ეს დავინახე თუ არა, დაცვას თვალებით ვანიშნე, გაიყვანე-მეთქი და იქ დამთავრდა ყველაფერი. ორი წლის თავზევე მორჩა ჩვენი ურთიერთობა. ამაზე ძალიან გავბრაზდი, არ გამოუვიდა ლამაზად. მე მქონდა ჩემი ცხოვრება, უამრავი გასტროლი. ნუგო რომ გაჩნდა, უფრო მეტად დაიძაბა რაღაც მომენტები, თუმცა, მამური პასუხისმგებლობა ყოველთვის მქონდა, რა სისულელეა!
ახლა რას აპირებ? ალბათ, არც არაფერს...
- მარტო უნდა ვიყო, ჩემს გემოზე. 40 წლის ვარ, მაგრამ, არ მინდა ოჯახი, ახლა ასე ყოფნა მსიამოვნებს. შეიძლება, რაღაც სასწაული მოხდეს და მაიას შევურიგდე, არაფერია გამორიცხული. სიბერემდე ან მივალ, ან არა. თუ მივედი, ამისთვისაც მაქვს ჩემი აზრები შემონახული. შვილი მყავს, რძალი მეყოლება, შვილიშვილი და... ახლა სამ ადამიანზე ვარ შეყვარებული. შეიძლება, ერთ-ერთი მოვიყვანო ცოლად. იცი, რას ვფიქრობ? ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდში ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემი ცოლი, ოჯახი მაინც დამენგრეოდა. ჩემგან გამომდინარე, ვერ შევძლებდი შენარჩუნებას. ამ მხრივ არ ვარ მყარი, არ შემიძლია ქმრის უღელში ყოფნა, ალბათ, ყველაფერი მაინც ბედია.
შენ გარშემო, ალბათ, არის ისეთი ოჯახები, რომლებიც შენთვის სამაგალითოა.
- ძალიან ვგავარ დედას. ის ყოველთვის ჩემი ახლო მეგობარიც იყო, დაქალიც და ძმაკაციც - გაწონასწორებული, სიტყვაძუნწი და სერიოზული ქალი. მხოლოდ ასეთმა ადამიანმა შეიძლება მომხიბლოს - თვისებებმა, რომლებსაც ხშირად ვერ ვხედავ ქალში. მართლაც საოცარი პიროვნება იყო. ჩემთვის მაგალითია დედას და მამას ურთიერთობა სიყვარულში. მამაც საკმაოდ სიმპათიური იყო და ყოველთვის დიდ პატივს სცემდა დედას, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მამა ეჭვიანი გახლდათ. მართლა შესაშური ურთიერთობა ჰქონდათ. ამას ჩემი მეგობრებიც აღნიშნავენ.
შენი შვილი, ალბათ, ჯერ არ აპირებს ცოლის შერთვას?
- ნუგო 22 წლის არის. მის ცხოვრებაში არ ვერევი. ძალიან სერიოზული და გემრიელი ბიჭია. ის კაცია, რომელიც, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს აზრს გაითვალისწინებს. მაგრამ, ის კაცი არ ვარ, რომ ნუგოს ცხოვრება დავუნგრიო. მე ვარ ჩვეულებრივი მოსიყვარულე მამა და, მით უმეტეს, მისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. აპირებდა ცოლის მოყვანას, მაგრამ მერე თვითონ გადაიფიქრა, მე ნამდვილად არაფერი ჩამიშლია. მამამთილური მომენტები არ გამომიმჟღავნებია. შენ როგორ წარმოგიდგენია, გია სურამელაშვილი როგორი მამამთილი იქნება?