„ჩვენს დროს, სამ თვეში 15 ათასი ადამიანი არ დაუკითხავთ“.

„ჩვენს დროს, სამ თვეში 15 ათასი ადამიანი არ დაუკითხავთ“.

„ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში იბარებს. როგორც საპარლამენტო უმცირესობა ამბობს, ძალოვანი მინისტრის კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებას არ აპირებენ, თუმცა, მთავრობის წევრს საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას მოსთხოვენ. ამ დრომდე, უცნობი რჩება ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში, პარლამენტს როდის ესტუმრება, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში მინისტრი რომ გამოცხადდება, ამის შესახებ ინფორმაციას უმრავლესობის ლიდერები უკვე ადასტურებენ.

წინა ხელისუფლების პირობებში, ძალოვანი მინისტრები პარლამენტში რატომ არ ცხადდებოდნენ? – for.ge  საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ბეჟაშვილს ესაუბრა:

შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე, რა საკითხებს დააყენებთ?

- შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი თემა 8 თებერვლის მოვლენები იქნება, კერძოდ, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება. ამას გარდა, დავინტერესდებით გუნავას საქმის გამოძების დეტალებით და ასევე, ვანის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის მიერ, ერთ-ერთი მოქალაქის ფეხში დაჭრის ფაქტით. ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრს პასუხების გაცემა მოუწევს უწყებაში მიმდინარე პროცესებსა და იმაზე, სამინისტროდან გამოცდილ კადრებს რატომ უშვებენ. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას უკვე მესამედ ვითხოვთ და იმედი მაქვს, რომ ის პარლამენტში მოსვლას თავს არ აარიდებს.

გუნავას საქმეზე კონკრეტულად,  რა გაინტერესებთ?

- ყველასთვის ცნობილია, რომ გუნავას საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომ მისთვის ნარკოტიკისა და იარაღის ჩადება მოხდა. ფაქტია, რომ ამ ადამიანის მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელება მოხდა. სამწუხაროდ, საქმეზე გამოძება არ დამთავრებულა და გუნავას საქმე იმით დაამთავრეს, რომ სამსახურებიდან კონკრეტული პირები გაუშვეს, რაც კანონთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია.

გუნავასა და ვანის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის საქმეების გარდა, სხვა ხელჩასაჭიდი საქმე არ მოგეძიებათ?  

- როგორ არა. არის საკითხები, რომელიც საზოგადოებაში კითხვებს იწვევს და, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს და ნათელი მოეფინოს. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილისგან ინფორმაციას მივიღებთ, ეს სამინისტროსთან მიმართებაში     პოზიციის განსაზღვრაში დაგვეხმარება.

წინა მოწვევის პარლამენტში, ძალოვანი მინისტრები არ მიდიოდნენ. უფრო მეტიც, ზოგჯერ, საკანონმდელო ორგანოში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადებასაც კი არ ესწრებოდნენ. რატომ?

- წინა პარლამენტისგან განსხვავებით, ეს ტრადიცია წარსულს უნდა ჩაბარდეს და მინისტრების მოსვლის კუთხით, ამ პარლამენტში ჯერჯერობით ნორმალური ვითარებაა. თუმცა, ოპოზიციის ფრაქციის სხდომაზე, იგივე ვანო მერაბიშვილი პარლამენტში ორჯერ იყო მიწვეული.

ორჯერ იყო მიწვეული, თუმცა, ერთხელ სხდომაზე მის ნაცვლად, ეკა ზღულაძე წარსდგა. ამას გარდა, ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგშიქრისტაინ-დემოკრატებისფრაქციის სხდომაზე გამოცხადდა და გია ცაგარეიშვილის ფრაქციას სხდომაზე მისვლაზე უარი უთხრა...

 - უკეთესობისკენ უნდა წავიდეთ და მინისტრები პარლამენტში უნდა მოვიდნენ.

ანუ, თვლით, რომ თავის დროზე, ამ კუთხითაც შეცდომას უშვებდით?

- დიახ, ეს იყო შეცდომა და აშკარად პრობლემა იყო როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ჩვენთვის, რადგან უკეთესი იქნებოდა თუ მაშინ ბევრ კითხვას პასუხი გაეცემოდა და საზოგადოებაში ბუნდოვანების განცდა არ დარჩებოდა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხდვითაც, პარლამენტს მთავრობის დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება დაუბრუნდება, ინიციატივა კენჭისყრაზე მარტის  ბოლომდე დადგება და  მხარს დაუჭერთ?

- ჩვენი და პრეზიდენტის პოზიციაა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები 150 ხმით მივიღოთ და იმ ძირითად საკითხებზე შევთანხმდეთ, რომელიც ქვეყანას აწუხებს. თუ საზოგადოებას კონსტიტუციური ცვლილება აწუხებს, კი ბატონო, მივიღოთ, მაგრამ რაც საზოგადოებას აწუხებს, მას იგნორი გავუკეთოთ?

მაგალითად, საზოგადოებას რა აწუხებს?

- პოლიტიკური ზეწოლა, თვითმართველობებზე მუქარები და ა.შ

ეს ხალხს აწუხებს, თუ ნაციონალებს?

- თქვენ ფიქრობთ, რომ ხალხი ნაციონალებს მხარს არ უჭერს? როცა 15 ათას ადამიანს დაკითხვაზე იბარებენ, ეს გავლენას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ახდენს და ეს ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებას აფერხებს. როცა ინვესტორი ხედავს, რომ დაკითხვებზე დაბარებები და დაჭერები ხდება, ის ქვეყანაში ინვესტიციებს არ ჩადებს.

თქვენი ლოგიკით, თქვენს დროს ინვესტიციები ინტენსიურად იმიტომ არ შემოდიოდა, რომ  ხალხს აპატიმრებდით?

- ჩვენს დროს, სამ თვეში 15 ათასი ადამიანი არ დაუკითხავთ.

გამორიცხავთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას თქვენი რიგებიდან კადრების გადინება მოჰყვეს?

- ის, რომ უმცირესობის წარმომადგენლობაზე სხვადასხვა ფორმით ზეწოლა ხორციელდება, ეს ახალი არ არის, რადგან ზოგს შვილი დაუჭირეს და ზოგი დაკითხვაზე დაიბარეს.

შვილი ვის დაუჭირეს?

- მაგალითად იაშა შერვაშიძეს.

როგორც ცნობილია, შერვაშიძის შვილი ნარკოტიკების მოხმარების გამო დააკავეს...

დააკავეს და შემდეგ საპროცესო რატომ გაუფორმეს? იმის გამო, რომ დათმობაზე წამოსულიყო?!

ანუ, თქვენ ისევ თქვენს რიტორიკას აგრძელებთ, რომ თქვენგან კადრების გადინება მხოლოდ პოლიტიკური დევნის შედეგია?

- თავისთავად ასე ხდება და ეს ყოველდღე ნათელი ხდება.