კუმანი:

კუმანი: "მძიმე დარტყმა მივიღეთ, მაგრამ ჩემპიონობისთვის ყველა თამაშის მოგება უნდა ვცადოთ"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „გრანადასთან“ (1:2) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, იმედგაცრუებულია, მაგრამ მარცხს უნდა შეეგუონ და მომდევნო ხუთივე მატჩის მოგება უნდა სცადონ.

„ფეხბურთელებს არაფერში ვადანაშაულებ, ყველაფერი გავაკეთეთ. ორი გოლი იმის გამო გავუშვით, რომ სივრცეები დავტოვეთ. ბურთი უნდა შეგვენარჩუნებინა, დაცვაში კარგად ვერ ვითამაშეთ. ეს დიდი დარტყმაა, იმედგაცრუებული ვარ. ხვალიდან შემდეგ მატჩზე ვიფიქრებთ. ვეცდებით, ხუთივე მატჩი მოვიგოთ, რომ ჩემპიონები გავხდეთ. ჩვენთვის იგივე სიტუაცია რჩება, როგორც სხვებისთვის. გამარჯვების კარგი შესაძლებლობა გვქონდა და რთულია, მაგრამ მარცხს უნდა შევეგუოთ. ჩემპიონობისთვის მებრძოლ ყველა გუნდს რთული კალენდარი აქვს“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში 33-ე ტურის შემდეგ ძალიან დაძაბული ვითარებაა: „ატლეტიკოს“ 73, „რეალსა“ და „ბარსელონას“ 71-71 ქულა აქვთ, ხოლო „სევილიას“ 70 და ოთხივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის.