„თუ ადამიანი არაფერშია დამნაშავე, მას ხელწერილს არ აწერინებენ“

„თუ ადამიანი არაფერშია დამნაშავე, მას ხელწერილს არ აწერინებენ“

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ინიციატივით გამოდის - საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთონ. ამის შესახებ ლინკევიჩიუსმა დღეს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, თანამშრომლობის საკითხები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს სწრაფვას ნატო-სა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველომ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერესი ემთხვევა ჩვენსას. იცით, რომ ვილნიუსი მასპინძლობს სამიტს, რომელიც შემოდგომაზე არის დაგეგმილი და ლიტვას გააჩნია დამატებითი ვალდებულება, რომ ჩვენ მივიღოთ ის მაქსიმუმი, რისი სურვილიც გაგვაჩნია. რჩევაც მივიღეთ. დღეს ბატონი ლინას ლინკევიჩუსი ასევე ხვდება საქართველოს პრეზიდენტს და მე ჩემი მხრივ უკვე დავთანხმდი, რომ გაკეთდეს ჩვენი ერთობლივი განცხადება“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამას მოჰყვა პრეზიდენტის მიმართვა პრემიერისადმი, რომ ასეთ დოკუმენტს მათ ორივემ მოაწერონ ხელი. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი და პრემიერის ერთობლივი წერილი ნატო-სა და ევროკავშირისადმი პოლიტიკური კლასის ერთიანობის დემონსტრაცია იქნება.

„დღევანდელი ჩვენი საუბრის შემდეგ, მე კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო ჩვენი ძველი შეთავაზება, რომ მე და პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი წერილით მივმართოთ ევროკავშირს და ნატო-ს, მიუხედავად ჩვენი შიდაპოლიტიკური განსხვავებებისა, ერთობლივი გეგმა გავწეროთ, რომ ჩვენ გვინდა, ევროატლანტიკური და ევროპული ორიენტაციის კურსის გაგრძელება. ვფიქრობ, პრემიერთან შეხვედრა არ უნდა დარჩეს მხოლოდ შეხვედრად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ის, რომ რაღაც სახის დიალოგი აღდგა და ახლა ევროპულ ინსტიტუტებთან დინამიკა არ დავკარგოთ. თუ საქართველოს შიდა ვითარება ცუდად განვითარდა, თუ ჩვენ წავედით ნაკლები სტაბილურობისკენ ან დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეექმნათ საფრთხე, მაშინ ამის გაგრძელება იქნება, რომ ჩვენ შეიძლება ჩამოვრჩეთ იმ პროგრესს და იმ ტემპს, რომელიც აკრეფილი გვქონდა ევროპასთან ინტეგრაციაში. ეს არ უნდა უნდოდეს არავის. ეს არ უნდა უნდოდეს მთავრობას, რა თქმა უნდა, ეს არ მინდა მე, იმიტომ რომ, ჩვენ ყველანი და მე პირადად, ამას რუდუნებით ვაშენებდით მთელი წლების განმავლობაში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ერთობლივ დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემაც გააკეთა. მინისტრი შესაძლებლად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიერ მომზადდეს ერთობლივი დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს საგარეო კურსი იქნება დაფიქსირებული.

„მიმაჩნია, რომ ასეთი დოკუმენტის შემუშავება დასაშვებია და შესაძლებელია მისი მომზადება. თუ რა ფორმა ექნება ამ ერთობლივ დოკუმენტს, ჯერჯერობით არ ვიცი, თუმცა მასში დაფიქსირებული იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელსაც ხელს მოაწერს როგორც პრემიერი, ასევე საქართველოს პრეზიდენტი“, - აღნიშნა ფანიჯიკიძემ.

ამდენად, რა ფორმა შეიძლება ამ დოკუმენტს ჰქონდეს, ჯერჯერობით საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ აკონკრეტებს, მაგრამ როგორც ჩანს, ორივე მხარე - პრეზიდენტიცა და პრემიერიც მზად არიან, რომ აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწერონ. არის თუ არა მსგავსი პრეცედენტები, რომ რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებმა ევროკავშირს, ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას ასეთი ტიპის დოკუმენტით მიმართონ და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის ასეთი დოკუმენტის მიღება, ამ კითხვებით საგარეო ურთიერთობების საკითხებში ქართველ ექსპერტებს მივმართეთ.

თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ამ დოკუმენტს უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ ლიდერებს შორის შეთანხმების ფორმა.

„ეს შეიძლება იყოს შეთანხმება პოლიტიკურ ლიდერებს შორის, - ვადასტურებთ, რომ ჩვენ ყველას ეს ურყევი ინტერესი გვაქვს“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც აპირებს, რომ მაგალითად, ნატოს ან ევროკავშირის წევრი გახდეს, რაღაც ეტაპზე გაკეთებული აქვს ფორმალური მიმართვა, რომ ამ ქვეყანას ამ კონკრეტული ორგანიზაციის წევრობა სურს. ექსპერტის თქმით, ასეთი მიმართვა ერთი მხრივ, ხაზს უსვამს ქვეყნისთვის ამ საკითხის მნიშვნელობას, ხოლო მეორე მხრივ, ასეთი დოკუმენტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ნატოში და ევროკავშირში დებატები, ან ამ საკითხის სხვა ფორმით განხილვა გამოიწვიოს.

„ასეთი დოკუმენტის მიღება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს კონკრეტულ სიტუაციაში, როდესაც აქ ხელისუფლებაში არის ორი პოლიტიკური პარტია და ჩანს, რომ ამ ორ პოლიტიკურ პარტიას ერთმანეთთან ურთიერთობაში პრობლემები აქვს. ამიტომ, თუ ამ პოლიტიკური პარტიების ლიდერები მოახერხებენ იმას, რომ ერთობლივ დოკუმენტს მოაწერონ ხელი, ეს ნიშნავს იმას, თუ რამდენად კონსოლიდირებულია ქართული პოლიტიკური სპექტრი, ქართული საზოგადოება ამ საკითხის გარშემო და ეს იქნება კიდევ უფრო აქტუალიზაცია იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროინტეგრაცია“, - ამბობს ელენე ხოშტარია.

მისი თქმით, ვინაიდან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს მიმართ კოჰაბიტაციის მოლოდინი ძალიან მაღალია და ასეთი დოკუმენტის შექმნა ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან დადასტურდება, რომ ქვეყანაში კოჰაბიტაცია მართლაც მიმდინარეობს. ამდენად, ექსპერტი ასკვნის, რომ ერთობლივი მიმართვის მიღება იქნება ძალიან სასარგებლო და ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მასტიმულირებელი.

კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ თავად ის ფაქტი, რომ ვიღაცას ქვეყნის საგარეო კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და პრემიერის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი სჭირდება, ეს ნეგატიური მოვლენაა.

„როდესაც ვიღაცას, განსაკუთრებით ლიტვის მთავრობის წარმომადგენელს მოუვიდა იდეა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა ქვეყნის ევროპისკენ სვლის კურსი უნდა დაადასტურონ, მთლიანობაში ეს ნეგატიური მოვლენაა. თუმცა, ამას ერთი პოზიტიური მხარეც აქვს. თუკი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს, ეს მათ შორის კოჰაბიტაციაზე მეტყველებს, რადგან ორი დაპირისპირებული მხარე თანხმდება, რომ რაღაც საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი პოზიცია დააფიქსიროს. მთლიანობაში კი ეს დისკურსი ნეგატიური მუხტის მატარებელია, რადგან ხდება ამ თემის აჟიტირება, რომ საქართველომ შეიძლება საგარეო კურსი შეიცვალოს და ა.შ. საბოლოო ჯამში, მე მგონი, ეს ნეგატიურად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, შესაძლოა ასეთი სახის დოკუმენტის ხელმოწერამ გაამყაროს წარმოდგენა საქართველოზე, რომ ის ნამდვილად ევროპული კურსის მიმდევარია, მაგრამ მეორე მხრივ, შესაძლოა ასეთი სახის დოკუმენტმა გააჩინოს გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასჭირდათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მსგავსი ტიპის დოკუმენტის შემუშავება. კახა გოგოლაშვილის თქმით, თუ ადამიანი არაფერშია დამნაშავე, მას ხელწერილს არ აწერინებენ. ამიტომ, ამ მხრივ, შეიძლება პოლიტიკურ წრეებში ასეთმა დოკუმენტმა გააჩინოს ეჭვები, რომ საქართველოში ყველაფერი მთლად გარანტირებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ითხოვდნენ ქვეყნის საგარეო კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით ჩანაწერი კონსტიტუციაში გაკეთებულიყო, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა იმის განცდა, რომ შესაძლოა, ასეთმა ჩანაწერმა რუსეთთან სულ ახლახანს დაწყებული დიალოგი ჩაშალოს და რუსეთის გაღიზიანებაც გამოიწვიოს. გამოითქვა ეჭვებიც, რომ შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სწორედ ეს მოტივი ამოძრავებდათ, როდესაც ამ მოთხოვნას აყენებდნენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა კვლავ ჩიხში შეეყვანათ და ამით კიდევ ერთხელ მოეხდინათ ახალი ხელისუფლების უუნარობის დემონსტრირება. შესაბამისად, თუკი შემუშავდება ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პრემიერისა და პრეზიდენტის ერთობლივი მიმართვა ევროსტრუქტურების სახელზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ ამან რუსეთის გაღიზიანება გამოიწვიოს? ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ორ პროცესს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

ელენე ხოშტარია თვლის, რომ რუსეთს ამასთან დაკავშირებით პრეტენზიები ვერ ექნება, რადგან საქართველო, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო ცდილობს მეორე სახელმწიფოსთან, ანუ რუსეთთან ურთიერთობები დაარეგულიროს.

„ჩვენს საგარეო კურსთან და ევროინტეგრაციისკენ სწრაფვასთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს და ეს საქართველოს მთავრობის მიერაც არის დეკლარირებული. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ეს მუშაობის საგანია, მაგრამ ეს ერთობლივი დოკუმენტი შეიძლება არა მხოლოდ საგარეო კურსის დეკლარირება იყოს, არამედ მასში შეიძლება იყოს საუბარი იმაზე, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა, ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა კარგი არჩევნები, კოჰაბიტაციაც მიმდინარეობს და ახლა ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან. ამით ჩვენ გარკვეულწილად გადავაგდებთ ბურთს მათ მოედანზე და ეს ხელს შეუწყობს ვილნიუსის სამიტის შედეგებს და ზოგადად, ჩვენს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასაც“, - ამბობს ხოშტარია.

მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესშიც ამ დოკუმენტს დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან რუსეთი ნახავს, რომ ეს მოლაპარაკებები არ არის იმის ხარჯზე, რომ ჩვენ ჩვენს საგარეო კურსს ვცვლით.

ექსპერტი კახა გოგოლაშვილიც მიიჩნევს, რომ ასეთი დოკუმენტის შექმნა რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემებს არ შექმნის, რადგან რუსეთს საქართველოსთვის ღიად არასოდეს მოუთხოვია, ევროპულ კურსზე უარი გვეთქვა. ამიტომ, რუსეთი ამის გამო მოლაპარაკებებს ვერ ჩაშლის. ამასთანავე, ექსპერტი ამბობს, რომ ასეთი სახის დოკუმენტი არის დროში გაწელილი დისკურსის შედეგი და ამისთვის რუსეთი სავარაუდოდ მზად უნდა იყოს. აქვე გოგოლაშვილი აღნიშნავს, ასეთი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში რომ გაკეთებულიყო, ამას შეიძლებოდა რუსეთის ჩვენდამი დამოკიდებულებაზე ნეგატიურად ემოქმედა, რადგან ამას ისინი რუსეთისთვის საქართველოს მხრიდან საბოლოო ზურგის შექცევად აღიქვამდნენ.

„ასეთი სახის დოკუმენტის მიღებამ კი, არ მგონია, რუსეთთან პრობლემები შექმნას. საქართველოს პრეზიდენტს ოქტომბერში გადაირჩევენ. პრემიერ-მინისტრი კი ამბობს, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში პოლიტიკიდან წავა. ამიტომ რუსეთის მიზნებისთვის ასეთი სახის მიმართვა სახიფათო არ არის. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამას რაიმე გართულება მოჰყვეს, ხოლო თუ გართულება მოყვება, ჩვენთვის ეს სერიოზული სიგნალი იქნება, რომ რუსეთთან ნებისმიერ პოლიტიკურ თამაშს თავი უნდა დავანებოთ, რადგან ამ შემთხვევაში ყველა მიხვდება, რომ ერთადერთი რისკენაც რუსეთი მიისწრაფვის, არის ის, რომ საქართველო ევროპიდან და დასავლეთიდან ისევ თავისკენ მოაბრუნოს“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.