უძღები შვილის დამსხვრეული ოცნებები  

უძღები შვილის დამსხვრეული ოცნებები  

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდებული, ევროპასთან, ოპოზიციის დახმარებით, საკუთარ თავისუფლებაზე ვაჭრობას ცდილობს. მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ნაციონალების ტყვეობისგან გათავისუფლდა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, სააკაშვილი ახალი მოთხოვნების დაყენებას არ წყვეტს. ის ახლა ოპოზიციას მოუწოდებს, რომ პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობისას მისი სამართლებრივი დევნის საკითხი დააყენოს. მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში შემოსვლის უფლებას ითხოვს და პირობას დებს, რომ ამის შემდეგ პოლიტკური კრიზისი განიმუხტება, მისი ჩართულობის გარეშე კი, ეს არ მოხდება.

რამდენად შესაძლებელია, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას ეს მოთხოვნა ახალი ულტიმატუმის სახით დაუყენოს და რა არის სააკაშვილის რეალური ჩანაფიქრი? რატომ გადავიდა ის ბოლო დროს თითქმის ხვეწნა-მუდარის რეჟიმში? მას შეიძლება ამის რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს: 1. ევროკავშირის მეშვეობით მიღწეული შეთანხმების ჩაშლა სურდეს. 2. უკრაინაში მის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება გაჩნდა. არაა გამორიცხული, რომ სააკაშვილის გარემოცვის რამდენიმე წევრიც კი დააკავონ.

ჩნდება ეჭვი, რომ ის უკრაინის რკინიგზის ირგვლივ განხორციელებულ თაღლითურ სქემაში ფიგურირებდეს. მას უკრაინის ფინანსთა მინისტრმა შარლატანი და აფერისტი უწოდა. სააკაშვილს, ბუნებრივია შიში გაუჩსნდა, რომ უკრაინიდან მეორედ გაძევება ემუქრება, ხოლო წასასვლელი არსად აქვს. მას მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს, საქართველოში დაბრუნდეს. როგორც ჩანს, გიორგი რურუას და ნიკა მელიას შეწყალების შემდეგ გაუჩნდა იმედი, რომ ევროკავშირის ჩართულობით მისი საქმეები ამნისტირებაც მოხდება, თუმცა სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ მისი ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე უკვე ნულის ტოლია. სააკაშვილი ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირის მისამართით თავდასხმებს და შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებდა. დიდი ალბათობით, მის არც ერთ სიტყვას დასავლეთში უკვე სერიოზულად არ აღიქვამენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, საჭიროა მიეცეს სამშობლოში დაბრუნების საშუალება.

„უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვიდე, ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩემ მხარდამჭერებთან, ამომრჩეველთან და საზოგადოებასთან“, - ამბობს სააკაშვილი 27 აპრილს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. მისივე მტკიცებით, სიტუაციის სრული ნორმალიზაციისთვის, ასევე, საჭიროა: ნიკა მელია დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული, „ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე, იმ მოთხოვნებით, რომლებიც მან წამოაყენა“;

„შეწყდეს პოლიტიკური დევნა უამრავი ადამიანის“. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაბრუნდება საქართველოში.

„მოვუწოდებ ყველა პარტიას, დადგნენ ვიწროპარტიულ ინტერესზე მაღლა. ნუ ჩათვლით, რომ სააკაშვილი თუ ვერ შემოდის ქვეყანაში, ეს გიადვილებთ სიტუაციას, პირიქით - გვიძნელებს! მე მინდა, თქვენთან ერთად გადავლახოთ... მაგრამ მიუხედავად იმისა, თქვენ რას გადაწყვეტთ, მე მაინც დავდგები ჩვენი ხალხის გვერდზე“, - ამბობს ის.

საქართველოში მსჯავრდებულმა და უკრაინაში მოღვაწე მიხეილ სააკაშვილმა 20 აპრილს განაცხადა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოვა და „თუნდაც სიცოცხლის რისკის ფასად“ იქნება ამ პროცესის დამსწრე და მონაწილე.

2018 წლის ივნისში მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. მანამდე, 2018 წლის იანვარში, მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიესაჯა 3-წლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში.

„მიხეილ სააკაშვილმა თქვა, კრიზისი არ დაიძლევა მანამ, სანამ არ ჩამოვალო. მე ვიტყოდი, პირიქით - სანამ კრიზისი არ დაიძლევა, მანამ ვერ ჩამოვა სააკაშვილი, აქ ისეთი სიტუაციაა. ამიტომ თუ მართლა უნდა ის, რასაც ამბობს, ჯერ კრიზისი უნდა იყოს დაძლეული და ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება ჩავატაროთ ის პროცესი, რომ სააკაშვილი აღმოჩნდეს ამ ქვეყანაში და არ დაიჭირონ. მიიღოს მონაწილეობა კრიზისის დაძლევაში, მე რა შუაში ვარ, მე არანაირად წინააღმდეგი არ ვარ, მე გეუბნებით გზა როგორ წარმომიდგენია - სანამ აქ ასეთი სიტუაციაა, სააკაშვილი ვერ ჩამოვა, დაიჭერენ, ამიტომ საჭიროა ჯერ სიტუაციის განმუხტვა. სიტუაციის განმუხტვას სააკაშვილი ჯერჯერობით ხელს უშლის, კი არ უწყობს და თავიდანვე ასე რომ დაეწყო, ამ ყველაფრის ნაცვლად, დღის წესრიგში ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და ჩვენ შესაბამისად მოვქცეულიყავით ოპოზიცია, მიხეილ სააკაშვილი აქ იქნებოდა, დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი for.ge-სთან აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩამოსვლა რომ უნდოდეს, აქამდე ჩამოვიდოდა. იცის, რომ თუ ის ქვეყანაში ფეხს დაადგამს, მაშინვე მისი საპატიმროში გადაყვანა მოხდება. რევოლუციური სცენარი, რომელსაც ის ამუშავებდა, ჩაიშალა.

„სააკაშვილი შარშან, შემდოგომაზე, სარფის გავლით ქვეყანაში შემოსვლის გეგმას ამუშავებდა. ეს უნდა ყოფილიყო პოლონეთიდან უკრაინაში უკანონო შეჭრის მსგავსი ქმედება, რომელიც ვერ განახორციელა. მან სიტუაციის დაზვერვისთვის საქართველოში ლევან ვარშალომიძე გამოუშვა, თუმცა მიხვდნენ, რომ მხარდამჭერთა ის რაოდენობა რაც მათ ჰყავთ, ამ კრიტიკული მანევრისთვის საკმარისი არ იქნებოდა. ამიტომ ახლა ვაჭრობის და ხვეწნის მეტი არაფერი დარჩენია.

2014 წლიდან დღემდე, სააკაშვილის ჩამოსვლის 11 დაპირება დავთვალე. ამიტომ ეს დაპირებაც ისევ დაპირებად დარჩება. რისი და ვისი იმედი აქვს, არ ვიცი. ბოლო მის გამოსვლაში საინტერესო ის ამოვიკითხე, რომ „ნამახვანთან“ დაკავშირებულ პროტესტზე დაკავებულ პირებს ლამის პოლიტპატიმრების სარჩული მიაკერა და ხელისუფლებას ძმები წულუკიძეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. არ მგონია, ამ აქციის ორგანიზატორებს ეს მოეწონოთ. სააკაშვილი სამოქალაქო პროტესტის სათავისოდ გაფორმებას ცდილობს. მოკლედ მიედ-მოედება იქ, სადაც არავინ ეკითხება. თუმცა ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ მისი ეს გააქტიურება, ცრუ დაპირება უფრო მეტ სიხშირეს შეიძენს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მას უკრაინაში სიტუაცია ძალიან ცუდად აქვს. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი შედგა. ამას კი კიევში საქართველოს ელჩის დაბრუნება მოჰყვა, რომელიც სააკაშვილის ფაქტორის გამო იყო გამოწვეული.

ამიტომ პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებით, სააკაშვილის ბედი უკრაინაში მალე გაურკვეველი გახდება. მის მიმართ კითხვები ძალიან ბევრი გაჩნდა. მისი გარემოცვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პირები უკრაინის სპეცსამსახურების ინტერესის ქვეშ იმყოფებიან. მთელი რიგი სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. უკრაინის ფინანსთა მინისტრმა მას აფერისტი, თაღლითი და შულერი უწოდა. ამიტომ უკრაინაში მისი საქმე წასულია და ახლა რადგანაც დაინახა რურუას და მელიას შეწყალება ევროპის ჩართულობით მოხდა, თავის გადარჩენა უნდა და გამოვაჭრებას ცდილობს“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი for.ge-სთან.

ჩვენი რესპონდენტი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს ახლა ორი ვარიანტი აქვს: საერთოდ პოლიტიკას მოშორდეს, ნიდერლანდებში წავიდეს და პენსიაზე იცხოვროს, ან საქართველოში დაბრუნდეს და ამნისტიის შედეგად ქვეყნის არევა გააგრძელოს. ქართველიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის მხრიდან ვიდეო მიმართვები გახშირდება და ბოლოს ხვეწნის რეჟიმში გადავა, რადგან ოღონდ აპატიონ და ყველაფერზე ხელის მომწერი იქნება.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილიც for.ge-სთან აფიქსირებს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში უკვე წყალი აქვს შემდგარი. ადრე თუ გვიან, მას თავის გარემოცვასთან ერთად ქვეყნიდან გააძევებენ ან დააკავებენ. ამიტომაც ახლა თავის გადარჩენის რეჟიმშია და ყველანაირად ცდილობს, ევროპის დახმარებით, როგორმე მისი ამნისტიაც მოხდეს. თუმცა მას არც ევროპელები და არც ამერიკელები არაფრად აგდებენ. მისი ფასი დასავლეთის თვალში ნულია და საერთაშორისო ასპარეზზე არანაირი გავლენა არ აქვს. ამიტომ საქართველოს გარდა სხვაგან წასასვლელი აღარ აქვს და ყოველდღიურად დესტრუქციული ქმედებებით ქვეყანაში სიტუაციის არევას ცდილობს. ყველა სცენარი, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ამუშავებდა, ჩაუვარდა და ახლა ხვეწნის რეჟიმშია გადასული, რაღაცაზე ვაჭრობას ცდილობს.

„სააკაშვილს ყოველთვის ავანტურისტული განცხადებები აქვს. ის მოსაზრებების და განცხადებების პათოსს საჭიროებებიდან გამომდინარე იცვლის. ერთ დღეს ერთ აზრზეა და მეორე დღეს მეორეზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, მას და მის დღის წესრიგს როგორ აწყობს. თუმცა მისი ბუნება არ იცვლება. მას უნდა ნებისმიერ ფასად, როგორმე ისევ აქტიური პოლიტიკოსი იყოს, მაგრამ ის უკვე დიდი ხანია პოლიტიკოსი აღარ არის. მან იცის, რომ გაკოტრებული პოლიტიკოსია, უკრაინაშიც საქმე ძალიან ცუდად წაუვიდა და თავშესაფარს ეძებს.

მას საქართველოში შემოსვლის გამბედაობა და თავი არა აქვს და ფიქრობს, იქნებ, ამ ვაჭრობით რამე გამოუვიდეს. სააკაშვილი არაფერი კრიზისის მომგვარებელი არ არის. პირიქით, სადაც ის მივა, იქ ყველაფერი ირევა. სააკაშვილი არც ევროპისთვის და არც ამერიკისთვის აღარაფერს წარმოადგენს. ამიტომაც ეჭვი მეპარება, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მისი ნათქვამი საერთოდ სერიოზულად განიხილონ“, - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი for.ge-სთან.