მთავრობამ რეგიონებისკენ 500 მილიონი ლარი გადაისროლა

მთავრობამ რეგიონებისკენ 500 მილიონი ლარი გადაისროლა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონების განვითარებისთვის ყველაზე მასშტაბური პროექტი წარადგინა. ნავარაუდევია, რომ ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში 15 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. პირველი ეტაპის ღირებულება 500 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე საერთაშორიო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით გამოიყოფა.

„პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში“, - აღნიშნა პრემიერმა.

პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი, ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები.

როგორც ჩანს, პროექტი უკვე დამუშავებულია და სამინისტროები მის განსახორციელებლად მზად არიან. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, განახლებული რეგიონების პროგრამა ახალ სიცოცხლეს შესძენს მუნიციპალიტეტებს და მთავრობის მიერ დაწყებული ყველა დანარჩენი პროგრამაც რეგიონალურ ჭრილში გადაეწყობა.

„მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტურისტული ინდუსტრია აღდგეს. ამ პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება ძალიან საინტერესო, უნიკალური, ახალი მიზიდულობის ცენტრები რეგიონებში და - არა მხოლოდ დიდ ქალაქებში. ზოგადად, ჩვენი ყველა დანარჩენი პროგრამა გადაეწყობა რეგიონალურ ჭრილში და კონკრეტული პროგრამების პაკეტებს შევთავაზებთ თითოეულ მუნიციპალიტეტს. ძალიან მალე ნახავთ, როგორ გაცოცხლდება სამშენებლო სამუშაოები, კერძო ბიზნესის აქტივობები, რომლებიც ყოველთვის მოჰყვება სახელმწიფო პროგრამებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ახალი პროგრამა ძირითადად რეგიონების განვითარებასა და ინფრასტრუქტურას შეეხება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის თქმით, ასეთი ყოვლისმომცველი პროგრამა საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა.

„ჩვენი ძალისხმევა და ენერგია უნდა იყოს მიმართული გაძლიერებული, განვითარებული, ახალ შესაძლებლობა შეძენილი რეგიონებისკენ. ეს სწორედ ის პროგრამაა, რაც ამის შესაძლებლობას იძლევა. ძლიერი რეგიონები ნამდვილად ნიშნავს ძლიერ საქართველოს, განვითარებულ საქართველოს, რომელიც უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ქმნის ახალ შესაძლებლობებს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე სტუმრებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გამოისახება დამატებით შემოსავალში.

დაახლოებით 15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და შესაბამისად, 15 ათასი ადამიანი დასაქმდება. მნიშვნელოვანია, რომ ისინი არა მხოლოდ დასაქმდებიან, არამედ იმ ახალ უნარებსა და ჩვევებს შეიძენენ, რაც ისევ მათ შემდგომში უკვე კონკურენტუნარიანს გახდის შრომის ბაზარზე“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, „განახლებული რეგიონების“ პროექტის დაფინანსება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე არ მოხდება. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება პრაქტიკულად ყველა რეგიონს შეეხება, რაც ეკონომიკურ საქმიანობას ახალ სიცოცხლეს შესძენს.

„აღნიშნული პროექტები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტების დაფინანსება საბიუჯეტო დეფიციტის ზრდის ხარჯზე არ მოხდება და ეს ბიუჯეტში არსებული რესურსებით განხორციელდება. პროექტის დაფინანსების რამდენიმე წყარო გვაქვს, ეს არის საბიუჯეტო პროცესებში არსებული მიმდინარე ეკონომიები - არსებული თანხები, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სხვადასხვა სსიპ-ების ანგარიშზეა განთავსებული. გარდა ამისა, არის პრივატიზაციის ნაწილი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვნადაა გააქტიურებული. მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ნაწილშიც მნიშვნელოვნად გადავაჭარბებთ იმ გეგმას, რაც ბიუჯეტში გვქონდა“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მასშტაბურ პროგრამას ეხმიანებიან ექსპერტებიც. დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძის აზრით, პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში ასობით სამუშაო ადგილს შექმნის:

„საქართველო და მისი რეგიონები, რა თქმა უნდა, ვითარდებოდა, მაგრამ ეს იყო დიდწილად ქაოსური განვითარება და განაშენიანება იყო, ახლა კი მუნიციპალიტეტების განვითარების და აღმშენებლობის გარკვეულწილად ერთიანი სტრუქტურა იქმნება, რომელიც რეგიონების განვითარებას ბევრად ეფექტურს გახდის. ჩემთვის პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ადგილობრივი იდენტობის და ავთენტურობის შენარჩუნების გარანტია გახლავთ, რადგან საქართველოს თითოეული მუნიციპალიტეტი საკუთარ, განუმეორებელ ისტორიას ინახავს, რომელიც პროექტის ფარგლებში სრულად შენარჩუნდება. პროექტი მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისით, რადგან სამწუხაროდ, ძეგლების ნაწილი რომლითაც საქართველო ამაყობს, რესტავრაციას საჭიროებს. ასევე, მუნიციპალიტეტებში მწვავედ დგას ტურისტული ინფრასტრუქტურის საკითხი, რომელიც როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ვიზიტორის დისკომფორტს იწვევს.

მნიშვნელოვანია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში სახელმწიფო საკუთარ მოსახლეობაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე ზრუნავს. აღნიშნული პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში ასობით სამუშაო ადგილს შექმნის, რადგან ტურისტისთვის, თითოეული ინფრასტრუქტურულად გამართული მუნიციპალიტეტი ახალ მიზიდულობის ცენტრს ნიშნავს“, - განაცხადა ჩიხელიძემ.

„გაბედული, თამამი და აუცილებელი“ - ასეთია, აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის შეფასება პრემიერის მიერ წარდგენილ ახალ გეგმზე.

„ეს არის მთავრობის და პირადად პრემიერის მიერ გადადგმული თამამი, მნიშვნელოვანი და გაბედული ნაბიჯი. მით უფრო პანდემიის ფონზე ნამდვილად იმედის მომცემი და ხალხზე ორიენტირებულია. ახლა მთავარია ამ გეგმის სწორად განხორციელება. რეგიონებში ბევრად პრობლემურია დასაქმების საკითხი, რაც დროებით მაინც, ამ მნიშნვნელოვანი პროექტის ფარგლებში მოგვარდება. იმედი მაქვს, საბოლოოდ ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვლება“, - აღნიშნა აკადემიკოსმა.

Aburjga Tasmanieli რა ხანია გეუბნებით, მაგრამ ვინაა გამგონე! არჩევნები და საერთოდ დემოკრატია ანგრევს საქართველოს! და არა მარტო საქართველოს, მსოფლიოსაც! რის 500 მილიონი გადაისროლა, რისთვის, ხრუშჩოვის დროს აშენებული შენობების შესაღებად, რას ლაპარაკობთ საერთოდ თუ იცით?!
3 წლის უკან
ლაზი რეგიონებზე ზრუნვა კარგია მაგრამ, პრიორიტეტებია სწორად განსასაზღვრი. რა დროს ადმინისტრაციული შენობების და არსებული სკვერების რეაბილიტაციაა, როცა სოფლებში წყალმომარაგების, წინა საუკუნეში შექმნილი, სისტემები მთლიანად განადგურებულია და აღდგენას საჭიროებს. რეკრეაციული სივრცეები კი არა, ხალხი სამელ წყალს პლასმასის ბიდონებით ეზიდება. უმჯობესი იქნებოდა ეს თანხები მუნიციპალიტეტებისათვის მიეცათ და თითონ განსაზღვრავდნენ რა გაეკეთბინათ. საერთოდ რა საჭიროა ამდენი მუნიციპალიტეტების ერთ ტენდერში გაერთიანება.
3 წლის უკან