პეპ გუარდიოლა ჩემპიონთა ლიგაზე 400-დღიან სეზონს ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ - უეფამ, საზოგადოებას ჩემპიონთა ლიგის განახლებული ფორმატის შესახებ ამცნო.
2024 წლიდან, უეფა ახალ ფორმატის ჩემპიონთა ლიგაზე 32-ის ნაცვლად, 36 მონაწილე გუნდს მოიაზრებს.
ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგაზე ასევე გაუქმდება ჯგუფური ეტაპი და ამის ნაცვლად იქნება ჩემპიონატის ტიპის მოდელი, საიდანაც 8 გუნდი პირდაპირ მოხვდება ფლეი ოფში, ხოლო კიდევ 8 გუნდი ერთმანეთთან ფლეი ოფის საგზურისათვის იბრძოლებს. ახალი მოდელიდან გამომდინარე გუნდებს დამატებით 6 მატჩის ჩატარება მოუწევთ.
აღნიშნულმა რეფორმამ ესპანელი სპეციალისტის, პეპ გუარდიოლას უკმაყოფილება გამოიწვია. პეპის აზრით, განახლებული ჩემპიონთა ლიგის კალენდარი ზედმეტად მომქანცველი იქნება ფეხბურთელებისთვის.
„ყოველთვის ერთი და იგივე. საფეხბურთო პროცესებს ჩვენ ვერ ვმართავთ, ამიტომ ვთხოვ უეფას და ფიფას გაზარდოს საფეხბურთო წელიწადის ხანგრძლივობა.
ვფიქრობ 400-დღიანი სეზონი, პრობლემის გადაჭრის კარგი გზა იქნება“, - აცხადებს „მანჩესტერ სიტის“ 50 წლის მთავარი მწვრთნელი.