„ყაზანის რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„ამ მდგომარეობით, რთულია რამეზე გადაჭრით საუბარი, თუმცა, პირადი ხედვიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ კვარაცხელიას, სეზონის ბოლომდე, დაბრუნებისა და თამაშის შანსი აქვს“, - ციტირებს 49 წლის სპეციალისტის სიტყვებს „რუბინის“ ოფიციალური Facebook-გვერდი.
20 წლის ქართველი ტალანტისთვის რუსეთის პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონი კარგად მიმდინარეობდა. თუმცა, გასულ კვირას, ჩემპიონატის 26-ე ტურში, ურალის წინააღმდეგ გამართული შეხვედრის 32-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მატჩი ნაადრევად დატოვა.
ექიმების თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ ხვიჩამ სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშოს, თუმცა სლუცკის დღევანდელი კომენტარი დამაიმედებელია.
2020-2021 წლების სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინის მაისური 24-ჯერ მოირგო და თავი 4 შემთხვევაში გამოიჩინა. ამასთან, ეროვნულ ნაკრებში 3 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი ესპანეთთან და საბერძნეთთან გაიტანა.