რა ვართ, ეს ქართველები, სენსაციებს გამოკიდებულებმა ხან მარგარეტ ტეტჩერის ბებია იყო ქართველიო, ხან ტოტო კუტუნიო ქართველი პარტიზანის შვილიაო (ზედა ორი ნათქვამი ბაქიბუქი გამოგვივიდა).
მერე ვწერეთ და ვიკითხეთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივანოვმა ბავშვობა საქართველოში გაატარა და ქართველებს ზურგში ხანჯალს არ ჩაგვცემსო.
ახლა, როცა დიდ ასპარეზზე „პატარა“ პუტინი გამოჩნდა - ვიფიქრეთ, მაგასაც ექნება რაღაც „ქართულიო“ და მივაკვლიეთ ...
სოფელ მეტეხში (კასპის რაიონი) დედას ორი წლის ვალოდია ჩამოუყვანია, მერე აქ მეორედ გათხოვილა აქაურ სომეხზე. იზრდებოდა ვალოდია თანასოფლელებთან, ჭიდაობდა, ქართულ ილეთებს სწავლობდა (იმიტომაც არის ახლა ძიუდოში შავი ქამრის მფლობელი), ცხოვრობდა, როგორც ერთი ქართლელი ბიჭი.
ოღონდ მამინაცვალი არ სწყალობდა და დედას ურჩიეს, გაუშვი ბიჭი ბიძებთან რუსეთში, მისთვის ასე აჯობებსო. დასვეს მატარებელზე და... ბიძებმა ბავშვთა სახლს მიაბარეს.
ის, რაც გიამბეთ, სასტიკად გასაიდუმლოებულია და დიდი ლუქი ადევს. პუტინის ბიოგრაფიის ეს ფურცლები აკრძალული ლიტერატურაა.
ახლა, ყველაფერს ზემონათქვამს რომ დამაჯერებლობა შევძინოთ, დავძენთ - ეს ყველაფერი იქაურმა მკვიდრმა შეგვატყობინა (ისიც დასძინა - დედამისმა ტელევიზორში რომ ნახა - კი, კი, ეს ჩემი ვალოდიააო, უთქვამს) და გაგვაფრთხილა, - ნუ იჩქარებთ, სოფელს და მით უფრო იმ კარმიდამოს გულმოდგინედ იცავენ და ახლოსაც არ გაგაკარებენ - უშიშროების სამსახურიდან უნდა იყვნენ მგონიო. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ, „სენაკში გატარებული ბავშვობის“ „მეტეხში ნასწავლი ჭიდაობით“ შეცვლა მოგვიწევს.