"ანორთოსისის" პრეზიდენტი: ქეცბაია გვინდა დარჩეს, ოქრიაშვილი მიდის, ქვილითაია - ვნახოთ"

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ პრეზიდენტმა ევგენიოს ამბულასმა კვიპროსის თასის ფინალში თავისი გუნდის 13-წლიანი პაუზის გასვლის შემდეგ ადგილობრივ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა და სეზონის დასრულების შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილის გუნდიდან წასვლა დააანონსა.

მან ოქრიაშვილის გარდა, თემურ ქეცბაიასა და გიორგი ქვილითაიას შესახებაც ისაუბრა. ამბულასის განცხადებით, ქეცბაიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მის შენარჩუნება სურთ. ასევე თქვა, რომ უნდოდათ ოქრიაშვილის შენარჩუნება, მაგრამ მას გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვს და ძალით ვერ დააკავებენ, ხოლო ქვილითაიას შემთხვევაში საკითხი გაურკვეველია.

„ჩვენ ყოველდღე გვაქვს შეხვედრები თემურ ქეცბაიასთან. საკითხს ვათანახმებთ. სეზონის დასრულების შემდეგ ვაპირებთ ყველაფრის განხილვას, თუ მანამდე ახალი ამბები იქნება, გაცნობებთ. ჩემი, ადმინისტრაციის, გუნდში ყველას სურვილია ოქროს შუალედის პოვნა და თემურის შენარჩუნება. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია. არ ვაპირებ საჯაროდ ვთქვა ის, რასაც პირად შეხვედრაზე ვამბობთ. ვიმეორებ, ყველანი ერთად ვმუშაობთ თასის მოსაპოვებლად და ევროტურნირებზე გასასვლელად. საჭირო დროს დავსხდებით, რადგან ყველას აქვს სურვილი თანამშრომლობის გზა გამოვნახოთ. მისი სურვილი? ეს არის ერთადერთი - თასის მოგება. არ ინერვიულოთ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - თქვა ქეცბაიას საკითხზე.

ამის შემდეგ ამბულასს თორნიკე ოქრიაშვილის შესახებ ჰკითხეს, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი ეწურება და თქვა, რომ ქართველ ფეხბურთელს წასვლა სურს:

„მას შევთავაზეთ წინადადება, მაგრამ ფეხბურთელმა თავად გამოთქვა სურვილი, რომ კარიერა სხვაგან გააგრძელოს. ჩვენ მასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მან იცის, რომ გვინდა შევინარჩუნოთ, მაგრამ როდესაც თავად გეუბნება, რომ კვიპროსიდან წასვლა უნდა, ძალით ვერავის შევინარჩუნებთ“, - განაცხადა „ანორთოსისის“ პრეზიდენტმა.

მან კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელიის, გიორგი ქვილითაიას შესახებ გააკეთა კომენტარი, რომელიც „გენტიდან“ იჯარითაა და სეზონის ბოლოს ხელშეკრულება ეწურება:

„ქვილითაია „გენტს“ ეკუთვნის. თუ ისინი კვლავ განათხოვრებას გადაწყვეტენ, ჩვენ მზად ვართ შევინარჩუნოთ, მათ ეს იციან, მაგრამ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი რა უნდა გააკეთონ. ისინი გადაწყვეტილებას პირველი ჩვენ შეგვატყობინებენ, მაგრამ ბოლოს მთავარი ის არის, ყველაზე მეტ ფულს ვინ გადაიხდის“, - აღნიშნა ამბულასმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიოგი ქვილითაიამ ყველა ტურნირზე 33 მატჩში 15 გოლი გაიტანა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა 23 თამაშში თავი 9-ჯერ გამოიჩინა. „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის ფინალში ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება.