რუსული სპორტული გამოცემა: Busines-Gazeta ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.
გამოცემის ჟურნალისტმა, ალეკსანდრ დეგტიარიოვმა ქართველ ტალანტს რომელიც ამ ეტაპზე ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას გადის, სხვადასხვა თემაზე ესაუბრა. მათ შორის საფეხბურთო კარიერაზე, სამომავლო გეგმებსა და საქართველოზე.
გთავაზობთ ინტერვიუდან რამდენიმე მონაკვეთს:
- ხვიჩა, შენ თბილისში დაიბადე, თუმცა მთელი ბავშვობა სამეგრელოში გაატარე. მომიყევი საქართველოს ამ ნაწილის შესახებ, რას ნიშნავს სამეგრელო შენთვის?
ეს არის ჩემი სამშობლო. როდესაც საქართველოში ვარ, ყოველთვის ვცდილობ სამეგრელოში ჩასვლას. ამ რეგიონში რელიეფი განსხვავებული და ლამაზია, ხალხი კი სტუმართმოყვარე და უაღრესად მშრომელი, მე ყველა ადამიანს ვურჩევ ამის ნახვას.
- როდის და როგორ დაიწყეთ ფეხბურთის თამაში?
ფეხბურთის თამაში 5 წლის ასაკში, თბილისში, ჩემს ეზოში დავიწყე. ერთ დღეს სახლიდან დილით გავედი და გვიან საღამოს დავბრუნდი. შემდეგ იყო 8 წლის ასაკში საფეხბურთო კლუბი „ავაზა“, სადაც 3 წელი გავატარე, 11 წლიდან კი „დინამოს აკადემიაში“ ჩავირიცხე.
საბჭოთა დინამო სუპერ კლუბად ითვლებოდა და წარმატებით გამოდიოდა ევრო სარბიელზე, როგორი გუნდია ახლა დინამო, შენი აზრით „რუბინთან“, რომ ითამაშოს რომელი გაიმარჯვებს?
ვფიქრობ „რუბინი“ გაიმარჯვებს, თუმცა ქართული ფეხბურთი პროგრესის გზაზეა. ჩვენს ჩემპიონატში არიან ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები და კარგი გუნდები. მაგალითად, შარშან თბილისის „ლოკომოტივმა“, „ევროპის ლიგის“ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოსკოვის „დინამო“ გამოაგდო. საქართველოში გუნდები ვითარდებიან, ინფრასტრუქტურის კუთხითაც, ისინი აშენებენ ახალ სტადიონებსა და ბაზებს.
- რუსული ფეხბურთი უფრო თავდაცვაზეა ორიენტირებული, როგორია ქართული ფეხბურთი?
ქართველებს შემტევი ფეხბურთი და მრავალფეროვანი ინდივიდუალური საფეხბურთო ოსტატობა სისხლში გვაქვს. ამის წართმევა, ან შეძენა შეუძლებელია.
- თითქმის არ დარჩა ევროპული გრანდი, ვინც შენ მიმართ დაინტერესება არ გამოთქვა. რა რეაქცია გაქვს ამაზე?
ჯერჯერობით კონკრეტული წინადადებით ჩემთვის და „რუბინისთვის“ არავის მოუმართავს. გულწრფელად ვიტყვი, რომ ამაზე ნაკლებად ვფიქრობ. ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩები მაინტერესებს.