„სააკაშვილი სპეციალურად ჩავიდა ბაქოში, რომ დესტრუქციული ნაბიჯი გაედაედგა“

„სააკაშვილი სპეციალურად ჩავიდა ბაქოში, რომ დესტრუქციული ნაბიჯი გაედაედგა“

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანული და სომხური სეპარატიზმის საფრთხეზე საუბრობს. მისი თქმით, რუსეთში შეიქმნა დიასპორა გარდაბნელი ვინმე სადიხოვის მეთაურობით, რომელშიც ალეკბეროვი და რამდენიმე სხვა მილიარდერი შეიყვანეს. მათი მიზანი კი ისაა, იმავე სცენარით იბრძოლონ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტი პრეზიდენტის მიმართ, როგორც ეს აწარმოეს საქართველოს არჩევნებზე გასული წლის ოქტომბერში - ფულის, ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟისა და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სადიხოვი გარდაბნელია და იგი იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის. თუმცა, სააკაშვილს არც ცოტა ხნის წინ ამნისტიით გათავისუფლებული ე.წ. ჯავახური სეპარატიზმის სულის ჩამდგმელი ვაჰაგან ჩახალიანი დავიწყებია, რომელმაც სულ ახლახანს სააკაშვილის დაპატიმრება მოითხოვა.

„ყველამ იცის, რომ მთელი ეს წლები იგი ითხოვს ჯავახეთის ავტონომიას. დავფიქრდეთ! მე ეს მეცნობა 90-იანი წლებიდან, როდის იყო ბოლოს საუბარი ჯავახეთის ავტონომიაზე, ქვემო ქართლის ავტონომიაზე, აზერბაიჯანელებზე, სომხებზე. ბოლო რვა წელიწადი არ ყოფილა. სულაც არ მიხარია, რომ ეს თემა წამოიჭრა. ჩვენ რომ ჩახალიანი არ გაგვეშვა, ამ ყველაფერზე საუბარი არ უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გარდაბანში აზერბაიჯანელთა და ქართველთა ერთობლივი კონფერენცია გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ არანაირი სეპარატიზმის საფრთხე ქვემო ქართლის რეგიონში არ არსებობს, ვინაიდან საუკუნეების განმავლობაში ქართველები და აზერბაიჯანელები გვერდიგვერდ მეგობრულად ცხოვრობდნენ და პრეზიდენტის მხრიდან კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მსგავსი განცხადების გაკეთება უპასუხისმგებლობაა.

თუმცა კონფერენციაზე ისიც ითქვა, რომ ქვემო ქართლში, კერძოდ, გარდაბანში გარკვეული ჯგუფი მოქმედებს, რომელიც აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გარდაბანი ორ ზონად - ქართულ და აზერბაიჯანულ ზონებად უნდა დაიყოს, რაც ასევე საეჭვოდ დაემთხვა პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, ავტონომიის თემა ქვემო ქართლში აქტუალური არ არის, რადგან ამ იდეას იქ მხარდამჭერები არ ჰყავს.

არეშიძის განმარტებით, სააკაშვილი ირწმუნება, თითქოს, ბოლო 8 წლის განმავლობაში ავტონომიების თემა საქართველოში აქტუალური არ ყოფილა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მეტიც, ბოლო 4 წლის განმავლობაში ეს ამბავი ქვემო ქართლთან მიმართებით სულ ისმოდა და ავტონომიებთან დაკავშირებული საკითხები ყოველთვის იდგა. ხოლო ჯავახეთთან დაკავშირებით, ეს საკითხი 8 წლის განმავლობაში არასოდეს მოხსნილა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ხიფათთან გვაქვს საქმე.

მისივე თქმით, სადიკოვი მართლაც არის გარდაბნელი და რუსეთში სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული. რაც შეხება მის დღევანდელ როლს, ის არაფრის ხელმძღვანელი არ არის და მხოლოდ ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრია, რომელსაც პირობითად მილიარდერთა კლუბი ჰქვია. ეს ორგანიზაცია კი შექმნეს ცნობილმა მილიარდერებმა, აზერბაიჯანის სათვისტომოს საფარქვეშ და მათი მიზანი ნამდვილად აზერბაიჯანის დღევანდელ ხელისუფლებასთან დაპირიპირებაა.

მამუკა არეშიძის განმარტებით, სააკაშვილმა, როგორც მას სჩვევია, სადიკოვის ამპლუა გაზარდა. არსებობს თუ არა ავტონომიის საფრთხე, ამის შესახებ ექსპერტი აცხადებს, რომ ასეთი საფრთხე ყოველთვის იყო და იქნება, რადგან ამით მესამე ძალაა დაინტერესებული, რომლებიც ქართველი აზერბაიჯანელების მეშვეობით აზერბაიჯანში გავლენის მოპოვებას ცდილობს. 

თავის მხრივ, შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეთნიკური მოსახლეობით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში სეპარატიზმის არანაირი საშიშროება არ არსებობს და თუ ვინმე რაიმე პროვოკაციას დაგეგმავს, მკაცრად დაისჯება.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი ეთნიკური დაპირისპირების საფრთხეებზე პრეზიდენტის განცხადებას სააკაშვილის ფანტაზიად აფასებს. მეტიც, მისი თქმით, ისეთი მაღალი ნდობა, როგორც ჯავახეთსა და ქვემო ქართლში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია.

For.ge დაინტერესდა, რეალურად არსებობს თუ არა საქართველოში სეპარატიზმის საფრთხე, თუ ეს სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებების გაგრძელებაა, რაც საბოტაჟის ელფერს ატარებს?! მით უფრო, რომ თუკი სეპარატიზმის საშიშროება მართლაც არსებობდა, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტს და მთავარსარდალს, ამის შესახებ უშიშროების საგანგებო სხდომა უნდა მოეწვია და აშკარად არ უნდა გაეხმაურებინა ქვეყნისთვის სახიფათო განცხადებები.   

საქართველოს აზერბაიჯანელების ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი For.ge-სთან საუბარში პრეზიდენტის გამოსვლას პროვოკაციულად აფასებს. იგი აცხადებს, რომ მას უამრავმა აზერბაიჯანელმა დაურეკა და ყველა მათგანი გმობს ამ ამბავს, რადგან საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების მხრიდან არასდროს ყოფილა სეპარატიზმის განწყობა. მეტიც, ქართველი აზერბაიჯანელების მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

„ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად გაგვივლია ყველა უბედურება და სიკეთე. ქვეყნის შიგნით არაფერი ხდება და გარედან რამდენი ძალაც უნდა იყოს, არავის ვემხრობით. პრეზიდენტი კონსტიტუციის გარანტი უნდა იყოს, ამ დროს კი უაზრო განცხადებებს აკეთებს. ეს კაცი ბოდავს ყველაფერს, რაც ენაზე მოსდის. ხომ ჰყავს თანაშემწეები, ბიუჯეტიდან ხელფასს ხომ იღებენ, რატომ არ გადაამოწმებს სინამდვილეს?!“ - აცხადებს ალი ბაბაევი ჩვენთან საუბარში და პრეზიდენტს პროვოკაციასა და საბოტაჟში ადანაშაულებს.

ამასთან, ალი ბაბაევი იმითაც ინტერესდება, რას ნიშნავს სააკაშვილის განცხადება, რომ თურმე იგი ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობათა გარკვეულ საკითხთა მოსაგვარებლად ჩავიდა ბაქოში. ამიტომ ითხოვს, დაასახელოს პრეზიდენტმა ეს ვითომ მოუგვარებელი საკითხები, რომლებიც მისი ჩასვლით მოგვარებულა.

ბაბაევის თქმით, ილხამ ალიევი სტუმართმოყვარე ადამიანია, იგი ბიძინა ივანიშვილსაც კარგად შეხვდა და ასევე, კარგად მიიღო საქართველოს „არაღიარებული, ვადაგასული, პროვოკატორი პრეზიდენტი“ . სხვათა შორის, უცხო ქვეყნის ვადაგასული პრეზიდენტებიც რომ ჩადიან აზერბაიჯანში, მათაც ასეთივე თბილი მიღება აქვთ და ამითი სააკაშვილმა არ უნდა იტრაბახოს.

ალი ბაბაევს არ მოსწონს, რომ სააკაშვილმა საქართველოს „დამღუპველ ბანდასთან“ ერთად ბაქოში, ლამის, ექსკურსია  ჩაატარა. თანაც, კირკიტაძე იახლა, კაცი, რომელმაც წლების განმავლობაში ქვემო ქართლის აზერბაიჯანელები დაატერორა, წაართვა ბიზნესი, მიწები, ციხე გაავსო აზერბაიჯანელებით. ამდენად, „აზერბაიჯანის პრეზიდენტთან კირკიტაძის ჩასვლა უსინდისობაა“.

„ეს ადამიანი ნახჭევანში ჩავიდა, ნახა, როგორ ყვავის აზერბაიჯანი, გულზე გამსკდარი ჩამოვიდა და ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს. რაც შეეხება სადიხოვს, მისი მსგავსი პროვოკატორი, სპეცსამსახურების მიერ მოთამაშე ადამიანები ბევრი მეგულება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მაგრამ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას ვიღებ და ვაცხადებ, რომ საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანლებს არ აქვთ სეპარატიზმის განზრახვა. ჩვენ მხოლოდ ჩვენი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და უფლებების დაცვა გვინდა. ამ დროს სააკაშვილი გვაშხამებს ცხოვრებას თავისი პროვოკაციული განცხადებებით. მის ადგილას პოლიტიკიდან საერთოდ წავიდოდი, იმდენი ქონება აქვთ შეწერილი ამ ბანდიტებს, პარლამენტშიც რომ სხედან ნაციონალები, მათაც მილიარდები აქვთ მიტაცებული და ქართული ქონება საზღვარგარეთ გატანილი“, - აცხადებს ალი ბაბაევი და ამ ადამიანების დასჯას მოითხოვს. მით უფრო, რომ „ხელისუფლებაში მოსვლისას ნაციონალები  იჭერდნენ და აწიოკებდნენ ხალხს“.

ამასთან, ალი ბაბაევს უკვირს პრეზიდენტის ნათქვამი, ბენზინის ფულს ვზოგავ, რადგან საქართველოში ბევრი გაუბედურებული ადამიანიაო.

„ვინ გააუბედურა ეს ადამიანები? სამ-ოთხ თვეში ბიძინა ივანიშვილმა გააუბედურა თუ ცხრა წლის განმავლობაში ქართული საზოგადოების სისხლით ვერ გაძღა სააკაშვილი?! 2007 წლის ნოემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე ვიბრძოდი მისი რეჟიმის წინააღმდეგ. არ შეიძლება მათი პატიება, თორემ ასეთი ადამიანები, შესაძლოა, ამ ხელისუფლებაშიც გაჩნდნენ“.

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ სეპარატიზმის საფრთხე არ არსებობს არც ჯავახეთში და არც საქართველოს რომელიმე სხვა რეგიონში, რომელიც არ არის გაუცხოებული. ცხადია, აქ არ იგულისხმება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

გოგი ხუციშვილის განმარტებით, საქართველოს გარშემო ქვეყნებშიც, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში მცხოვრებ დიასპორებთან, არ არის ის განწყობა, რომ გაღვივდეს სეპარატისტული მოძრაობა, მაგრამ სააკაშვილს სჭირდება ამ თემის წამოწევა, რათა განხეთქილება შეიტანოს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის.

„სააკაშვილი სპეციალურად ჩავიდა ბაქოში, რომ დესტრუქციული ნაბიჯი გაედაედგა და გაეჩინა პრობლემები ახალი ხელისუფლებისთვის, მათთვის სახელი გაეტეხა და შეექმნა შიშები. ამიტომ, ამ ყველაფერს, არა როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ საუბრის, ან ქმედების კვალიფიკაცია უნდა მიეცეს, არამედ - ქვეყნის წინააღმდეგ ქმედების. პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ეს გამოვლინდა მის ბოლოდროინდელ საუბრებში. ეს კაცი იმდენად დაწვრილმანდა, რომ უკვე აღარც აქცევს ყურადღებას, რომ თავისი ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს“, - განმარტავს გოგი ხუციშვილი.

მისივე თქმით, ავტონომიის შესახებ ზოგიერთი ჯგუფები ყოველთვის ფიქრობდნენ, მათ შორის, სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც, მაგრამ ისინი ისე მხარდაჭერილნი არასდროს ყოფილან თავიანთ საზოგადოებაში, რომ ამას მოჰყოლოდა სერიოზული მოძრაობა.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ სეპარატიზმის საფრთხე მართლაც არსებობს. თუმცა, ამ მომენტში რამდენად გამწვავებულია ეს საფრთხე, რთულია საუბარი. ექსპერტის თქმით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩახალიანმა გარკვეული განცხადებები გააკეთა და თქვა, საქართველოსთვის კარგი მინდაო. თუმცა არსებობს პრობლემები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს აწუხებს და მათი მოგვარება შესაძლებელია.

„ყველაფერი ისეთნაირად უნდა დარეგულირდეს, რომ კმაყოფილი დარჩეს ის ხალხი, ვინც გვგონია, რომ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. უფრო მეტი ყურადღებითა და მათთან სერიოზული მუშაობით შესაძლებელია ამ პრობლემის ეფექტურად აცილება, ვიდრე მათთან სხვა მეთოდებით ბრძოლა“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

ამასთან, ადასტურებს, რომ საკმაოდ მწვავე ბრძოლაა გაჩაღებული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, თავიანთი არაკონსტრუქციული გამონათქვამებით. პრეზიდენტი ზედმეტ რაღაცებზე საუბრობს, რაც ამწვავებს სიტუაციას და მას კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს. თუმცა პრეზიდენტის მისამართითაც ხშირად ისმის არაკორექტული განცხადებები. ამ უკომპრომისო ბრძოლაში კი ყველანაირ საშუალებას იყენებენ. მათ შორის, პიარსა და ინფორმაციულ ომსაც. ამდენად, ძნელია, მოქალაქე ენდოს ან ერთი მხარის, ან მეორე მხარის განცხადებებს.