საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ქვეყანაში მოქმედ შეზღუდვებს ახალი არაფერი დაემატოს. მორიგ ჩაკეტვას და „ლოქდაუნს“ ეწინააღმდეგებიან პარლამენტშიც. რომ აღარაფერი ვთქვვათ ბიზნესსა და მოსახლეობაზე, ეპიდემიოლოგების აზრს უკვე ხელისუფლების ორივე შტო ეწინააღმდეგება.
სამაგიეროდ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკვე დაწესებული შეზღუდვების კონტროლი გამკაცრდება. სადღესასწაულო დღეების პროტოკოლზე კი საპატრიარქოსთან ერთად იმსჯელებენ.
„საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვებთან დაკავშირებით ბევრი ვიმსჯელეთ და გადაწყდა, რომ დაწესებულ შეზღუდვებს ახალი არაფერი დაემატოს და მხოლოდ უკვე დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდეს. მეტი უნდა ვესაუბროთ მოსახლეობას, რომ მოსალოდნელია ვითარების გაუარესება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემაც დაადასტურა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს დამატებითი რეგულაციების დაწესების თავიდან აცილებას, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებასა და მთავრობის მიერ უკვე დადგენილი რეგულაციების შესრულებაზე.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ორმხრივი მოძრაობა, არ შეიძლება მხოლოდ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იზრუნოს ამაზე. იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ზომების კიდევ უფრო გამკაცრება, მნიშვნელოვანია, ყველამ ზედმიწევნით შეასრულოს არსებული რეგულაციები. ჩვენ ვცდილობთ, რომ დამატებითი რეგულაციები და დამატებითი წნეხი მაქსიმალურად იქნას აცილებული, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებასა და იმ რეგულაციების შესრულებაზე, რომელიც უკვე დადგენილია მთავრობის მიერ“, - აღნიშნა ღიბრაძემ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე კი პირდაპირ ამბობს, რომ მორიგი „ლოქდაუნის“ გამოცხადება მძიმე გადაწყვეტილება იქნება, რადგანაც ბიზნესი სულს ღაფავს.
„მიზანშეწონილი არ არის დამატებითი „ლოქდაუნი“, რადგან ეს ნიშნავს ბიზნესის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, რომელიც გარკვეული მიმართულებით ისედაც სულს ღაფავს. აქედან გამომდინარე ეს დიდი პრობლემაა.
რამდენიმე მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, ჩვენ ამოგვივარდა კურსის სტაბილურობის უზარმაზარი ფაქტორი ტურიზმის სახით. მეორე მხრივ, ეკონომიკის შეზღუდვა ხდება სებ-ის მონეტარული პოლიტიკის მხრივ. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, სხვა ქვეყანაში თუკი გარე შოკია, იგი შეიძლება შემსუბუქდეს მონეტარული პოლიტიკის შერბილებით, აქ ეს არ გამოგვდის. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორმაგი შოკის პირობებში ვიმყოფებით“, - განაცხადა კოვზანაძემ.
მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რამე ტიპის დამატებითი აკრძალვების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აღდგომის დღესასწაულზე ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება და ძალაში იქნება ყველა ის რეგულაცია, რომელიც ამჟამად მოქმედებს.
ბიზნესი ასე თუ ისე კმაყოფილი უნდა იყოს მთავრობის პოზიციით, თუმცა ის კრიტიკას მაინც არ იშურებს. „აისიარ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კახა ხაზარაძის თქმით, დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტით არის დაკავებული და მთავრობას დრო საერთოდ არ რჩება, რომ ეკონომიკაზე იფიქროს.
„ნებისმიერი შეზღუდვა ბიზნესზე ძალიან ცუდად მოქმედებს და განსაკუთრებით კომენდანტის საათი, რომელიც არასდროს არ მოხსნილა. გავიგე, რომ შეიძლება მთლიანად არ გაუქმდეს, მაგრამ რატომ არ შეიძლება, რომ 9 საათის ნაცვლად გადაიწიოს 11-ან 12 საათამდე? მათ ახსენეს, რომ თურმე ეს ქეიფების პრევენციისთვის შემოიღეს, მაგრამ თვითონვე ამბობენ, რომ კომენდანტის საათი ამაზე ზეგავლენას ვერ ახდენს.
ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდებს. იცით, რომ ლარის ინფლაციაც სერიოზულ პრობლემას ქმნის. ვიცით, მაგათი წერტილოვანი, ბოლოს „ლოქდაუნით“ მთავრდება. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ თუ გვინდა სიტუაცია სტაბილურობისკენ წავიყვანოთ, სასწრაფოდ კომენდანტის საათი უნდა გადაიწიოს ღამის 11-12 საათამდე“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ეკონომიკის ერთადერთი მამოძრავებელი კერძო სექტორია და ეპიდსიტუაციის გაუარესებისთანავე პირველი სწორედ მას კეტავს და მისკენ იშვერს თითს საკოორდინაციო საბჭო. ასე გრძელდება უკვე წელიწადზე მეტია. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე ინიციატივით გამოდის, ბიზნესმენები ჩაერთონ საბჭოს მუშაობაში, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნავს და მუშაობს.
„ის მეთოდები, რაც აქამდე არსებობდა, რითიც პანდემიის მართვას ცდილობდნენ, ცალსახად არასწორია. საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების საბჭო უნდა ერქვას. რეალურად, ამ ხნის განმავლობაში შეზღუდვების და ხელებში ჩარტყმის გარდა მათ არაფერი უკეთებიათ. კერძო სექტორი ხალხს განყენებულ ცნებად წარმოუდგენია, არადა ეს რეალურად არის ერთადერთი ძალა, რომელიც ქვეყანას აცხოვრებს. ეს არის დოვლათის შექმნის ერთადერთი გზა. პატრულის ჯარიმა ვერ ავსებს ბიუჯეტს. კერძო სექტორია ღერძი, რომელიც იძლევა ეკონომიკურ სტაბილურობას და მისი გაჩერება, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ამიტომ საჭიროა ადეკვატური მართვა“, - აღნიშნა გაბრიჩიძემ.