ილიკო ფერაძე ის ადამიანია, ვისაც საამაყოდ ნამდვილად აქვს საქმე. მისი წინაპრები წარმატებული და გამოჩენილი ადამიანები იყვნენ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. მისი ძმა - გია ფერაძე კი, სამწუხაროდ, ადრე წავიდა ამქვეყნიდან, მაგრამ, ისეთი სახელი დატოვა, რომლის დავიწყებასაც თბილისი ვერ შეძლებს.
ილიკოს და გიას ერთ-ერთი ბებია, ქალბატონი მანია, ის ადამიანი გახლდათ, რომელმაც ფრანგულ მოდაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა თავისი ხელით შექმნილი მაქმანებით. ცნობილ ჟურნალ „ვოგში“ მას ერთი გვერდიც კი დაუთმეს, რომ მისი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას გაეცნო და მისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო
ილიკო ფერაძე: დედას ბაბუა, მეფის არმიის პოლკოვნიკი სპირიდონ ქუთათელაძე, 59 წლის ასაკში გავიდა დამსახურებულ პენსიაზე, ვალმოხდილი დაბრუნდა მშობლიურ ხონში პოლკოვნიკის ეპოლეტებითა და ჯინჯილებით, ცოლად 19 წლის ქალიშვილი მოიყვანა და მასთან ხუთი შვილი ეყოლა. თურმე, ოთხი გოგო რომ შეეძინა, კინაღამ ჭკუიდან გადადგა კაცი -ბიჭი უნდოდა და აბა, რა მოუვიდოდა! მაშინ სად იყო ექოსკოპია და ნაყოფის პროგნოზირება, მათ როლს სოფლის ბებიაქალები ასრულებდნენ, რომლებიც ბატონ სპირიდონს ყოველი ბავშვის გაჩენის წინ არწმუნებდნენ, ამჯერად ბიჭიაო.
ყოველი შვილის დაბადებას მეფის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი განსაკუთრებით ელოდა და გულდასმით ემზადებოდა: იცვამდა სამხედრო ფორმას, გამზადებული გადატენილი თოფებითა და ზარბაზნებით იდგა და ბებია ქალის დასტურმიღებული, ბიჭის დაბადებას ელოდა, მაგრამ, ამაოდ: პირველი მანია დაიბადა, მეორე - ნადია, მესამე - ანიჩკა და როდესაც მეოთხეც გოგო გაჩნდა - ბებიაჩემი ნინა, მოთმინებადაკარგულმა პოლკოვნიკმა იყვირა თურმე - უკან შეაბრუნეთ ეგ მაიმუნიო. მოკლედ, მხოლოდ მეხუთე ცდამ „გაჭრა“ და გაიხარა პოლკოვნიკმა - ბოლოს და ბოლოს, გაუჩნდა ვაჟი, მიხეილ ქუთათელაძე და იმ ღამეს თურმე მთელი ხონი გააყრუა თოფებისა და ზარბაზნების სროლამ ქუთათელაძეების ეზოდან.
რასაკვირველია, ოთხივე ქალიშვილი ძალიან უყვარდათ ოჯახში და ოთხივეს კარგი განათლება მიაღებინეს პეტერბურგის კეთილშობილ ქალთა საიმპერატორო პანსიონში, რითაც ბებიები მთელი ცხოვრების განმავლობაში ამაყობდნენ. ხშირად ამბობდნენ: ჩვენ დიპლომი გამოსაშვებ დარბაზობაზე, თვით იმპერატორმა ეკატერინე მეორემ გადმოგვცაო. არ დამავიწყდება, როცა დები შეიკრიბებოდნენ და საიდუმლოდ უნდოდათ, ესაუბრათ, ერთმანეთში ფრანგულად და რუსულად ლაპარაკობდნენ. მისალმებისა და მადლობის გარდა, პირველი, რაც მე და ჩემმა ძმამ, გიამ ვისწავლეთ მათგან ფრანგულად, იყო „ლა რჟან” - ფული და მანჟე - საჭმელი. როცა ბებიები ჩვენზე ქილიკს დაიწყებდნენ - რეგარდე, რეგარდე, ანუ, შეხედე, შეხედეო, გია პასუხობდა: რეგარდე არ ვიცი მე, მოიტა „ლა რჟანიო” და მარჯვენა ხელის ცერ და საჩვენებელ თითებს გაუსვ-გამოუსვამდა ერთმანეთს. წარმოიდგინეთ, ოთხი დიდან მხოლოდ ბებიას ჰყავდა შვილი და ჩვენ, შვილიშვილები, როგორ პატივში ვიქნებოდით ოთხი ბებიის მხრიდან!
ბებიები მაგარი ანტიკომუნისტები იყვნენ, სტალინს ვერ იტანდნენ. ამბობდნენ, ჩვენი ქმრები მან შეიწირაო. ვინმე რომ იტყოდა, სტალინმა არ იცოდა, ვინ იყო რეპრესირებული და ვინ - არაო, მზად იყვნენ თვალები დაეთხარათ მათთვის. ერთ-ერთი ბებია, ანიჩკა თავად ჩხეიძეზე იყო გათხოვილი, რომელიც ცნობილი მონადირე გახლდათ, მონკავშირის თავჯდომარეც იყო. სულ ფაიტონით დადიოდა და მხარზე მიმინო ეჯდა. იუნკერებში იბრძოდა რუსების წინააღმდეგ. კომუნისტებმა დაიჭირეს და ვიცოდით, რომ გადაასახლეს.
ასეთი ისტორიაც ვიცი მასთან დაკავშირებით: ერთხელ, არტოს ბაღში, მასთან მისულა პატარა ბიჭი. უთქვამს, ცეკვა მიყვარს და ფული არ მაქვსო. ბაბუას მოსწონებია ეს ბიჭი, დაუფინანსებია და მისი წყალობით დამდგარა ის სცენაზე. ეს ბიჭი გახლდათ შემდგომში დიდი მოცეკვავე, ბატონი ილიკო სუხიშვილი. ეს სიკეთე არ დავიწყებია ილიკოს და, საბჭოთა კავშირის დროს, როცა „სუხიშვილები“ გასტროლებზე დადიოდნენ, საფრანგეთიდან, სწორედ მათ ჩამოიტანეს ინფორმაცია მანია სიამაშვილის შესახებ.
ბებიაჩემი გადაირია სიხარულით. ანიჩკამ დაამყარა პირველად მიწერ-მოწერა დასთან საფრანგეთში. „სუხიშვილებს” სულ ჩამოჰქონდათ იქიდან მანიასგან გამოგზავნილი სუვენირები და წერილები. მანიამ რომ გამომიგზავნა ნეილონის პერანგი ილიკოს ხელით და ჩავიცვი, მთელი თბილისი მე მიყურებდა - ეს რა აცვიაო. ახლა რომ მომკლათ, იმას რა ჩამაცმევს, მაგრამ მაშინ, ეს მოდის „ყივილი” იყო. მთელი ჩემი საძმაკაცო იმ პერანგით დადიოდა „სვიდანიებზე”. მოკლედ, ბებიაჩემმა იმდენიც მოახერხა, რომ დაახლოებით 45 წლის შემდეგ, 1962 წელს, მაინც ჩავიდა პარიზში და მოინახულა და.
სანამ წავიდოდა, მისწერა, რა ჩამოგიტანო, დაო, საქართველოდან, რა გენატრებაო. იმან შემოუთვალა, გუდის ყველი მენატრება და იქნებ წამომიღოო. მთელი გზა ნერვიულობდა თურმე ბებიაჩემი, ახლა ამ ყველმა სუნი არ გაუშვას და მატარებლიდან არ ჩამომსვანო. მერე მოგვიყვა, იმ კუპეში ერთი ფრანგი სტუდენტი იყო და ის რომ ფეხსაცმელს გაიხდიდა, ისეთი სუნი დგებოდა, ჩემს გუდის ყველს მასთან შედარებით ფრანგული „დუხის“ სუნი ჰქონდაო. მადლობა ღმერთს, მშვიდობით ჩააღწია ადგილამდე.
წარმოიდგინეთ, როგორი ამაღელვებელი იქნებოდა მათი შეხვედრა ამდენი წლის განშორების შემდეგ. ჩემი ნამდვილი ბაბუა კი ცნობილი მსახიობის, სანდრო ჟორჟოლიანის ძმა გახლდათ - სერგო ჟორჟოლიანი, ცნობილი იურისტი, ადვოკატი და ნოე ჟორდანიას საქმეთა მმართველი. იგი არ გაჰყვა მთავრობას უცხოეთში და აქ დარჩა. მანია ბებია კი ოფიცერ ვოვა სიამაშვილზე გათხოვდა. ისიც გაექცა ახალ მთავრობას და მის შესახებ არაფერი ვიცოდი. ვარშავაში რომ დავიწყე სიარული, იქ ერთ-ერთ ჟურნალში ამოვიკითხე მისი სახელი და გვარი. მერე გავარკვიე, რომ ვოვა სტამბულში გადავიდა ქართველ ოფიცრებთან ერთად, შემდეგ პოლონეთში მიიწვია პირსუტსკიმ და იქ მეუღლესთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად.
ცნობილი ფაქტია, რომ თქვენი ერთ-ერთი ბებია საფრანგეთის მაღალი მოდის სამყაროში საკმაოდ გავლენიან და გემოვნებიან ქალბატონად ითვლებოდა. როგორ აღმოჩნდა იქ და მართალია თუ არა, რომ, მისი ხელით შექმნილმა მაქმანებმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მსოფლიო მოდაში?
- როგორც გითხარით, ოთხი ბებიიდან, სამი - აქ გვზრდიდა მე და გიას, მეოთხე, მანია ქუთათელაძე-სიამაშვილისა, როგორც აღვნიშნე, ქმარს გაჰყვა ემიგრაციაში. ქმარი ოფიცერი იყო, ის პოლონეთის რუსებისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა, 1921 წელს ვარშავაში. დაქვრივებული ბებია მანია შემდგომ პარიზში გადავიდა და იქ ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე. თუმცა, შორს ყოფნა სულაც არ უშლიდა ხელს, „დისტანციურად“ მიეღო მონაწილეობა ჩვენს აღზრდაში: როდესაც 50-იან წლებში, სტალინის შემდგომ, აღდგა მიწერ-მოწერა უცხოეთში, ის წერილებით გვიგზავნიდა ინსტრუქციებს, მაგალითად: ბავშვები გამხდრები არიან და, განსაკუთრებით ილიკოს, მაკარონიანი სუპი აჭამეთო. იმ დროს მაკარონიანი სუპი ისედაც ყელში გვქონდა ამოსული და მე პასუხად მივწერე: „ჩემო საყვარელო ბებო მანია! მაკარონიანი სუპი ისედაც არ გვაკლია. ამ ინსტრუქციების გამოგზავნას, ჯობია მე და გიას ნეილონის პერანგები გამოგვიგზავნო”. მაშინ 14-15 წლის ვიყავი. რომ გაიგო კინოს ისტორიით ჩემი გატაცების შესახებ, წერილებს მიგზავნიდა ღია ბარათებით, ფრანგი და სხვა გამოჩენილი მსახიობების ფოტოებით, რომლებიც ერთ დიდ ალბომში დღესაც მაქვს შენახული.
რაც შეეხება მის მოღვაწეობას საფრანგეთში, მანია იყო ნიჭიერი, მშრომელი ქალი, მან პარიზში გახსნა სახელოსნო. იგი ხელით ქსოვდა ულამაზეს თხელ მაქმანებს, რომლებსაც დიდი გასავალი ჰქონდა. როგორც ამბობენ, ის ძალიან გემოვნებიანი ქალი იყო - სხვაგვარად, ფრანგი ქალბატონების გემოვნების დაკმაყოფილებას ვერც შეძლებდა. მას რამდენიმე წელი მოდების ჟურნალ „ვოგში” გვერდი ჰქონდა გამოყოფილი, სადაც „მადამ სიამის“ ფსევდონიმით, მისი ნახელავი იყო გამოფენილ-წარმოდგენილი. მას უამრავი ნაცნობ-მეგობარი ჰყავდა საფრანგეთში და, როგორც ამბობენ, ბევრს ეხმარებოდა. ერთ-ერთ ემიგრანტს ესპანეთში ბინაც კი შეუძინა. დიდი ფულის პატრონი არ ყოფილა, მაგრამ სხვებზე გაცილებით მეტი რომ ჰქონდა, ფაქტია. ბინა პარიზის ცენტრში ჰქონდა და, როგორც მითხრეს, მუდამ სტუმრიანობა იყო მის სახლში.
სხვათა შორის, მისი ნათლულია ქალბატონი ზეინაბ ზურაბიშვილი - სალომე ზურაბიშვილის დედა და, საფრანგეთში ჩასულს მან მითხრა მანია ბებიაზე, ქართველი ემიგრაციის პატრონი იყოო. ყველას ეხმარებოდა, ზოგს ბინაც უყიდა, საყვარელი ქალი იყო და ხშირად იგონებდა მიზეზს, რომ ქართველობა თავის სახლში შეეკრიბა.
განსაკუთრებით მოსწონდა მსახიობი გრეგორი პეკი და მას ყოველ წელს უხდიდა დაბადების დღეს: აცხობდა იმერულ ხაჭაპურებს, აკეთებდა მეგრულ საცივს, სხვადასხვა ქართულ კერძს და მთელი მისი სამეგობრო წრე მოუთმენლად ველოდით გრეგორი პეკის დაბადების დღის დადგომასო. სხვათა შორის, ნათლობის რიტუალი საფრანგეთში შეუსრულებია გრიგოლ ფერაძეს. ეს ის გრიგოლ ფერაძეა, რომელმაც პარიზში დააარსა წმიდა ნინოს ეკლესია. სხვათა შორის, ის ევროპაში ცნობილი მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გახლდათ და ბონის უნივერსიტეტშიც კითხულობდა ლექციებს.
50-იანი წლების ბოლოს, როდესაც, მაქმანი ფრანგული მოდიდან გადავიდა, ეს ბიზნესი, ალბათ არც იმდენად მომგებიანი უნდა ყოფილიყო, ქართველი ემიგრანტი ქალისთვის?
- მართალია, 50-იანი წლების ბოლოს მაქმანი უკვე მოდაში აღარ იყო და მანიასაც გაუჭირდა. მახსოვს, იწერებოდა: ფრანგი ქალები, კაბის ქვეშ ნიფხავ-პერანგს აღარ იცვამენ და ვიღას უნდა ჩემი მაქმანებიო. სიცოცხლის ბოლოს თვალისჩინი დააკლდა, მაგრამ მაინც ახერხებდა ხატვას. წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად, ბრმა ქალი, თითებით, ფუნჯის გარეშე, ხატავდა სვეტიცხოველსა და ნიკორწმინდას, რომლებიც წლების წინ ჰქონდა ნანახი და ჩარჩენილი გონებაში. უნდა ნახოთ, როგორი ზუსტი ფერებით აქვს ფურცელზე გადატანილი.
საქართველოში დაბრუნებაზე არ უფიქრია?
- ბევრი წლის შემდეგ მიიღო საქართველოში დაბრუნების ნებართვა, მაგრამ ზედმეტი მღელვარებისა და განცდებისგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და იგი გარდაიცვალა. ასე რომ, ოცნება - თავის სამშობლოში დაბრუნებულიყო - ვერ აიხდინა. დღეს ის ლევილის სასაფლაოზე განისვენებს და იქ ჩასულს, ემიგრანტი იური ფურსინი დამეხმარა საფლავის მოძებნაში. მანია ბებიას გასვენებას ვერ დავესწარით, რადგან შეტყობინება გვიან მოვიდა. გარდაიცვალა და თან წაიღო იმქვეყნად, ბევრი დარდი, სევდა, მონატრება და სამშობლოში დასაბრუნებელი ნებართვის ქაღალდი.