ევროლიგაში პლეი-ოფმა სტარტი აიღო და მეოთხედფინალური სერიის პირველ შეხვედრაში მოსკოვის ცსკა-მ სტამბოლის „ფენერბახჩე“ 92:76 დაამარცხა. მიუხედავად საკმაოდ სოლიდური სხვაობისა, თამაში დაძაბული გამოდგა და ბოლო პერიოდის წინ თურქები 2-ქულიან უპირატესობასაც ფლობდნენ.
თუმცა, გადამწყვეტი მეოთხედი ცსკა-მ ფანტასტიკურად ჩაატარა (28:10) და საბოლოოდ, გამარჯვებაც მოიპოვა, რითაც სერიაში 1:0 დაწინაურდა.
თორნიკე შენგელიამ 20:44 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმო არ უსვრია. ქართველ მძიმე ფორვარდს ცუდი თამაში ჰქონდა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი -3 გამოდგა...
ცსკა-ში საუკეთესოები უილ კლაიბერნი და დანიელ ჰაკეტი იყვნენ, რომლებაც 20-20 ქულა მიითვალეს, ხოლო „ფენერს“ ნანდო დე კოლომ 27 ქულით ულიდერა. აქვე გეტყვით, რომ სერიის მეორე მატჩი 23 აპრილს, ისევ მოსკოვში გაიმართება.