საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპული გრანდების დაინტერესების შესახებ ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია. ხვიჩას „იუვენტუსსაც“ უკავშირებენ.
გამოცემა blastingnews-ი წერს, რომ ტურინელებმა ის შესაძლოა ამერიკელი ნახევარმცველის, ვესტონ მაკკენის სტილში დაიმატონ. რას ნიშნავს ეს? „იუვემ“ მაკკენი გასულ ზაფხულს გელზენკირხენის „შალკედან“ 4.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ 1 წლით ინათხოვრა, მაგრამ გამოსყიდვის უპირატესობა უფლება ჰქონდა, თავიდანვე განსაზღვრული ფასით.
ამერიკელებმა ტურინელებს თავი მალევე მოაწონა და მარტში მის გამოსასყიდად 18.5 მილიონი ევრო გადაიხადეს. გარდა ამისა, კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმად შეიძლება „შალკემ“ კიდევ 6.5 მილიონი ევრო მიიღოს, მაგრამ ეს მაკკენის ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე და შედეგიან მოქმედებაზე (გოლი, საგოლე პასი) დამოკიდებული.
წყაროს თანახმად, „იუვე“ კვარაცხელიას შემთხვევაშიც ზუსტად იგივე ფორმულაზე ფიქრობს და წერს, რომ ტურინელებს გაახალგაზრდავების გეზი აქვთ აღებული და ბოლო პერიოდში ბევრი საინტერესო ნიჭიერი ფეხბურთელი დაიმატეს. კვარაცხელიაც შესაძლოა, შესაფერისი პროფილის მოთამაშე იყოს.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. მან მიმდინარე სეზონში თავი 23 მატჩში 4 გოლით, 4 საგოლე პასითა და 4 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 8 თამაშში 3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა და 1 პენალტი მიითვალა.