ჩავარდნილ პროექტზე, რომელმაც შესაძლოა ზურაბ ჟვანიას სიცოცხლე შეიწირა, ზურაბ ნოღაიდელი გაბრაზებული საუბრობს, ხოლო ფოთის პორტის ყოფილი შეფი ჯემალ ინაიშვილი დაბნეულია.
ინაიშვილმაც და ნოღაიდელმაც უარყვეს, რომ ბაქო-ჯეიჰანის პროექტის შემდეგ მეორე გრანდიოზული ინვესტიციის განხორციელებას შეუშალეს ხელი. ექს-პრეზიდენტი შევარდნაძე კი საერთოდ ვერ იხსენებს პროექტს, რომლის განხორციელების გეგმაზე ხელი აქვს მოწერილი.
ამ პროექტის მიხედვით ფოთში ახალი პორტის მშენებლობისთვის საჭირო ინვესტიციები უნდა მოზიდულიყო. ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც თავისი ვინაობის გამხელა არ სურს (მხოლოდ სახელის თქმა შეგვიძლია, მას გოჩა ჰქვია), ამბობს, რომ ფოთის პორტის იმჟამინდელ შეფს ხელს არ აძლევდა კონკურენტი პორტის მშენებლობა და იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელთან ერთად სატელეფონო ზარებით ცდილობდა, დაებრკოლებინა ამ იდეის განხორციელება.
შალვა ნათელაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია თავისი ერთ-ერთი პროექტის განხორციელების სურვილს შეეწირა. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ათასგვარი ვერსია არსებობს, რომელთაგან ერთი ამ პროექტს უკავშირდება.
გეგმას, რომლის მიხედვითაც ფოთის მეორე პორტი „კოლხეთი“ უნდა აშენებულიყო, 1998 წელს ხელს აწერს იმჟამინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. როგორც გოჩა ამბობს, შევარდნაძემ აღნიშნული პროექტის მეთვალყურეობა სწორედ ზურაბ ჟვანიას დაავალა. სისრულეში მოყვანა კი ამ პროექტს არსებულ პოლიტიკურ რეჟიმში აზრთა სხვადასხვაობის გამო არ ეღირსა.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დღის წესრიგში კვლავ დადგა ახალი პროექტის განხორციელების საკითხი. თუმცა ისევ ინტერესთა კონფლიქტის გამო, 2006 წლამდე შეჩერდა პროექტის განხორციელებაზე საუბარიც კი. ამასობაში კი ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა და პროექტში სხვა ჩინოვნიკთა ბიზნეს-ინტერესები ჩაერთო.
ზურაბ ნოღაიდელისა და პორტის მაშინდელი შეფის - ჯემალ ინაიშვილის ბიზნესინტერესების გამო პროექტი დაიბლოკა, ამბობს გოჩა, რომელიც ამ პროექტის განუხორციელებლობის გამო ამჟამად ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. მისი ოჯახი კი ამ დრომდე საქართველოში იმყოფება.
გოჩა საქართველოში ყოფნისას მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და უშუალოდ ზურაბ ჟვანიასთან ერთად კურირებდა ფოთის მეორე პორტის პროექტის განხორციელებას. როგორც წყარო ამბობს, პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას შპს „კოლხეთი“ იღებდა, მეორე პორტის სახელწოდებაც სწორედ „კოლხეთი“ უნდა ყოფილიყო.
ფირმა „კოლხეთის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე შოთა მეგრელიშვილი გახლდათ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფოთის მეორე პორტის პროექტი ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო. „საქართველო და მსოფლიო“ გოჩას ტელეფონით ესაუბრა.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი მუშაობა, ახალი ხელისუფლების მოსვლით თქვენს გეგმებში რამე შეიცვალა?
- 2003 წლის ზაფხულიდან პროექტი შეჩერდა. ცხონებული ზურაბ ჟვანია ცოცხალი რომ ყოფილიყო, ნამდვილად დიდი მხარდამჭერი იქნებოდა.
არსებობს ვერსია, რომ პოლიტიკურ წრეებში ამ პროექტთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო.
- შეიძლება - სამადაც. ფაქტია, რომ დიდი ბიზნესინტერესები იყო ჩადებული ამ ყველაფერში.
ინაიშვილმა და ნოღაიდელმა, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დავალებით - იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, პრეზიდენტის ნებართვის გარეშე, ვინმემ ჩაშალოს ამ მასშტაბის პროექტი - შეუშალეს ხელი ამ გეგმის განხორციელებას.
რატომ იყო ზურაბ ნოღაიდელი დაინტერესებული, რომ არ განხორციელებულიყო ეს პროექტი?
- საკუთარი ინტერესები ჰქონდა. მასთან ერთად იყო ჯემალ ინაიშვილი. ერთ ასეთ ფაქტსაც გეტყვით. იმ ადგილის დასათვალიერებლად ჩამოსულ ინჟინრებს, სადაც პორტი უნდა აშენებულიყო, ზურაბ ნოღაიდელმა დაურეკა და უთხრა, ეს პროექტი არ გვაინტერესებს, სხვა მიმართულებით განვითარებაზე ვფიქრობთო.
ამ საუბრის შემდეგ შევეცადეთ, აღნიშნული ინფორმაცია ამ ამბის მონაწილე პირველწყაროებთან შეგვემოწმებინა. კომენტარი ედუარდ შევარდნაძეს ვთხოვეთ. ედუარდ შევარდნაძის თანაშემწემ, მარინა დავითაშვილმა გადმოგვცა, რომ მსგავს პროექტს პრეზიდენტი ვერ იხსენებს.
ასევე დავუკავშირდით სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს ჯემალ ინაიშვილს, რომელიც ისე გაგვიბრაზდა, თითქოს ჩვენ ვიყავით დამნაშავე აღნიშნული ბიზნესპროექტის ან შექმნაში, ან მისი განხორციელების მცდელობაში.
ფოთის „პორტი 2“-ის პროექტზე მომუშავე ადამიანი თქვენი ბიზნესინტერსების გატარებაში გადანაშაულებთ. გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა მოხდა სინამდვილეში 2006 წელს?
- სამხრეთში რომ უნდა აშენებულიყო? აეშენებინათ მერე, ვინ დაუშალათ?
თქვენ არ გქონდათ ამ საქმეში ბიზნესინტერესი?
- რა შუაშია აქ ბიზნესინტერესი? ეს განუხორციელებადი პროექტი იყო. მე ვიყავი პორტის უფროსი და ვიცავდი პორტის ინტერესებს. ხელს როგორ შევუშლიდი?! ამ პროექტს არანაირი კავშირი არ ჰქონდა არსებული პორტის ტერიტორიასთან.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, თქვენ და ზურაბ ნოღაიდელი იყავით ამ იდეის განხორციელების წინააღმდეგი.
- წყარო ვინ არის? აგენტი 007-ია?
ამის შემდეგ ინაიშვილმა ტელეფონი გაგვითიშა და, ბუნებრივია, აღარც ჩვენი ზარისთვის უპასუხია. ინაიშვილთან მეორედ დარეკვის შემდეგ კი მან ისევ გვითხრა, რომ არანაირი ბიზნესინტერესები მას არ ჰქონია, და რომ არც ვინმე შოთა მეგრელიშვილს იცნობს.
დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთმანეთისთვის კომპრომატების ომი აქვთ გამოცხადებული. ნოღაიდელი ყოველთვის ამაყად ზის ღია ეთერში და აცხადებს: „აბა, ხელისუფლებამ დამიდოს კომპრომატი, თუ რამე აქვსო“. ფაქტია, რომ დღემდე ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ მმართველმა გუნდმა, კომპრომატი არ დადო. თავად ზურაბ ნოღაიდელი კი ჩვენმა შეკითხვამ დააბნია და თავიდან გაუჭირდა კიდეც პასუხის გაცემა, თუმცა რამდენიმე წამში დეტალურად გაახსენდა ყველაფერი.
- ვინ მიყენებს ბრალდებას? ვიღაც დეგენერატი? - ასეთი იყო ნოღაიდელის პირველი რეაქცია ჩვენს შეკითხვაზე.
შოთა მეგრელიშვილს იცნობდით?
- არა, არ ვიცნობდი ასეთს არავის. რა დროს პორტის აშენება იყო 1998 წელს? ქვეყანა ინგრეოდა.
თუმცა იგივე პროექტი 2006 წელსაც ჩაიშალა.
- 2006 წელსაც ქვეყანა ჯერ კიდევ ინგრეოდა.