ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის საუკეთესო კლუბებმა ევროპული სუპერ ლიგის შექმნის შესახებ განაცხადეს - საფეხბურთო ტურნირის, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ალტერნატივა უნდა გახდეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მათ შორის არიან: 6 ინგლისური კლუბი: „არსენალი“, „ჩელსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“; 3 ესპანური გუნდი: მადრიდის „ატლეტიკო“, მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“; 3 იტალიური კლუბი: „მილანი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ტურნირის მატჩები შუა კვირას გაიმართება, რათა გუნდებს ეროვნულ ჩემპიონატში თამაშის საშუალება ჰქონდეთ. ამასთან, ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ახალ ლიგას კიდევ 3 გუნდი შეუერთდება. კაცთა ტურნირის შემდეგ, სუპერ ლიგა ქალთა შეჯიბრის ორგანიზებასაც გეგმავს.
Uefa-მ და ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ეროვნულმა ლიგებმა ეს გადაწყვეტილება დაგმეს. Fifa-ში კი განაცხადეს, რომ ახალ ტურნირში მონაწილე ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატებზე ვერ ითამაშებენ.
ინფორმაცია ახალი ლიგის შექმნის შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბერში გავრცელდა. Uefa-ში იმედი ჰქონდათ, რომ ჩემპიონთა ლიგის რეფორმა, რომლის შესახებაც ოფიციალური განცხადება დღეს უნდა გაკეთებულიყო, სუპერ ლიგის შექმნას შეაჩერებდა, თუმცა ახალი ტურნირის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ Uefa-ს რეფორმები საკმარისი არ არის. მათი აზრით, გლობალურმა პანდემიამ „დააჩქარა არასტაბილურობა ევროპული ფეხბურთის მოქმედ ეკონომიკურ მოდელში“.