ბედის ირონიით, ჩვენს ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებს ალბათ ყველაზე კარგად ცნობილი რუსი მწერლის ანტონ ჩეხოვის ფრთოსანი ფრაზა ახასიათებს, „თუ სპექტაკლის პირველ აქტში კედელზე თოფი ჰკიდია, ბოლო აქტში ის აუცილებლად გაისვრის." თოფი ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია. საზოგადოება დაძაბული ელოდება თუ რას მოიმოქმედებს ეს პარტია 19 აპრილს დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც სრულიად გამიზნულად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მოქმედ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეუძლია მოქმედი კონსტიტუცით მინიჭებული უფლებით ისარგებლოს, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი და მისი მთავრობა დაითხოვოს, შემდეგ პარლამენტიც მიაყოლოს, თუ მთავრობის შემადგენლობა არ დაუმტკიცა, და ახალი არჩევნები უკვე „ნაციონალური" მთავრობით ჩაატაროს. ალბათობა იმისა, რომ ივანიშვილი და მისი მხარდამჭერები ამგვარ სცენარს მშვიდად შეეგუებიან, თითქმის ნულოვანია. შესაბამისად, ქვეყანას სულ იოლად შეუძლია შეაბიჯოს სამოქალაქო დაპირისპირების ახალ ფაზაში, რომლის შედეგების პროგნოზირებაც კი რთულია. სკეპტიკოსთა მტკიცებების მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობას," ბრძოლის რესურსები ჯერ კიდევ შემორჩა და ბევრ მათგანს შესაფერისი დროისათვის ინახავს.
1-ელ ოქტომბერს საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანმა ცვლილებამ, რომელიც სიმართლეს თუ თვალს გავუსწორებთ დიდწილად იძულებითი აქტი იყო ყოფილი მმართველი პარტიის და მისი დასავლელი მხარდამჭერების მხრიდან, კიდევ უფრო გააღრმავა ჩვენი უკიდურესად დაპირისპირებული საზოგადოების წიაღში არსებული ნაპრალი. დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ დაიწყო მისი ერთ ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირების - ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესრულება. სამართლიანობის აღდგენის პროცესს მთელი ჩვენი საზოგადოება ადევნებს თვალყურს, რადგანაც ის მაღალი ხარისხის გამჭვირვალობის პირობებში მიმდინარეობს. ამიტომაც ამ პროცესის დეტალებზე შეჩერება აქ არ ღირს. რა თქმა უნდა პროცესი არ არის უნაკლო და ამის მოლოდინი არც შეიძლება გვქონოდა თუნდაც იმის გამო, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში უხვად არიან წინა ხელისუფლების ერთგული კადრები.
თუმცა მთავარი ის არის, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესის პირველივე ეტაპზე გამომზეურებულმა ბევრისათვის შემაძრწუნებელმა ინფორმაციამ წინა ხელისუფლების ნამოქმედარზე, საკითხი შემდეგნაირად დააყენა: შეიძლება თუ არა ყოველივე ამის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განხილულ იქნეს როგორც ლეგიტიმური პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა?! „ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცნობიერებენ, რომ მათ წინააღმდეგ სულ უფრო მეტი კომპრომატი იხილავს დღის სინათლეს და „ნაციონალური მოძრაობის" დელეგიტიმაციის საკითხი შეიძლება უკვე რეალურად დადგეს დღის წესრიგში. ამიტომაც „ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი ყველანაირად ცდილობენ შეაკავონ ან უკუაქციონ ეს პროცესი. „ნაციონალთა" ბოლოდროინდელი ქმედებები ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ, ძირითადად ამას ემსახურება, რადგანაც აქ საქმე არათუ მათ პოლიტიკურად გადარჩენას, არამედ მათ პირად თავისუფლებას, ფიზიკურ უსაფრთხოებას და დაგროვილი სოლიდური ქონების შენარჩუნებას ეხება.
დასავლეთში როგორც ჩანს უკვე ჩამოყალიბდნენ მოსაზრებაში, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშეა. ამიტომაც, მოსალოდნელი და საკმაოდ რეალური სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების ერთ ერთ ინსტრუმენტად გვთავაზობენ შეიქმნას „ჭეშმარიტების დამდგენი კომისია" ან როგორც მას კიდევ უწოდებენ „გარდამავალი მართლმსაჯულების" პროცესი. იდეა პირველად კარნეგის ცენტრში გამოსვლისას და შემდგომ თავის სტატიებში აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა მკვლევარმა ანა დოლიძემ გააქტიურა და აშშ-ს რამდენიმე ცნობილმა ექსპერტმა დაუჭირა მხარი. თუმცა საქართველოში ჯერჯერობით იდეამ პოპულარობა ვერ მოიპოვა ვერც საზოგადოებაში და ვერც პოლიტიკურ წრეებში.
იდეა ახალი და ორიგინალური არ არის. 1974 დან 2007 წლის ჩათვლით, 32 ასეთი კომისია შეიქმნა 28 ქვეყანაში, მათ შორის არგენტინაში და კონფლიქტებით გათანგულ მთელ რიგ ლათინომაერიკულ ქვეყნებში, ასევე იუგოსლავიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სამხრეთ კორეაში, მაროკოში, ინდონეზიასა და გერმანიაში. თვითოეული ქვეყნისათვის დამახასიათებელი სპეციფიკის მიუხედავად, ასეთი კომისიების მიდგომებში მთავარი ძალისხმევა მიმართულია რომ დაცული იყოს რეჟიმის მიერ დაზარალებულთა უფლება ჭეშმარიტების დადგენაზე (?!), სამართლიანობის აღდგენაზე და ზარალის კომპენსაციის მიღებაზე. ამგვარი კომისიების შექმნას აქტიურად უჭერენ მხარს გაერო და ცნობილი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები (მაგ. Amnesty Internatuional).
როგორ ესახებათ იდეის ავტორებს მსგავსი კომისიის შექმნა საქართველოში? პროცესის ამოსავალ წერტილად და საბოლოო მიზნად წარსულთან ერთგვარ გამიჯვნას მიიჩნევენ, უფრო ზუსტად კი იმის დადგენას რაც ქვეყანამ და საზოგადოებამ უნდა დაივიწყონ და იმისა რაც უნდა ახსოვდენ. ჩვენს პირობებში იდეის ავტორები გვთავაზობენ რომ პოლიტიკური ძალების კონსენსუსის საფუძველზე შექმნან ფართო უფლებამოსილების მქონე (მოწმეების დაკითხვა, სასმართლოსადმი რეკომენდაციის მიცემა და ა.შ.), კარგად დაფინანსებული, ლეგიტიმურობის ძლიერი მანდატის და საზოგადოებაში მყარი საყრდენის მქონე კომისია. კომისიაში შედიან მაღალი სანდოობის მქონე და საზოგადოების ყველა ჯგუფისათვის მეტნაკლებად მისაღები ცნობილი და ავტორიტეტული და მეტნაკლებად პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანები. იდეის ავტორთა ჩანაფიქრით, სწორედ მათ უნდა შეიმუშავონ არსებული პრობლემების განხილვისა და მოგვარების ისეთი ფორმულა, რომელშიც არცერთი მხარე (მეტნაკლებად!)არ იგრძნობს თავს ბოლომდე დამარცხებულად.
სხვათა შორის, გაეროს გენერალური მდივნის 2004 წლის 23 აგვისტოს მოხსენებაში საკმაოდ დიდი ადგილი აქვს დათმობილი გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების გამოყენების პროცესში დაგროვილ როგორც დადებით ასევე უარყოფით გამოცდილებას. და ერთ ერთი მათგანი სხვა ქვეყნებში შექმნილი მოდელის პირდაპირი დუბლირებით არის გამოწვეული. ნიშანდობლივია, ისიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით შექმნილმა „ჭეშმარიტების დამდგენმა კომისიამ" ვერ იმუშავა ყირგიზეთში, და ამის ერთ ერთი მიზეზი შესაბამისი ტრადიციების არარსებობა და საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასის არასათანადო მზაობა აღმოჩნდა. კომისიის შექმნის პროცედურებმა და მისმა შემადგენლობამ თავიდანვე ეჭვის ქვეშ დააყენეს მისი ავტორიტეტი და შესაბამისად სანდოობაც, რადგანაც აღმოჩნდა რომ ქვეყნაში ძალიან ცოტა იყო შესაბამისი კვალიფიკაციის, სუფთა წარსულის მქონე და პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი.
იმისათვის, რომ საქართველოში „სამართლიანობის კომისია" შეიქმნას და მუშაობა დაიწყოს (მეორე საკითხია, რამდენად გაწვდება ამ საკმაოდ ძვირადღირებულ ინიციატივას ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი), საზოგადოების დაპირისპირებულ მხარეებს შორის დროებითი კომპრომისის მიღწევა მაინც არის საჭირო. ეს კი რთული წარმოსადგენია თვალსაწიერ მომავალში, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ერთ მხარეს - „ნაციონალურ მოძრაობას" მუდმივად გაურბის თვალი და ხელი კედელზე ჩამოკიდებული თოფისაკენ.
სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არსებულმა დაპირისპირებამ ბოლო 9 წლის მანძილზე ისე ღრმად გაიდგა ფესვები, რომ „სამართლიანობის კომისიის" შემოთავაზებული მოდელმა შეიძლება ამ პირობებში ვერ იმუშაოს. დაპირისპირების წყარო არ არის მხოლოდ წინა რეჟიმის მიერ მიყენებული მორალური თუ მატერიალური ზარალის კომპენსაციისა და სამართლიანობის აღდგენის დაუოკებელი წყურვილი. საზოგადოება ისეა გაყოფილი ფუნდამენტურ ფასეულობათა სისტემების კონფლიქტით, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისათვის უბრალოდ მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის" ლეგიტიმურად არსებობაც კი.
საქართველოში „სიმართლის დამდგენი კომისიიის" იდეის ავტორების ჩანაფიქრით, კომისიის მიზანი არ იქნებოდა დამნაშავეთა დასჯა. უბრალოდ წინა რეჟიმის მიმართ არსებულ ბრალდებების გამოძიებით ერთგვარი წერტილი დაესმებოდა „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდის შეფასებას. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოების დიდი ნაწილის მისწრაფებასთან და ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ისინი დაარწმუნოს ასეთი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაში. აქ შეიძლება თვით ივანიშვილის ავტორიტეტმაც ვერ გაჭრას.
ამ ეტაპზე მართლა რთული წარმოსადგენია რა შეიძლება გახდეს მოტივატორი ქართული საზოგადოების შერიგებისა და კონსოლიდირებისათვის.
ჯონ ლედერაჰი თავის ცნობილ ნაშრომში: „მშვიდობის დამყარება: მდგრადი შერიგება დაპირისპირებულ საზოგადოებებში" აღნიშნავს, რომ მდგრადი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია მოხდეს იზოლირებულად საზოგადოების მხოლოდ ერთ (ელიტარულ ნაწილში). მისი კვლევებით, ნდობისა და მშვიდობის მიღწევა საზოგადოების ყველა ფენაში ერთდროულ მოქმედებას მოითხოვს და ლედერაჰი ამ პროცესს აღწერს როგორც პირამიდას, რომელიც განსხვავებული მაგრამ ურთიერთკავშირში მყოფი პროცესებისგან შედგება. პირველი, „ზემოდან-ქვევით" ანუ მოლაპარაკებები ცნობადი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერების მაღალი დონეზე. მეორე „შუალედური" - საშუალო დონის მაგრამ ანგარიშგასაწევი ლიდერები რელიგიური, აკადემიური, ეთნიკური და არასამთავრობო თუ საექსპერტო წრეებიდან „ქვევიდან-ზევით"- ადგილობრივი დონეზე. სათემო ლიდერები, სოფლის ავტორიტეტები, ადგილობრივი მეწარმეები და ა.შ.
სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში, ზემოთაღნიშნული დაპირისპირების, პოლიტიკური კულტურის არსებული დონისა და უახლოესი წარსულის მძიმე მეხსიერებიდან გამომდინარე, მართლაც ძნელია გამონახო ისეთი ადამიანები, რომლებსაც მათი პიროვნული და სხვა თვისებებიდან, გამომდინარე ხელეწიფებათ შემაკავშირებელი როლი შეასრულონ და გახდნენ ერთგვარი ხიდი უმდაბლეს და უმაღლეს დონეზე მიმდინარე მოლაპარაკებებს შორის და ამით უზრუნველყონ მათი მეტნაკლები წარმატება.
იმისათვის რომ დაპირისპირება მოიხსნას, ან შედრებით უსაფრთხო სიბრტყეში გადავიდეს, უპირველეს ყოვლისა ადამიანების აზროვნების, ფასეულობების, პოზიციების (დამოკიდებულებების) და აღქმის შეცვლაა საჭირო. ჩვენს არსებულ რეალობაში ეს პროცესი იმდენად ნელა მიმდინარეობს რომ თვალსაწიერ მომავალში რაიმე ხელშესახებ ცვლილებებზე ოცნებაც კი რთულია.