„ღმერთო, დამიცავი ასეთი დაცვისგან“

„ღმერთო, დამიცავი ასეთი დაცვისგან“

აზერბაიჯანიდან სამშობლოში დაბრუნებულ მიხეილ სააკაშვილს დაცვის ათეულობით მანქანა დახვდა. პრეზიდენტმა მათ გვერდი აუარა და მეუღლესთან ერთად ელექტრომობილში ჩაჯდა, თანაც განმარტა, რომ კატეგორიულ უარს აცხადებს დაცვაზე და ამ რაოდენობით დაცვის წევრთა დახვედრას ხელისუფლების მიერ მოწყობილ ცირკს უწოდებს.

როგორც ჩანს, სააკაშვილმა ბოლოს და ბოლოს მიბაძა მსოფლიოში ყველაზე ღარიბ ურუგვაის პრეზიდენტს, ხოსე მუხიკას, რომელიც ძველი ავტომობილით  "ფოლკსვაგენ ხოჭოთი" გადაადგილდება, თანაც, სოფლის პატარა სახლში ცხოვრობს და დღემდე მის სახლს სულ ორი პოლიციელი და სამფეხა ძაღლი, მანუელა იცავს.

მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ ნათქვამი კვლავაც გაიმეორა, რომ არ სურს მათი დაცვა და ამიერიდან საკუთარი მანქანით გადაადგილდება. თუმცა იქვე დასძინა, რომ, ამის საპასუხოდ, დაცვის უფრო მეტი მანქანა მიიყვანეს, რაც მას აქამდე თურმე საერთოდ არ უნახავს. ამიტომ სააკაშვილმა მიმართა პრემიერ-მინისტრს, რომ ეს არის ფულის ყრა პოლიტიკური მიზნებისთვის.

"მე, როგორც პრეზიდენტი, გეუბნებით: არ დამყვებოდეს უკან არავინ. მეორედ აღარ ამოიღონ ხმა ამ დაცვის კორტეჟებზე".

გაბუტვის რეჟიმი რამდენ ხანს გაგრძელდება და კიდევ დიდხანს მოუწევს თუ არა სააკაშვილს სანდრას დაცვის ამარად დარჩენა, უცნობია. თუმცა უკვე ცხადია, რომ მთლად სანდრას დაცვის იმედად არ გადაადგილდება პრეზიდენტი და მას მთელი ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფო დაცვა შორიახლო დაჰყვებოდა. 

ამჯერად სააკაშვილმა ისიც აღიარა, რომ, სავარაუდოდ, დაცვას არ ენდობა - „ღმერთო, დამიცავი ასეთი დაცვისგან და მტრებისგან მე თვითონ დავიცავ ჩემს თავს“. უფრო მეტიც, მას აინტერესებს, დაცვის სამსახურის 30 მანქანა რატომ უნდა დაჰყვებოდეს? ნუთუ არ აქვს უფლება, არ დაჰყვებოდეს უკან არავინ? მით უფრო, როცა, პირველ რიგში, დაცვა ამ ხალხისგან სჭირდება, რადგან ეს დაცვის გარდა ყველაფერია.

ამასთან, სააკაშვილმა საკუთარ დამცველებს მეთვალყურეები უწოდა და აღნიშნა, რომ სწორედაც მეთვალყურეები დაუნიშნეს პრეზიდენტს, რომ სად გადაადგილდება, ვის ხვდება, რა აქვს ჩაფიქრებული, გააკონტროლონ. არადა, ის მზადაა, ყველაფერი ტელევიზიით მოყვეს და სულაც არ არის საჭირო ასეთი გარშემორტყმა. 

„დაიწყეს ჩვენი დაცვის თანამშრომლების ტერორი, აღძრეს საქმეები. ეუბნებოდნენ, მიეტანათ ინფორმაცია ჩემი გადაადგილების მარშრუტებსა და ჩემი საუბრის შინაარსზე. ვუთხარი, რომ არ მინდა დაცვა, გადავაადგილდები ჩვეულებრივი მანქანით და მეორედ აღარ ამოიღოთ ხმა, რამდენ ფულს ხარჯავს სახელმწიფო დაცვის კორტეჟებზე“.

პრეზიდენტმა მთავრობას ისიც ურჩია, ეს მანქანები წაიყვანონ "გარაჟში" და დაცვის სამსახურის ავტომანქანებში ჩასასხმელი ბენზინის ფული გაჭირვებულ მოქალაქეებს მოახმარონ.

პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ სააკაშვილის პირად დაცვაზე სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა და სპეცნაზის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა მათი ჩანაცვლება კუდისა და სოდის დეპარტამენტებიდან დათხოვნილი კადრით გადაწყვიტა.

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ, თუკი პრეზიდენტის დაცვის წევრები მათ მიმართ დაკისრებულ მოვალეობას არ შეასრულებდნენ, შესაძლოა, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დამდგარიყო. ამდენად, ისინი იძულებულნი არიან, დაიცვან პრეზიდენტი.

For.ge სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილეს კახა ჯაფარიძეს ესაუბრა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის დაცვის წევრებმა მის დაცვაზე უარი განაცხადეს. მოგვიანებით ეს ხომ არ გადაიფიქრეს?

- ეს არის აბსოლუტური ჭორი, არავის უარი არ განუცხადებია. ჯერ ერთი, ჩვენს სამსახურს არ აქვს იმის უფლება, რომ პრეზიდენტის დაცვაზე უარი განაცხადოს. კანონით რაც გვევალება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პირნათლად ასრულებს ამ ყველაფერს.

მისი დაცვა რომ არ განგეხორციელებინათ, ალბათ, დაცვის წევრების  პასუხისმგებლობაზეც იქნებოდა საუბარი.

- რა თქმა უნდა, კანონით ჩვენ ამის უზრუნველყოფა გვევალება. ასეთი რამ არ მომხდარა, ფაქტობრივად, პრეზიდენტის მიმართ დაცვითი ღონისძიებები ყოველთვის ხორციელდებოდა და ეს ღონისძიებები არც არასდროს შემწყდარა.

მაშინ რატომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, დაცვამ არ ისურვა მისი მომსახურება?

- არა, ეს მცდარია, პრეზიდენტმა თქვა, დაცვის წევრები არ არიანო. როგორ არ არიან, ეკრანზეც ჩანს, თუ სადმე მიდის ან ვინმეს ხვდება, დაცვა ახლავს. ნებისმიერ დროსა და წამს შეიძლება ამის გადამოწმება. ამდენად, ეს ტყუილია.

სხვათა შორის, პრეზიდენტმა ისიც თქვა, ხუთი კვირაა, დაცვის გარეშე დავდივარო.

- ესეც ტყუილია.

ანუ, ყველგან ახლდა პრეზიდენტს დაცვის სამსახური?

- ყოველთვის, ქვეყნის ტერიტორიაზეც და ქვეყნის გარეთაც. 

იქნებ, სააკაშვილი თავად არ ენდობა დაცვის წევრებს. ამაზე თუ გაუკეთებია რაიმე მინიშნება?

- არა, ამის შესახებ არაფერი გამოუხატავს.

რამდენად რთულია ქვეყნის პრეზიდენტის დაცვა?

- თქვენც ხომ აკვირდებით, როგორ რთულად გვიწევს მისი დაცვა, მაგრამ ჩვენს მოვალეობას ბოლომდე ვასრულებთ.

ალბათ, საქართველოში უფრო რთულია პრეზიდენტის დაცვა, ვიდრე საზღვარგარეთ მისი თანხლებისას?

- რა თქმა უნდა. თუმცა, ფაქტობრივად, ყველგან ერთი და იგივე სამუშაოა. რთული დასაცავი ადამიანი ხომ მაინც დასაცავია. 

დაცვის წევრები ხშირად იცვლებიან? იქნებ, პრეზიდენტი თავიდან ენდობა მათ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდობლობის გრძნობა უჩნდება.

- მას ის ხალხი იცავს, ვინც აქამდეც იცავდა. მართალია, სამსახურის ხელმძღვანელი შეიცვალა, მაგრამ მის პირად დაცვას არავინ შეხებია. თუ დღევანდელ დღემდე მის დაცვას ჰქონდა ნდობა, არ შეიძლება, დღეის შემდეგ არ ჰქონდეს.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას სანდრა  იცავს და არ სჭირდება არავის დაცვა, ამ დროს კი კადრებში ჩანს, რომ თქვენი სამსახურის მანქანები მას აეროპორტამდე მიაცილებენ. რას ემსახურებოდა ის ფაქტი, თითქოს, პრეზიდენტი ყოველგვარი დაცვის გარეშე მიქროდა ტრასაზე? რისთვის დასჭირდა საზოგადოების დაბნეულობაში შეყვანა?

- არ ვიცი, იქნებ, ეს დასკვნები საზოგადოებამ გამოიტანოს, ჩვენ პოლიტიკისგან ცოტა შორს ვართ. ჩვენი საქმე გვაქვს და რაც არ უნდა სირთულესთან იყოს დაკავშირებული, კანონის წინაშე ჩვენი მოვალეობა უნდა ავასრულოთ.

აზერბაიჯანიდან ჩამოსულ პრეზიდენტს დაცვის სამსახური დახვდა.

- რა თქმა უნდა, მისი ჩამობრძანების შემდეგ იგივე სიტუაცია იყო. დაცვას ძალიან გაუჭირდა, ჟურნალისტებიც იქ იყვნენ, მაგრამ ისინი პრეზიდენტის დაცვას მაინც ახორციელებენ და ამ წუთასაც კი, ის დაცვის ქვეშ იმყოფება. უფრო მეტიც, არ მოხდება არასდროს, რომ ის დაცვის გარეშე იყოს.

ორმაგად რთულია ასეთ პირობებში მუშაობა, როცა პრეზიდენტს ვითომ არ სურს დაცვა, ამ დროს კი თქვენ შორიდან მაინც იცავთ მას?

- ბევრად რთულია, ამისთვის ჩვენ გვჭირდება დამატებითი ძალები და არ ვზოგავთ ენერგიას, არც რესურსს, რომ ეს პასუხისმგებლობა შევასრულოთ.

თუ საიდუმლო არ არის, რამდენი დაცვის წევრი ახორციელებს მის დაცვას, ან რამდენ მანქანიან ესკორტზეა საუბარი?

- ეს საიდუმლოა.

ანუ, არ მოკლებია ის პირობები, რაც აქამდე ჰქონდა?

- რა თქმა უნდა, და იმ სირთულეებიდან გამომდინარე, პირიქით, უფრო გავზარდეთ დაცვის შემადგენლობა.

პრეზიდენტი როცა აცხადებდა, ამ თემის ზედმეტი დრამატიზაცია და სპეკულაცია საჭირო არ არის და დაცვის გარეშე მივდივარო, როგორ ფიქრობთ, ვერ შეგნიშნათ, რომ თქვენ მის გარშემო პერიმეტრზე იყავით და დაცვის სახით მისდევდით?

- რა თქმა უნდა, გამორიცხულია, ეს არ დაენახა. ფიზიკურად, ქუჩაში რომ დაცვის სამსახურის თანამშრომლები დგანან და სხვა მანქანების მოძრაობას არეგულირებენ, ეს ხომ შესამჩნევია?! აქ არ არის საუბარი მის ესკორტზე, რომლებიც მანქანით მიყვებიან პირადი მცველების სახით, აქ საუბარია ქუჩაში მდგარ დაცვის წევრებზე, რომლებიც გზებს კეტავენ. იმ ხალხის დაუნახაობა შეუძლებელია. ამდენად, მან ძალიან კარგად იცოდა და იმ კადრებითაც დასტურდება, რომ, როცა იგი მარტო მოძრაობდა, მას წინაც მიუძღოდა დაცვა და უკანაც. უბრალოდ, ისინი ეკრანზე არ ჩანდნენ, იქ მხოლოდ ორი მანქანა გამოჩნდა კადრებში. არადა, გაცილებით ბევრი იყო. ასე რომ, სააკაშვილი ამ დაცვას უთუოდ ხედავდა. თვითონ ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს.           

სამხედრო ექსპერტი თეონა აქუბარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ახალი კანონმდებლობით, დაცვის სამსახური ორად გაიყო - პრეზიდენტის დაცვა და ცალკე დაცვის სამსახური. ეს ყველაფერი ძალაში უნდა შევიდეს და ახალი სამსახური უნდა შეიქმნას პრეზიდენტის დაცვის სახით, რასაც მას სთავაზობს დღევანდელი ხელისუფლება - 350 კაცით, 7 მილიონიანი ბიუჯეტითა და ოთხი მზარეულით.

თეონა აქუბარდიას თქმით, დაცვის სამსახური აცხადებს, რომ ისინი მაინც გააგრძელებენ მუშაობას, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს სააკაშვილს.

„პრეზიდენტმა თავის ჯავშნიან მანქანაზეც უარი განაცხადა და თქვა, რომ პირადი მანქანით აპირებს გადაადგილებას. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს რეჟიმი, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა არაკონსტრუქციულია პრეზიდენტის ქმედება და თუ მის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას რაიმე ზიანი მიადგება, ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება თავად პრეზიდენტს და მის დაცვის სამსახურს. ასე რომ, დღეს დაცვის სამსახურს გააფთრებულ მდგომარეობაში უწევს მუშაობა, რადგან პრეზიდენტი უარს ამბობს ამ სამსახურის გამოყენებაზე, დაცვის სამსახური კი ორმაგი ძალისხმევით ცდილობს დაცვის განხორციელებას და მას შორიახლოს მიჰყვება“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.

მისი თქმით, კანონი ავალდებულებს დაცვის სპეცსამსახურს, დაიცვას იმ პირთა ჩამონათვალის უსაფრთხოება, რომელიც კანონშია მითითებული და სწორედ აქ წერია, რომ პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის რანგშია აყვანილი. ამდენად,  სააკაშვილის დაცვა მის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული და უნდა თუ არა, დაცვის სამსახურმა მაინც უნდა დაიცვას მისი უსაფრთხოება. 

„დაცვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი საუბრობდა, რომ მათ არ აქვთ უფლება, დაემორჩილონ პრეზიდენტის ნება-სურვილს. ამდენად, ისინი ამ არანორმალურ ვითარებაში ახორციელენ ფუნქციას და ეს ძალიან კარგად იცოდა პრეზიდენტმა, რომ მას მოშორებით მიჰყვებოდნენ მანქანები. ამის მიუხედავად, მან პიარ-აქცია ჩაატარა“, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი.

აქვე თეონა აქუბარდია განმარტავს, რომ დაცვის სამსახურიდან საკმაოდ დიდი თანხები იხარჯებოდა პრეზიდენტის პირადი დაცვისა და მისი დედის, გიული ალასანიასთვის, რომელსაც არ ეკუთნოდა დაცვა.

მართალია, პრეზიდენტის ოჯახის წევრები არიან დაცვის ობიექტთა ჩამონათვალში, მაგრამ ეს სააკაშვილის დედაზე არ უნდა გავრცელებულიყო. ამდენად, მისთვის  დამატებითი მომსახურება ხორციელდებოდა.