ქართველ მენშევიკებს ორი ახსნა აქვთ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბუთებისათვის. ერთი საკუთრივ თავიანთი, ასე ვთქვათ, „მარქსისტული“, „ისტორიულ მატერიალისტური“, - ამ თვალსაზრისით დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო არის შედეგი „სამწუხარო ისტორიულ მოვლენათა წყებისა“. სახელდობრ რუსეთში მომხდარ ბოლშევიკურ გადატრიალებისა, როდესაც მთელს რუსეთში სასტიკად იდევნებოდა ყველაფერი მენშევიკური და უფრო კი ქართველი მენშევიკები, როგორც ყველაზე უფრო მავნე ხალხი.
ქართველი ერის თავისუფლების დაბრუნების ზემოთმოყვანილ „განმარტებაში“ მეტად დახელოვნებული არიან „ერთობის“ პუბლიცისტები. ეს ადამიანები წარამარა წუწუნებენ „რუსეთის მთლიანი დემოკრატიული ფრონტის დაშლის გამო“. ან სხვანაირად რომ ვთქვათ რუსეთის სახელმწიფოს დანაწილების გამო და, მაშასადამე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაც ჭმუნვას ჰგვრის ამ ჯურის პოლიტიკოსებს.
„ერთობა“-მ წინადაც საკმაოდ მოიხვეჭა „სახელი“ საქართველოს წარმოშობის გზობაში. „ღრმა“ მარქსისტები „განისა“ და ს. დევდარიანის ტიპისა ეხლაც არ იშურებენ „საბუთებს“ თავიანთ „მარქსისტულ“ თეზისის დასაცავად და ამგვარად საქართველოს სახელმწიფოში გაბატონებული სოციალ-დემოკრატიული პარტია საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს არხეინად ანაცვალებს „რახიტიკულ თავებში“ აბნეულ „მეცნიერულ“ დასკვნას.
გაყინულ დოგმების უსიტყო მიმდევნი და გადაღეჭილ „თეორიის“ ყურმოჭრილი ყმანი, ქართველი მენშევიკები დღეს დონკიხოტურად ებრძვიან „ფეტიშს“, როგორც ისინი უწოდებენ საქართველოს თვითმყოფობას. ისინი მოურიდებლად აცხადებენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მათთვის მისაღებია დროსა და გარემოების მიხედვით და როცა ეს დრო და გარემოება მოითხოვს ქართველ სოციალ-დემოკრატებისაგან კვლავ შეერთებას იმ სახელმწიფოსთან, რომლის მძიმე მონობა საქართველომ ასოცი წლის განმავლობაში ზიდა, - ისინი არ შედრკებიან ამის წინაშე და შეუერთდებიან „ძველ მფარველს“.
ეს მათი გულის ამოკვნესა ასე უნდა გავიგოთ: ქართველი სოციალისტ-დემოკრატები საქართველოს დამოუკიდებლობას სცნობენ იმდენად, რამდენადაც გარემოებანი ხელს უწყობენ მათ ბატონობას ქართველ ხალხზე და თუ ოდესმე ჩვენს სოციალ-დემოკრატებს პიედესტალები დაემსხვრათ და თბილ ადგილებიდან გამოცვივდნენ, მაშინ ეს ხალხი საქართველოსაც დაამსხვრევს და საწველ ფურად მიუგდებს რუსეთს.
სოციალ-დემოკრატებს მეორე „შეხედულებაც“ აქვთ ქართველი ერის პოლიტიკურ თავისუფლებაზე. ეს შეხედულება ბუნებრივია, პატრიოტულია, ისეთი რაც უნდა შესისხლხორცებული ჰქონდეს ყოველ პატიოსანს, სამშობლოს მოყვარულ ქართველს. რას გვავალებს ეს შეხედულება?
ქართველი ერის პოლიტიკური თვითგამორკვევა შეუძლებელია დაექვემდებაროს რომელიმე სხვა მომენტს, სულერთია ეკონომიურსა თუ საერთო სოციალურს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ქართველი ერისა ჩვენთვის აქსიომური ფორმულაა მუდამჟამს და არა მაშინ მხოლოდ, როდესაც ეს ჩვენ სუბიექტურად გვრგებს. ეთნიურ ინდივიდუალობას ქართველი ერისა ჩვენ ვერ შევწირავთ ეკონომიკის სასარგებლოდაც და „საწარმოო ძალთა განვითარებას“, ვერ წამოვასკუპებთ ნაციონალურად და სახელმწიფოებრივად განმზადებულ საქართველოს, თუ გინდ ყველაფრის მზიდავ კისერზე.
როგორა ხდება რომ მმართველი პარტია „ინელებს“ ამ ორ ანტიპოდურ იდეას? როგორ ახერხებენ ჩვენი დროის ჯადოქრები ცეცხლისა და წყლის შეთავსებას?
სოციალ-დემოკრატებს ორი საზომი აქვთ მოვლენათა ასახსნელად: ასე სჩადის ყალბი მოვაჭრეც საქონლის გაცემაში - მისი არშინიც ორნაირად ჰზომავს.
როდესაც ჩვენი მენშევიკები საქართველოს დამოუკიდებლობის წარმოშობას უხსნიან თავისიანებს - ვინც უნდა იყვნენ ეს უკანასკნელნი, შინაურები თუ გარეულები - ისინი ყველა შემთხვევაში ერთსა და იმავეს დაიტირებენ: მოხდა უბედური შემთხვევა, მოულოდნელად წაიქცა ჩვენი მფარველი ბუმბერაზი რუსეთი და მისი დემოკრატია და ჩვენც იძულებული გავხდით გამოვყოფოდით ამ დემოკრატიის მთლიან ფრონტს. ისინი ამითაც არ კმაყოფილდებიან და პროგნოსტიულად გამოთქვამენ, რომ მდგომარეობის გამოსწორებაზე (ესე იგი კვლავ რუსეთთან გაერთიანებაზე) იმედს არა ჰკარგავენ.
ევროპიდან ჩამოსულ სოციალისტურ დელეგაციასაც ასე „განუმარტეს“ საქართველოს მმართველებმა თავისი სამშობლოს პოლიტიკური განთავისუფლება!
ჩვენ ვიცოდით, რომ ქართველ სოციალ-დემოკრატებს ბევრად არ ეჭაშნიკებოდათ საქართველოს განთავისუფლება. მთელი ოცდაათი წელიწადი ეს ადამიანები სამშობლოს სიძულვილს უნერგავდნენ თავის მიმდევრებს და სთქვეფდნენ მას რუსის დემოკრატიის „ვინეგრეტ“-ში! კიდევაც გასაკვირია, როგორ დასტოვეს მენშევიკებმა ასე სწრაფად ათეულ წლობით დალურსმული „პრინციპები“!?
მაგრამ იმას, რასაც სოციალ-დემოკრატები გულწრფელად უამბობენ ქართველ გლეხებს და მუშებს, ან უცხო ქვეყნის სოციალისტებს, თავისთავად ცხადია ვერ გაუბედავენ იმ პირებს, ვიზედაც ბევრნაირად დამოკიდებულია საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის გადაწყვეტა. მაშინ ხომ სულ უიმედონი იქნებოდნენ რესპუბლიკის დღევანდელი მესვეურნი!
ევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლების წინაშე ქართველი სოციალ-დემოკრატები თავის გულისთქმას მოხერხებულად ჰმალავენ. მათ უმტკიცებენ, რომ რუსეთმა ღალატურად გამოსტაცა ქართველ ერს სუვერენიტეტი და ვერაგულად გააუქმა საერთაშორისო სავალდებულო ნორმა, ხელშეკრულებათა დასაცავად რომ მიუღია კულტურულ კაცობრიობას. ევროპელთ სწორედ ატყობინებენ მენშევიკები, რომ ქართველობა სახელმწიფოებრივად სცხოვრობს უხსოვარ დროიდან და წარმოადგენს სრულიად განთვისებულ ეთნიურ კატეგორიას.
ევროპიელთავე საყურადღებოდ ჩვენი სოციალ-დემოკრატები აცხადებენ, რომ ეროვნულ განთავისუფლებას ქართველი ხალხი ყოველთვის ეტრფოდა და დღეს უდიდეს ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობის დასაცავად ეს ერი უკიდურეს საშუალებებს არ დაერიდება...
ასე ღაღადებენ მენშევიკების აგენტები რეალურ ევროპის წინაშე. ამავე აზრებს უფრო დარწმუნებით და მკაფიოდ იმეორებს სოციალ-დემოკრატების ოფიციალური წარმომადგენელი „იმპერიალისტურ“ ევროპასთან - საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, როგორც გადმოგვცემს პარიზის გაზეთი „ტან“-ი.
ბოლოს და ბოლოს ვის უფრო დაუჯერებენ ევროპაში. ოფიციალურ განცხადებების ავტორებს, თუ დევდარიან-განებს?...