პრინცესა დაიანა თბილისში უნდა ჩამოსულიყო

პრინცესა დაიანა თბილისში უნდა ჩამოსულიყო

პრინცესა დაიანა საქართველოში გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში ჩამოვიდოდა.

ამის თაობაზე პროტოკოლური შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო. ბრიტანეთის მომავალი მეფის დედის ჩამოსვლის მიზანს წინასწარ არ ამჟღავნებდნენ.

„ვიცი, რომ დაიანა ნამდვილად ემზადებოდა საქართველოში ჩამოსასვლელად. მისი გარდაცვალების ამბავმა შემძრა.“ - განაცხადა გუშინ დილით პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

დაიანას ჩამოსვლა ბრიტანეთის უმაღლესი პოლიტიკური და სამეფო ეშელონის პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნებოდა საქართველოში. დასავლური პრესა პრინცესას საუკეთესო ბრიტანელ დესპანად მიიჩნევდა. მან შესანიშნავად გაართვა თავი ჰუმანურ აქციებს ანგოლაში, ზიმბაბვესა და მესამე სამყაროს სხვა მრავალ ქვეყანაში.

წინასწარი მონაცემებით, მისი თბილისში ჩამოსვლა, შესაძლოა, სამ მიზანს ისახავდა. არ არის გამორიცხული, იგი დაინტერესებულიყო აფხაზეთის დანაღმული ველებით. პრინცესა აქტიურ კამპანიას აწარმოებდა ნაღმების წინააღმდეგ.

თავისი საქველმოქმედო მოღვაწეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, უელსის პრინცესა დაიანას საქართველოში ბრიტანული ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოეტანა. სამწუხაროდ, ბრიტანეთის საელჩოსთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, ამომწურავი ინფორმაცია პრინცესას შესაძლო ვიზიტზე უცნობია.

არსებობს მოსაზრება, რომ თავის ვიზიტს საქართველოში დაიანა საერთაშორისო გაშვილებას მიუძღვნიდა. იგი, როგორც უპატრონო და ავადმყოფი ბავშვების უპირველესი ქომაგი, ყოველთვის სერიოზულად მუშაობდა გაშვილების პრობლემაზე.

საყურადღებოა, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის გამოხმაურებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო პრესის როლს.

„დემოკრატია იმას არ ნიშნავს, რომ შეგიძლია ადამიანს სულში ჩაუძვრე, დაარღვიო მისი უფლებები, მის მიმართ სისასტიკე და სადიზმი გამოავლინო. საქართველოშიც ჯერ არ გადაგვილახავს სენსაციებზე გამოდევნების სინდრომი. საზოგადოება ხშირად ადევნებს თვალს, თუ როგორ იღუპება უდანაშაულო ადამიანი, არა დანით, ან ტყვიით, არამედ სიტყვით,“ - განაცხადა შევარდნაძემ.

როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ხელსაყრელი შემთხვევა არ გამოტოვა, კიდევ ერთხელ კბილი გაეკრა პრესისათვის. ჯერჯერობით, საქართველოში პრესას არავინ მოუკლავს.

თავად პრინცესა დაიანას სიკვდილში კი, უკანასკნელი მონაცემებით, ბრალი მანქანის მძღოლს მიუძღვის. ბრიტანული ტელეკომპანია „სქაი ნიუზის“ ცნობით, ფრანგმა მედიკოსებმა მძღოლის სისხლში გადამეტებული დოზით ალკოჰოლი აღმოაჩინეს.