„აი ია“-ს შექმნა ემსახურება ერთ მიზანს – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა იტვირთოს ის როლი, რაც მას ეკისრებოდა, როცა ამის საჭიროება დგებოდა“

„აი ია“-ს შექმნა ემსახურება ერთ მიზანს – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა იტვირთოს ის როლი, რაც მას ეკისრებოდა, როცა ამის საჭიროება დგებოდა“

პოლიტიკურ ველზე ახალი ორგანიზაცია, „აი ია“ გამოდის. ორგანიზაცია 9 აპრილის აქციის შემდეგ შეიქნმა და იდეის ავტორი გია გაჩეჩილაძეა. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი კი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვატო შაქარაშვილია. როგორც შაქარაშვილი ამბობს, ამ ორგანიზაციას ხელისუფლებასთან შეხება არ ექნება, ანუ არ იქნება ხელისუფლების იდეების გამტარებელი და ეცდებიან საზოგადოების ის პოლიტიკური დაკვეთა შეასრულონ, რაც ხელისუფლებამ ვერ შეასრულა. მისი თქმით, ორგანიზაცია ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ოპოზიციის ფონზე, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ვატო შაქარაშვილი: უკიდურესად დესტრუქციული ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული და მტრული მოქმედებების ფონზე, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ხელისუფლების უმოქმედობისა და უსუსურეობის ფონზე, საზოგადოებრივი მოძრობის დაფუძნება გახდა საჭირო. მოძრაობა ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის, მშვიდობისა და სტაბილურობის უზუნველყოფისთვის ბევრს გააკეთებს, ისე, როგორც სხვადასხვა დროს ხდებოდა ხოლმე, როცა ჩვენს ქვეყანას უჭირდა და სჭირდებოდა. მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ვხედავთ კანონის უზენაესობით, კანონის აღსრულებით, საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად ხელისუფლების მოქმედებით ისე, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხისმგებლიანი ხელისუფლება იქცევა იმ მიზნების უზრუნველსაყოფად, რისთვისაც მანდატი მიენიჭა. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა მიზეზით მიენიჭა მანდატი. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ამ ქვეყანაში რევანშისტული ძალების წინააღმდეგ ეფექტიანობა უნდა უზრუნველეყო. ასევე, ჩვენი ქვეყნის ცივილური არჩევანის აღსრულება, საზოგადოებრივი წესრიგი და კანონის უზენაესობა უნდა უზრუნველეყო. საზოგადოებას მის მიმართ ეს მარტივი და აუცილებელი მოთხოვნები ჰქონდა. მას შემდეგ 6 თვე გავიდა. როგორც აღმოჩნდა, მათი ეფექტიანობა არ გაზრდილა, არ გამოუსწორებიათ მმართველობაში ის ხარვეზები, რაც ახასიათებდათ, რამაც ამ შედეგებამდე მოგვიყვანა.

9 აპრილის შეკრებაც და შემდეგ ორგანიზებული ძალის შექმნაც ემსახურება მხოდოდ ერთ მიზანს – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა იტვირთოს ის როლი, რაც მას ეკისრებოდა ხოლმე, როცა ამის საჭიროება დგებოდა. გახსოვთ, სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მმართველობის პერიოდი, როცა სამოქალაქო საზოგადოების როლი უდიდესი იყო. შეზღუდული იყო თავისუფალი სიტყვა, კრიტიკული მედიასაშუალებები იხურებოდა. შესაბამისად, ერთადერთი ეფექტიანი როლი მაშინ სწორედ სამოქალაქო საზოგადოებამ იტვირთა. შედეგი, რაც 2012 წლის ოქტომბერში დადგა, სწორედ სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი დამსახურებაა.

ორგანიზაცის, რომელიც პოლიტიკურ ბატალიებში აპირებს ჩართვას „აი ია“ რატომ დაარქვით?

- სახელწოდების იდეა გიასი იყო. თქვენ იცით, რომ ჩვენი მედიაპლატფორმა „აი უცნობი“, რომელიც „ქართული არხის“ ეთერში მაუწყებლობს, აწყობილია ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უძვირფასეს შედევრზე – „დედა ენაზე“. „აი ია“ და „აი საქართველო“ – ეს იყო ამ შეკრების ერთ-ერთი მთავარი სათქმელიც და სლოგანიც. ეს ყველაფერი გასდევს ამ მოძრაობას, იმ პრინციპებსა და იდეებს ეფუძნება, რაც ქართულია, რაც დღეს სჭირდება ქართულ საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის გადარჩენას, ჩვენი საზოგადოების ერთიანობის უზრუნველყოფას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანა დგას რეალური საფრთხის წინაშე – მოხდეს დესტაბილიზაცია, რევანშისტული სცენარების განხორციელება. ვის აწყობს ამ სცენარების განხორციელება, ეს არავისთვისაა უცხო. ესაა ქვეყანა ჩრდილოეთით, რომლის სპეცსამსახურებასაც ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკური ჯგუფი ემსახურება. ჩვენ გვინდა, რომ, მედიის დახმარებით, ჩვენი პალტფორმის „აი უცნობის“ მეშვეობით, მაღალი საჯაროობით, ღია პლატფორმის მეშვეობით შევქმნათ ახალი სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ერთიანობის უზრუნველყოფისთვის ძალიან მსუყე და მნიშვნელოვან როლს იტვირთებს. დღეს ეს უმთავრესი ამოცანაა ასეთი გეოპოლიტიკური ვითარების, დესტრუქციული ოპოზციისა და უსუსური ხელისუფლების პირობებში.

ასეთი სამკუთხედი იკვრება: რთული გეოპოლიტკური ვითარება, დესტრუქციული ოპოზიცია და უსუსური ხლეისუფლება. რას აკეთებს ამ დროს საზოგადოება? საზოგადოება ირაზმება, იჩენს მაღალ ღირსებას, ქმნის ისეთ ორგანიზებულ ძალას, რომელსაც ამ სიტუაციის განმუხტვაში მნიშვნელოვანი როლი ექნება.

თქვენ, გარკვეული საფრთხეები დაასახელეთ, რომლისგანაც თვლით, რომ ქვეყანა გადასარჩენია, ესაა გლობალური, რეგიონალური საფრთხეები, „ნაციონალური მოძრაობა“. თანაც ამბობთ, რომ ამ ხელისუფლებამ არ გაამართლა საზოგადოების მოლოდინები, რა არის ხელისუფლების ის ქმედითი თუ უმოქმედო ნაბიჯები, რისგანაც სჭირდება ქვეყანას გადარჩენა?

- მოცემულობა, რაშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, ამაში ხელისუფლების დიდი წვლილია, ეს არის მისი არაეფექტური მართვა წლების განმავლობაში. შესაბამისად, ის საფრთხეები, რის წინაშეც დავდექით, არის სწორედ ხელისუფლების უსუსურობიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, დღეს ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში საზოგადოებრივ წესრიგს, ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, ვერ პასუხობს იმ დაკვეთას და მოთხოვნებს, რაც მოდის საზოგადოებისგან. ის ვერ ასრულებს იმ მანდატს, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საკუთარმა ამომრჩეველმა მიანიჭა.

ძმებ გაჩეჩილაძეებს არასდროს უჭირდათ ხელისუფლებებთან საერთო ენის გამონახვა. სააკაშვილის დროს გარკვეული ურთიერთობები ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან, ამ ხელისუფლებისგანაც აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა და ურთიერთობები, ეს მედია საშუალებებისგან გახდა ცნობილი და აღარ დავკონკრეტდები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფიქრობთ, რომ ეს ორგანიზაცია და კონკრეტულად გაჩეჩილაძე, ხელისუფლებისგან დისტანცირებული იქნება? ყველაზე მარტივი კითხვა - საიდან დაფინანსდება ორგანიზაცია?

- მე ვიყავი პირადად „ქართულ ოცნებაში“ და მქონდა საკმაოდ მაღალი პოლიტიკური თანამდებობა. შესაბამისად, სხვადასხვა დროს, პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება მგონია, რომ არ უნდა აჩენდეს კითხვებს.

თქვენც, რომ სამ პოლიტიკურ პარტიას გამოიცვლით, საიდანაც ხელცარიელი არსდროს დარჩებით, თქვენც დაგისვამთ იგივე კითხვას...

- მე 2012 წლამდეც ვიყავი საჯარო პოლიტიკაში ჩართული, ვიყავი რიგითი აქტივისტი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ქართული ოცნება“ რომ აცდა იმ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომლისთვისაც იქ ვიყავი, დავტოვე საკმაოდ მაღალი პოლიტიკური თანამდებობა, დღეს ვარ პოლიტიკურ ოპოზიციაში და ვაგრძელებ ჩემს საჯარო აქტივობებს იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც თავიდანვე დავისახე. შესაბამისად, აქ კონკრეტულ პირებზე არ იდგება ეს მოძრაობა. გია გაჩეჩილაძეს აქვს ძალიან დიდი როლი, იმიტომ, რომ მან ყველაზე სწორ დროს, ძალიან ადეკვატურად უპასუხა საზოგადოებიდან წამოსულ მოთხოვნას, პირველ რიგში ვგულისხმობ 9 აპრილის შეკრებას და შემდგომში საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას, რომელიც არის აუცილებელი ინსტრუმენტი დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში, რათა საზოგადოებამ დაიჭიროს რეალური ზემოქმედების ბერკეტები. ხელისუფლებაზე იქნება ეს, დესტრუქციულ ოპოზიციაზე, თუ ნებისმიერ პოლიტიკურ აქტორზე. საზოგადოებას სჭირდება ორგანიზებული ძალა, რომელსაც ექნება საჯარო პოლიტიკაში რეალური გავლენები, რეალური შესაძლებლობა საზოგადოებრივი მიზნებიდან გამომდინარე, ის რაზეც ხალხი ღიად, საჯაროდ გამჭვირვალე პროცესის შედეგად შეთანხმდება, მხოლოდ ამის დეკლარირება და წარმოდგენა მოხდება პოლიტიკური აქტორების წინაშე.

არ მგონია უკვე ორგანიზაციას კონკრეტული ხედვები ჰქონდეს ჩამოყალიბებული, მაგრამ თქვენ პირადად, ნამახვანჰესთან დაკავშირებით რა პოზიცია გაქვ?

- ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით. მხარს ვუჭერ იმ ძალიან სამართლიან და ღირსეულ პროტესტს, რაც მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს ხელისუფლებისგან პატივისცემას და არა იმგვარ დამოკიდებულებას, როგორც იქცევა ის დღეს საპოლიციო ძალების ჩარევით. ეს პროცესი უნდა გადაიზარდოს ცივილიზებულ ფორმატში. კითხვებზე, რომელიც ხალხში არსებობს, უნდა მოხდეს პასუხების გაცემა და ეს პასუხები უნდა იყოს გასაგები და დამაკმაყოფილებელი ქართული საზოგადოებისთვის. ამ მასშტაბის გადაწყვეტილებებით, საზოგადოების ზურგის შექცევით და მისი ნების საწინააღმდეგოდ, არ მიმაჩნია სწორად. სამწუხაროდ, საზოგადოების აზრის არგათვალისწინება და უგულებელყოფა „ქართული ოცნების“ ერთგვარი მახასიათებელი ნიშანი გახდა, რის შედეგებსაც სამწუხაროდ დღეს ვიმკით.

შესაძლოა, ამ პროტესტმა თბილისში გადმოინაცვლოს, დასვამთ ამ საკითხს ორგანიზაციის შიგნით, ანუ, თქვენი ორგანიზაცია თუ შეუერთდება ამ პროტესტს?

- ვერ გეტყვით. მე არ ვარ ჩართული აქტიურად ამ პროცესის ორგანიზებაში. მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ ამ პროცესებში დამკვირვებელი, გულშემატკივარი, იქიდან გამომდინარე, რომ მეც მაქვს ძალიან საფუძვლიანი კითხვები, რომელზეც ხელისუფლებისგან შესაბამის დამოკიდებულებას და პასუხებს მოველი. საპოლიციო ძალების მეშვეობით, საკითხის გადაჭრა არ არის ის მეთოდი, რომელსაც ქართული საზოგადოება იმსახურებს.

მაშინ მითხარით, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა რაც გაქვთ ამ პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან?

- ეს არის ფასთან დაკავშირებით, იგივე მიწებთან დაკავშირებით, გარემოს ზემოქმედებასთან დაკავშირებით. შეუძლებელია, ქვეყანა იხდიდეს ძალიან დიდ ფასს, მაგრამ ვერ ღებულობდეს ბენეფისს გამომდინარე იქიდან, რომ ვერ ყიდულობდეს გამომუშავებულ ელექტროენერგიას მინიმუმ იმაზე იაფად, ვიდრე მას ეს შეუძლია გააკეთოს იმპორტის მეშვეობით. გარდა ამისა, უშუალოდ კონტრაქტთან მიმართებაში არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, რაზეც თუ საშუალება მოგვეცა, აუცილებლად დავსვამთ და დაველოდებით ადეკვატურ პასუხებს და არა ისეთ რეაქციებს როგორსაც დღეს ხელისუფლება ამ პროტესტის წინააღმდეგ იჩენს.

დაბოლოს, ყველაზე სუსტ რგოლს სად ხედავთ ხელისუფლებაში?

- ეს არის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც სამწუხაროდ, იმასაც კი ვერ უზრუნველყოფს, რომ დაიცვას საკუთარი პოლიციელი, დაიცვას საკუთარი თანამშრომელი, ის ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას და მათზე დესტრუქციული პარტიების და დესტრუქციული მედია-საშუალებების მხრიდან მიმდინარეობს პირდაპირი შეტევა. ყველაზე ნათელი გამოხატულებაა ის შეტევა, რომელიც პოლიციაზე მიმდინარეობს და სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მათ სათანადო დაცვას და კანონის უზენაესობის აღსრულებას. ჩვენ, ერთი უკიდურესობიდან, როდესაც პოლიცია ძალადობდა, გადავედით მეორე უკიდურესობაში, როდესაც პოლიციაზე ძალადობენ და სამწუხაროდ, პოლიტიკური ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ამ ადამიანების და ამ ინსტიტუტის სათანადოდ დაცვას. ეს შეტევა ემსახურება დასუსტებას, დისკრედიტაციას, რათა მომზადდეს შემდგომში ნიადაგი სააკაშვილის რევანშისტული სცენარების განსახორციელებლად.

 

 

 

trampi მგონი ................ ეს კაი კაცია............
ღმერთმაც ქნას.....
3 კვირის უკან